აჭარა-გურიის იარაღის წარმოების ზონა

აჭარა-გურიის იარაღის წარმოების ზონა — ქართული იარაღის წარმოების ერთ-ერთი ზონა, რომელიც ლოკალური ცენტრების სახით განლაგებული იყო საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

ტერმინი „აჭარა-გურიის იარაღის წარმოების ზონა“ პირობითია და თანხვდება საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში არსებული ტრადიციული იარაღის წარმოების ძირითად ცენტრებს[1].

აჭარა-გურიის იარაღის წარმოების ზონა ისტორიულ-გეოგრაფიულად მოიცავს საქართველოს ცალკეულ რეგიონებს (ისტორიული შავშეთის ნაწილი-მაჭახელი, ასევე აჭარა, ქვემო და ზემო გურია, აღმოსავლეთ ჭანეთი). დღეის მდგომარეობით ყველა ეს ნაწილი გაერთიანებულია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და გურიის რეგიონში. ხოლო მისი სამხრეთი ნაწილები მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში.

უძველესი პერიოდიდანვე რეგიონი მსხვილ მეტალურგიული კერას წარმოადგენდა. 1960-1980 წლებში ცატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიმდებარე ტერიტორიებზე გამოვლინდა ორი ძირითადი მსხვილი კერა, როგორებიცაა ჭოროხისა (დათარიღებულია ძვ. წ. II ათასწლეულის დამდეგსა და VIII-VII ს.) და ჩოლოქ-ოჩხამურისა (ძვ. წ. XI საუკუნიდან-დან ძვ. წ. III საუკუნის ჩათვლით). ეს კერები წარმოდგენილია კომპაქტურ ჯგუფებად განლაგებული რკინის ქურა-სახელოსნოებისა და რკინის წიდების სახით[2].

XVI საუკუნიდან მოყოლებული რეგიონი ოსმალეთსა და საქართველოს სამეფო-სამთავროებს შორის განუწყვეტლივი ბრძოლის ასპარეზს წარმოადგენდა, შესაბამისად, რეგიონის ცალკეული რაიონები პერიოდულად გადადიოდა ოსმალეთსა თუ საქართველოს სამეფო-სამთავროების დაქვემდებარებაში. ომების ეპიცენტრში ყოფნის გამო აქ იარაღის წარმოება მუდამ სათანადო სიმაღლეზე იდგა. ხოლო რეგიონის მოსახლეობას არ შეუწყვეტია კულტურული თუ სხვა სახის კავშირები დანარჩენ საქართველოს კუთხეებთან.

აჭარა-გურიის იარაღის წარმოების ზონაში საჭურვლის დამზადება თავიდან მაინც ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე ვითარდებოდა, რეგიონში საკმაოდ ბევრი რკინის და სხვა მეტალების საბადოა, რომლის დამუშავება მრავალი საუკუნის განმავლობაში ხდებოდა. რკინის ნედლეულის ადგილობრივ წარმოებასთან დაკავშირებით საყურადღებოა გურიისა და აჭარის ტერიტორიაზე, მრავალ ათეულ ლოკაციაზე არსებული შუასაუკუნეების რკინის გამონამუშევრები-მიმოფანტული რკინის წიდები, რომელიც დაფიქსირებულია, როგორც მთის, ასევე ბარის ზონაში[3].

იმის გათვალისწინებით, რომ როგორც უშუალოდ ოსმალეთის მიერ მიტაცებულ ქართულ რაიონებში, ასევე მის მომიჯნავე გურიასა თუ იმერეთში ანტითურქული გამოსვლები არასოდეს შეწყვეტილა, ოსმალეთის იმპერია რკინის საბადოების ადგილზე დამუშავებით არ იყო დაინტერესებული, ამიტომ ოსმალეთის ბატონობის პერიოდში ქართველი მეიარაღეები იმპორტულ მასალასაც იყენებდნენ.

შარლ დე პეისონელის ცნობით, „თურქეთის საქართველოში“ შეჰქონდათ „ძალიან დიდი რაოდენობის“ რკინა, ასევე ფოლადიც, მათ შორის ხაზგასმულია ჭანეთის ქალაქი რიზე, სადაც იარაღის წარმოების დიდი ცენტრი მდებარეობდა[4], როგორც ჩანს გვიან შუა საუკუნეებში ოსმალეთიდან რკინის საგრძნობი რაოდენობა შემოდიოდა გურიის სამთავროშიც.

ოსმალეთის იმპერიაში XIX საუკუნის დასაწყისიდანვე განსაკუთრებით გაძლიერდა ინგლისის სავაჭრო კაპიტალი, ბათუმსა და მის შემოგარენში, რეგიონის რუსეთის იმპერიასთან შემოერთებამდე (1878) რკინა და ფოლადი უცხოეთიდან შემოჰქონდათ, კერძოდ, შვედეთიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, შესაბამისად, ადგილობრივი მჭედლები ბათუმში იძენდნენ საჭირო ნედლეულს. გურიისა და აჭარის რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ შემოდიოდა რუსული რკინაც[5].

