ახალი ხატიეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ მატნის დასავლეთით 1,5-2 კილომეტრზე, ფერდობზე. განეკუთვნება XVI-XVII საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (5,2 X 3,1 მ), ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით - ტლანქად. გარედან ნაკრები ბათქაშითაა დაფარული. მოგვიანებით ეკლესია შეუთეთრებიათ. მნიშვნელოვნად გაუგანიერებიათ შესასვლელი, ხოლო კამარის გასამაგრებლად გრძივი კედლების აღმოსავლეთ კიდეში აუგიათ თითო სწორკუთხა ბურჯი, რომლებზეც საბჯენი თაღია გადაყვანილი. შეკეთების დროს ნახმარია აგური. ძეგლი ძლიერ არის დაზიანებული. ჩამოშლილია კრამიტის საბურავი და ფასადებზე წყობის უმეტესი ნაწილი. დაბზარულია საკურთხევლის კედლები და კამარა. ჩამოშლის პირასაა კამარის გასამაგრებელი საბჯენი თაღი. ეკლესიაში შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. კარი ფიცრითაა გადახურული - თარაზულად. საკურთხეველი გეგმით სამწახნაგაა. მსგავსი ფორმისაა საკურთხევლის თაღიც. საკურთხევლის ღერძზე ვიწრო და მაღალი თაღოვანი სარკმელია, გვერდის წახნაგებში - თითო მცირე თაღოვანი ნიში. დარბაზი გადახურულია დადაბლებული პროპორციების კამარით. ეკლესია XVI-XVII საუკუნეებში მოუხატავთ. მხატვრობის ფრაგმენტები შემორჩენილია კონქში, დარბაზის გრძივ და დასავლეთ კედლებზე. კონქში ვედრების კომპოზიციის ფრაგმენტებია. ცენტრში გამოსახულია ქრისტე, რომელიც მარჯვენა ხელით აკურთხებს, ხოლო მკერდთან სახარება აქვს მიტანილი. კონქის ჩრდილოეთ ნაწილში, ყვითელი ყვავილების ფონზე, ღვთისმშობელი და ექვსფრთედია გამოსახული.

მოხატულების მეორე რეგისტრში, სარკმლის ჩრდილოეთით, ასომთავრული წარწერის მიხედვით, იოანე ოქროპირია გამოსახული. სარკმლის სამხრეთით ეკლესიის ორი მამის გამოსახულებათა ფრაგმენტებია. სარკმლის ქვემოთ, მოწითალო-ყავისფერი ხაზით შემოსაზღვრულ მონაკვეთებზე ქრისტე ევმანოელის წელზედა გამოსახულებაა. მას მკერდთან გადაჯვარედინებული ხელების მტევნები მხრებს ზემოთ აქვს გაშლილი. საკურთხეველში, სარკმელსა და ჩრდილოეთ ნიშს შორის, შავი საღებავით შესრულებული მხედრული წარწერა თითქმის მთლიანად ჩამორეცხილია. იკითხება მხოლოდ რამდენიმე ასო. სარკმლის წირთხლებზე მცენარეული ორნამენტია. დარბაზის გრძივი კედლების ქვედა ნაწილში, ყვითელ ფონზე, რომელიც მოწითალო-ყავისფერი წერტილებითაა დაფარული, ქტიტორთა გამოსახულებებია. ყველა ფიგურა ფრონტალურადაა წარმოდგენილი, მარჯვენა ხელი მკერდთან აქვთ მიტანილი, იდაყვში ოდნავ მოხრილი მარცხენა ხელი - ჩამოშვებული. სამხრეთ კედლის დასავლეთ და სამხრეთ მონაკვეთზე გამოსახულ ფიგურებს მარჯვენა ხელში ფიალა უჭირავთ. დასავლეთ კედელზე გამოსახულ ერთმანეთის გვერდით მდგომ სამ ფიგურას, რომელთა მხრები ერთმანეთს ეხება, ასომთავრული წარწერა ახლავს: “ძმანი ე. . .“. დასავლეთ კედლის ზედა რეგისტრში, ყვავილების ფონზე, შემორჩენილია ტახტზე მჯდომი დიდი ფიგურის (ქრისტე - მღვდელმთავარი) ტერფები და სხეულის ნაწილი. მხატვრობა ხალხურ ნაკადს მიეკუთვნება. მხატვრობის კოლორიტი ნათელია. გამოყენებულია ყვითელი, მოწითალო-ყავისფერი, მოცისფრო-ნაცრისფერი და თეთრი ფერები. ეკლესიის ფასადები სადაა, მოკლებულია ყოველგვარ მორთულობას. კედლები დასრულებული იყო თაროსებრი ლავგარდნით, რომელიც მხოლოდ გრძივ ფასადებს შემორჩა. ეკლესიის მახლობლად შემორჩენილია რიყისა და ნატეხი ქვით ნაშენი კვადრატული ნაგებობების ნანგრევები.

ლიტერატურა

რედაქტირება