აჰმედ-ფაშა (ხიმშიაშვილი)
აჰმედ-ფაშა, ხიმშიაშვილი (დ. დაახლოებით 1781 ― გ. ოქტომბერი, 1836) — ახალციხის ფაშა 1828-1829, ყარს-ჩილდირის ფაშა 1829-1836, სელიმ-ფაშას ძე, აჭარის სანჯაყ-ბეგთა შთამომავალი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1815 წელს ოსმალების მიერ სელიმ-ფაშას დასჯის შემდეგ, აჰმედ-ფაშა და მისი ძმა აბდუღა (აბდი-ბეგი) გურიაში მამია V გურიელს შეეხიზნენ. აჭარიდან ოსმალთა დამსჯელი ექსპედიციის წასვლის შემდეგ აჰმედ-ფაშა სოფ. ნიგაზეულში (ახლანდელი შუახევის რაიონი) დაბრუნდა და კვლავ დაეუფლა აჭარას, ნიგაზეულიდან ხულოში გადავიდა და ძველი ქართული ეკლესიის ნანგრევებზე სასახლე ააგო. 1828-1829 რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ოსმალთა მხარეზე იბრძოდა. ომის დროს მიანიჭეს ფაშობის ხარისხი ორი თუღით.
ივლისში აჰმედ-ფაშას მეთაურობით 4 ათასი კაცი გურიის სამთავროში შეიჭრა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ გურიის მმართველმა სოფიომ ოსმალეთის მფარველობა მიიღო და ოსმალეთს უჭერდა მხარს. აჰმედ-ფაშა იძულებული გახდა ახალციხის საფაშოში დაბრუნებულიყო და იქ უწევდა რუსეთს მედგარ წინააღმდეგობას, მაგრამ რუსეთმა 15 აგვისტოს ახალციხე აიღო. აჰმედ-ფაშა იძულებული გახდა გასცლოდა ახალციხეს და აჭარაში გადასულიყო. 1828 წელს ოსმალეთის მთავრობამ აჰმედ-ფაშას ახალციხის ვილაიეთის ბეგლარბეგობა უბოძა და სამცხე-ჯავახეთის ხელახლა დაპყრობა დაავალა.
1829 წლის თებერვალში ხიმშიაშვილმა მოიკრიბა ძალები და ახალციხეს შეუტია, მაგრამ მას სათანადო დახმარება ვერ აღმოუჩინა აბდი-ბეგმა, ხოლო ქალაქის ციტადელში გამაგრებული გენერალ ვ. ბებუთოვის გარნიზონი არ დანებდა. რუსთა მაშველი რაზმის მისვლის შემდეგ აჰმედ-ფაშა იძულებული გახდა აჭარაში დაბრუნებულიყო. რუსეთის მთავრობის ცდა - თავის მხარეზე გადმოეყვანა აჰმედ-ფაშა - უშედეგოდ დამთავრდა. ხიმშიაშვილი თანახმა იყო ფაშისა და გენერლის ტიტულისა და აჭარის მმართველობის შენარჩუნების სანაცვლოდ მიეღო რუსეთის ქვეშევრდომობა, მაგრამ მოლაპარაკებები მაინც არ შედგა, რადგან რუსეთის ჯარების სარდლად ბებუთოვის ნაცვლად დაინიშნა ბარონი ოსტენ-საკენი, რომელსაც ხიმშიაშვილი არ ენდობოდა.
ადრიანოპოლის ზავის (1829) შემდეგ ოსმალეთის ხელისუფლებამ აჰმედ-ფაშა ახლად შექმნილი ყარს-ჩილდირის საფაშოს ბეგლარ-ბეგად დანიშნა. მას მიანიჭეს დერიქის (გენერალ-ლეიტენანტის) წოდება და ორდენებით დააჯილდოვეს. 1836 წელს მას არზრუმის საფაშოც დაუმორჩილეს. აჰმედ-ფაშა ითვლებოდა აღმოსავლეთის ვილაიეთების ფრონტის სარდლად, არზრუმის სერასკერად. დაიღუპა ურჯემში (ანატოლია) ქურთების აჯანყების ჩახშობის დროს. დ. ბაქრაძის მიხედვით გარდაიცვალა 55 წლისა[1].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ახვლედიანი ხ., სახალხო-განმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორიიდან სამხრეთ საქართველოში, ბათ., 1956;
- ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII საუკუნის შუაწლებიდან XIX საუკუნის შუაწლებამდე), თბ., 1975;
- ლომსაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 114.