XVIII საუკუნის შუა ხანებში, აღმოსავლეთ ლაზისტანში, გურიისათვის წართმეულ ზღვისპირა ქალაქ რიზეში, პეინსონელის ცნობით, საკმაო რაოდენობის ფოლადი შედიოდა იმპორტით, რომლითაც ადგილობრივი ოსტატები ხმლებს, იატაგანებს და სხვა იარაღს ამზადებდნენ. აქ იყო განლაგებული 60-80 სახელოსნო მეიარაღეთა და დანის დამამზადებელი ოსტატებისა[6].

მაჭახელაში შეკრებილი მეიარაღეთა გენეალოგიური მონაცემების შესწავლით კი დგინდება, რომ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში მაჭახელას ხეობაში იარაღის წარმოება უკვე მაღალ დონეზე მდგარა. ზაქარია ჭიჭინაძეც, რომელიც მაჭახელას ხეობაში რუსეთის იმპერიასთან შემოერთების შემდეგ (1878) სპეციალურად ჩავიდა და შეკრიბა ცნობები ადგილობრივი იარაღის წარმოების შესახებ, ამბობს, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც შემორჩენილია აქაური იარაღი, რომელიც ქართული წარწერებითაა დამშვენებული და ქართველ მეფეთა ხანაშია დამზადებული[7].

XIX საუკუნეში მოცემულ რეგიონში უკვე იარაღის წარმოების ბევრი ლოკალური ცენტრი არსებობდა, სადაც წარმოებული იარაღი ადგილზეც საღდებოდა და როგორც ჩანს ექსპორტზეც გადიოდა, წყაროებში სახელდება ყველანაირი იარაღი: ხმლები, ხანჯლები, იატაგანები, დანები, თუმცა განსაკუთრებულ ხელოვნებად ადგილობრივი ხელოსნები თვლიდნენ ცეცხლსასროლი იარაღების — თოფების და დამბაჩების დამზადების ხელოვნებას.

ძირითადი ლოკალური ცენტრებიდან შეიძლება დავასახელოთ პირველ რიგში მაჭახელას ხეობა, რომელიც იმდენად განთქმული იყო იარაღის წარმოებით, რომ ხშირად მთელი რეგიონის მეიარაღეობის გულადაც კი ითვლებოდა. მაჭახელში არსებული სოფლების თითქმის მთლიანი მოსახლეობა იარაღის წარმოებით იყო დაკავებული, ასევე იარაღი მზადდებოდა ქვემო აჭარასა და ლაზისტანში, იარაღის წარმოების ლოკალური ცენტრები არსებობდა ზემო აჭარაშიც. ასევე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი გურიის ნაწილშიც (ცენტრი -ოზურგეთი). როგორც ჩანს მეიარაღეები ქვემო გურიაშიც (ქობულეთის მხარეშიც) იყვნენ[8].

მაჭახლის ხეობის გარდა იარაღი მზადდებოდა ქვედა აჭარაში (ცხმორისი, ახო, საღორეთი), ასევე საველე ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით საიარაღო ცენტრები იყო შემდეგ ლოკაციებზე: ხულო, დიდაჭარა, ჭვანის ხეობა, უჩამბა, მარითის და სხალთის ხეობებში[9].

საველე ეთნოგრაფიული მონაცემებით ქვედა აჭარის ხელოსნური ცენტრებიდან ცეცხლსასროლი იარაღის დამზადებას XIX საუკუნის მეორე ნახევარში უფრო ფართე ხასიათი ცხმორისში ჰქონდა, სადაც ბოლო პერიოდში იარაღის დამამზადებელი 25 სამჭედლო არსებობდა.

როგორც ჩანს ცეცხლსასროლ იარაღს ამზადებდნენ რეგიონის სხვა ლოკაციებზეც, მაგალითად ბათუმის სიახლოვეს სოფელ სარფში, სადაც ლაზი მჭედელი ოსმან აბდულოღლი (აბდულიში) ამზადებდა თოფს „რუჯას“ სახელწოდებით, რომელსაც ექვსკუთხა ლულა ჰქონია[10].

იარაღის წარმოების დიდი ცენტრი იყო ცენტრალურ ჭანეთში მდებარე ტრაპიზონიც. აქ მოღვაწე ხელოსნების დიდი ნაწილი ლაზები ყოფილან, რომლებიც უხვად ამზადებდნენ საუკეთესო იარაღს. ტრაპიზონიდან რკინა და იარაღი დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შედიოდა, მაგალითად აფხაზეთში, სადაც იგი ნატურალურ პროდუქტზე იცვლებოდა[11].

