ახალსოფლის თავწმინდა გიორგის ეკლესია
ახალსოფლის თავწმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ჩრდილოეთით 2 კილომეტრზე, მდინარეების ავანისხევისა და ქვაწერისწყლის შესართავთან, ტვიანი მთის კლდოვან კონცხზე, გალავნით (ძლიერ დაზიანებულია) შემოზღუდულ ეზოში, განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. ეკლესიის ეზო ადგილის ტოპოგრაფიის შესაბამისად სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებითაა წაგრძელებული და სამი მხრიდან შემოსაზღვრულია ციცაბო ფერდობებით. ერთადერთი საცალფეხო გზა ძეგლს სამხრეთიდან ადგება, როგორც ჩანს, შესასვლელი ამ გალავანს ამ მხრიდან ჰქონდა მოწყობილი. ეკლესიის ჩრდილოეთით, 5 მეტრის მანძილზე დგას სწორკუთხა კოშკი. ეკლესია დარბაზულია (11.8 x 6.9 მ). სამხრეთის მხრიდან მას მთელ სიგრძეზე, გვიანდელი მინაშენი (სიგრძე 3.5 მ) ეკვრის, მეორე მინაშენი ეკლესიას ჩრდილოეთიდანაც ჰქონია, იგი ამჟამად თითქმის მთლიანად დანგრეულია და გასუფთავების გარეშე გეგმის კონტურით დადგენა არ ხერხდება. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. აქვს სამი შესასვლელი: სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით (ამჟამად დასავლეთისა და ჩრდილოეთის ამოქოლილია). თითოეული მათგანი მთლიანი ქვით თარბაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით ნახევრწრიული აფსიდია, რაშიც ვიწრო, შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა, ორი კი სამხრეთისაში, მოგვიანებით (მინაშენის მშენებლობისას) სამხრეთ სარკმელები დაიფარა, რის გამოც ახალი სარკმელები, მეორე იარუსად მოათავსეს განახლებულ კამარაში. ამჟამად ორივე ეს სარკმელი შიფერის სახურავითაა დაფარული. აფსიდი დარბაზის იატაკის მიმართ (დაახლოებით 0.3 მეტრით) შემაღლებულია და მთელ სიგრძეზე საფეხური გასდევდა (შემორჩენილია სამხრეთ ნაწილი). აფსიდში ორი მაღალი თაღოვანი ნიშაა, მათ შორის სამხრეთ ნიშის ზემოთ დამატებით ერთი მცირე ნიშა სამალავია მოწყობილი. სარკმლის ქვემოთ, კედელზე ტრაპეზიაა მიდგმული. საკურთხევლის სივრცე დარბაზისგან გამიჯნულია გვიანდელი კანკელით, რომლის შუაში მოწყობილია აღმოსავლეთის კარი. ეკლესიის გრძივ კედლებზე ორ-ორი მარტივი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობოდა კამარის საბჯენი თაღები. მოგვიანებით აღდგენილია კამარა. საბჯენი თაღების გარეშეა და უშუალოდ ეყრდნობა გრძივ კედლებს. ეკლესიის დარბაზს, მთელ პერიმეტრზე გასდევდა საფეხური. ეკლესიის ინტერიერი კამარის აღდგენის დროს შეულესავთ და მოუხატავთ. მოხატულობა ფრაგმენტულადაა შემორჩენილი საკურთხეველში, დარბაზის ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებზე. აფსიდის კონქში შემორჩენილ მხატვრობის ფრაგმენტებში შეიმჩნევა ტახტზე მჯდომი ფიგურა (ღვთისმშობელი ერმით?) და ორი მთავარანგელოზი. ქვემოთ ჩრდილოეთით ეკლესიის მამათა რიგის ფრაგმენტია. დარბაზში ჩრდილოეთ კედლის სამ რეგისტრად დაყოფილი მოხატულობიდან, შედარებით უკეთ არის შემონახული პირველი რეგისტრის (კამარაში) კომპოზიციები. აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით გამოსახულია: „ხარება“, „ლაზარეს აღდგინება“ და „ნათლისღება“. მეორე რეგისტრში, კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში, ჩანს ქრისტესა და ახალგაზრდა მამაკაცის თავები. ქვემოთ - კედლის შუა ნაწილში - ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგის ფრაგმენტი. დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ მონაკვეთში, ქვემოთ, მოცემულია „ჯვარცმა“, აქვე გაირჩევა ასომთავრული წარწერის ნაშთებიც, მოხატულობის კოლორიტი აგებულია თბილი, მოწითალო-ყავისფერი, თეთრი-ნაცრისფერი ფერების შეხამებაზე. ფერადოვანი ზედაპირის დამუშავება და გამოსახულებათა ნახატი გამარტივებული ხასიათისაა. მხატვრობა წარმოადგენს ე.წ. „ხალხური“ ნაკადის ნიმუშს და გვიანდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება. ეკლესიის სამხრეთ მინაშენი აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, სამხრეთით კი ორ სწორკუთხა ბურჯზე დაყრდნობილი სამმალიანი თაღედითაა გახსნილი. მინაშენის აღმოსავლეთ კედელში თაღოვანი სარკმლის ქვემოთ, ორფერდა სახურავით გადახურული ნაგებობის ნაშთია, რომლის სილუეტი აღმოსავლეთ ფასადზე მთლიანად იკითხება. მინაშენი გადახურული იყო ერთიანი დამრეცი კამრით, რომლის ქუსლის ნაწილები ეკლესიის სამხრეთ კედელზეა შემორჩენილი. ეკლესიის სამხრეთ ფასადის დასავლეთ კიდესთან შემორჩენილია არაწესიერი ფორმის ქვა, რომელზედაც ეკლესიის თანადროული ასომთავრულით შესრულებული, დაქარგმებული, ოთხსტრიქონიანი წარწერაა: „უფალო შეიწყალენ სულითა გიორგი დღესა მას განკითხვისა“. ფასადები არაა მოკლებულია მორთულობას, ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადზე შემორჩენილია მოგვიანებით ნაწყობი, თაროსებრი ლავგარდის რამდენიმე ქვა. კოშკი ეკლესიის თანდროულია, ნაგებია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვით. დაზიანებულია: შემორჩენილია სამი სართული, ჩანგრეულია სართულშუა გადახურვა, რომელიც კედლებში არსებული ბუდეების მიხედვით, ხის ძელებზე იყო გამართული. შესასვლელი მეორე სართულზეა, აღმოსავლეთ კედელშია გაჭრილი, პირველი სართულის კედლები ყრუა, მეორე სართულის დასავლეთ კედელში მაღალი, თაღოვანი ნიშაა, რომელშიც საისრე ხვრელობია მოწყობილი. მესამე სართულის თითეულ კედელში ორი საისრეა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დევდარიანი ფ., დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 355-358.