ბააკა ხერხეულიძე
ბააკა (კახაბერ) ხერხეულიძე — თავადი, ქართლის სამეფოს ფარეშთუხუცესი, გიორგი სააკაძის მომხრეთა დასის წევრი.
1612 წელს წავკისში სააკაძეს აცნობა მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ამბავი, რითაც იგი სიკვდილს გადაარჩინა. შეთქმულებმა ცხვირი მოჰკვეთეს. შესაძლოა დაიღუპა მარაბდის ბრძოლაში თავის სახლიკაცებთან ერთად (1625).
სააკაძესა და მის მომხრეებს ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდათ დიდ თავადთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის სახით, რომელსაც ფარსადან ციციშვილი და შადიმან ბარათაშვილი ხელმძღვანელობდნენ[1]. სააკაძის მოწინააღმდეგებმა შეძლეს მეფის მიმხრობა და სააკაძის საწინააღმდეგო შეთქმულების მოწყობა. ლუარსაბ მეფე შეუშინდა თავადებს და სააკაძე დასაღუპავად გაიმეტა. მათ შეადგინეს სამოქმედო გეგმა — გადაწყვიტეს, სააკაძე წავკისში მოეწვიათ მეფესთან სანადიროდ, ღამე თავს დასხმოდნენ და მოეკლათ.
ივანე ჯავახიშვილის მიხედვით, სააკაძის მომხრე ფეოდალებს შორის, ბააკა ხერხეულიძის გარდა, ასევე იყვნენ: ნუგზარ არაგვის ერისთავი, თეიმურაზ მუხრანბატონი, იესე ქსნის ერისთავი, ზაზა ციციშვილი და სხვ[1].
წავკისში სააკაძე მხოლოდ ერთი მხლებლის ამარა მივიდა. დიდ მოურავს წარმოდგენაც კი არ შეეძლო, რომ მისი დამსახურების კაცს სასიკვდილოდ გაიმეტებდნენ, მით უმეტეს, მეფისაგან არ მოელის ღალატს. ის სრულიად დამშვიდებული მივიდა სიძესთან, ღვინო დალია, თავის კარავში შევიდა, რათა დაესვენა და დილით ენადირა.
1612 წლის 20 მაისს, სააკაძე შეთქმულებმა მეფის საზაფხულო სადგომში, წავკისში დაიბარეს ნადირობის საბაბით. იგი აქ უნდა მოეკლათ. მეფე გაეცალა სისხლიან ასპარეზს და სამოქმედო ასპარეზი ბნელი ძალების ხელში დატოვა. თუმცა ბააკა ხერხეულიძემ მოახერხა ამ საშინელი საქმის აღსრულებამდე სააკაძის გაფრთხილება:
„დაასკუნეს რა საქმე ესე, არა დაფარა ღმერთმან საქმე ესე, არამედ იხსნა მეფე ლუარსაბ უბრალო კაცის სიკვდილისაგან და სისხლთაგან. და მივიდა მოურავთანა ფარეშთუხუცესი ხერხეულიძე ბააკა და გაამჟღავნა მეფე.[2]“
|
ბააკა ხერხეულიძემ ამ საქციელით სასწორზე შეაგდო თავისი სიცოცხლე. ამისთვის, ბერი ეგნატიშვილის მიხედვით, ბააკას ცხვირ-პირი დააჭრეს:
„ხოლო სცნა რა ესე მეფემან ფარეშთუხუცესისგან, რომელ არაოდეს უყოფიეს კაცსა გონიერსა განთქმა საიდუმლო მეფისა თვისისა, შეიპყრა ფარეშთუხუცესი და დააჭრეს ცხვირ-პირი.[2]“
|
ცხადია, თავის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ არავინ ჩააგდებდა ქვეყნისა და მეფის მოღალატის გამო, არავინ დაისჯიდა ასე თავს, მაგრამ მან დანამდვილებით იცოდა, რომ სააკაძე არა ქვეყნის მოღალატე, არამედ ქვეყნისა და მეფის მხსნელი იყო. ბააკა ხერხეულიძემ მოურავის ფასი იცოდა და სწორედ იმ რწმენით გაწირა თავი, რომ ქვეყნის სამაგალითო მამულიშვილს იხსნიდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯამბურია გ., გიორგი სააკაძე, თბ., 1964;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987.
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი IV, 1974წ.
- ბერი ეგნატაშვილი, ქართლის ცხოვრება. ქართული მწერლობა, ტ. 6, თბილისი, 1989 წ.