1860-იანი წლების ლაზისტანის სანჯაყში შემავალი 11 ყაზიდან (ბათუმი, ჩურუქსუ, ქვედა და ზედა აჭარა, მაჭახელი, ლივანა, გონიო, ხოფა, არქავე, ხემშინი, ათინა) საომარ იარაღებს მხოლოდ მაჭახელსა და ქვედა აჭარაში ამზადებდნენ[12].

ტრაპიზონის ვილაიეთის 1869 წლის ოფიციალურ სალნამეში მოცემულია ლაზისტანის სანჯაყის ეკონომიკურ მდგომარეობაზე არსებული ცნობები და მითითებულია, რომ ბათუმსა და ხოფაში საიუველირო ნაკეთობებიც მზადდებოდა, ხოლო ქვემო აჭარაში იწარმოება ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც იყიდებოდა მთელს ლაზისტანის სანჯაყში[13].

ქვედა აჭარაში იარაღების წარმოებაზე XIX საუკუნის 70-იან წლებში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა თავის ანგარიშებში ინგლისელი კონსული ტრაპიზონში ჯიფორდ პალგრევი. მისი დახასიათებით აქ არ მოიპოვება არცერთი დუქანი, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი ყოფილა თოფ-იარაღის სახელოსნო, სადაც აკეთებდნენ თოფებს, დამბაჩებს, ხანჯლებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ კარგი ნაკეთობით და ვერცხლის ლამაზი მოჭედილობით[14].

რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფ გურიაშიც საკმაოდ იყვნენ ხელოსნები და მათ შორის იარაღის ხელოსნები. 1859 წლისთვის მხოლოდ ოზურგეთში მუდმივად მყოფი 49 მჭედელი იყო აღრიცხული. დაახლოებით იგივე პერიოდის მონაცემებით კი ქალაქ ოზურგეთში მყოფი 200 ხელოსნიდან, ყველაზე მეტი მჭედელი და დურგალი იყო, ხოლო ქალაქში დამზადებული პროდუქციის დიდი ნაწილი იარაღი და ლითონის ნაწარმი იყო[15].

ოზურგეთში ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების ხელოვნება ისეთ დონეზე მდგარა, რომ გარდა ადგილობრივი იარაღის სახეობებისა, ადგილზე დამზადებული პიბოდი-მარტინისა და ბერდენის შაშხანების ეგზემპლარებსაც კი შეხვდებოდით[16].

XIX საუკუნეში რეგიონის მეიარაღეობის შესახებ შედარებით უხვი ცნობები მოიპოვება, ამ პერიოდისათვის რუსეთის იმპერიაში მხოლოდ ზემო გურია (მდინარე ჩოლოქის ჩრდილოეთით) იყო მოქცეული, ხოლო ქვემო გურია, აჭარა, მაჭახელი და ლაზისტანი ოსმალეთის ფარგლებში იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად პოლიტიკური საზღვრებისა რეგიონის მცხოვრებლებს შორის მჭიდრო სავაჭრო და სხვა სახის ურთიერთობები არ შეწყვეტილა. სავაჭრო ურთიერთობებში თავისი ადგილი ეჭირა იარაღით ვაჭრობასაც, თუმცა რა მასშტაბებს აღწევდა იარაღით ვაჭრობის სავაჭრო ბრუნვა, ამის შესახებ მსჯელობა ძნელია, ვინაიდან სასაზღვრო ზონაში არსებული რეგიონი კონტრაბანდული ვაჭრობის ყველანაირ რეკორდებს ხსნიდა[17].

როგორც ჩანს გამართულ იარმარკებსა და ბაზრობებზე იარაღიც იყიდებოდა, მაგალითად აჭარაში, ქედის ბაზრობაზე ადგილობრივ ნაწარმთან ერთად მოსახლოებას გასაყიდად გამოჰქონდა ადგილზე დამზადებული თოფის ლულებიც[18].

ლაზისტანში დამზადებული იარაღი კონსტანტინოპოლშიც იგზავნებოდა[19].

ცეცხლსასროლი და ცივი საბრძოლო იარაღების გასაღების ბაზარი, ოსმალთა ბატონობის ქვეშ მოქცეული რეგიონისთვის ასევე იყო ახალციხე, იმერეთი, ნაწილობრივ ყარსი და არდაგანი.

აჭარა-გურიის იარაღის წარმოების ზონაში იარაღის წარმოების შემცირება და მოგვიანებით სრულიად გაქრობა გამოიწვია სხვადასხვა მიზეზებმა კუმულაციურად, ასეთ მიზეზებად შეიძლება დასახელდეს: ოსმალეთის იმპერიაში განხორციელებული რადიკალური რეფორმები, მუჰაჯირობა, ბათუმის პორტო-ფრანკოს რეჟიმი, რეგიონში უცხოური იარაღის იმპორტი[20].

1839-1876 წლებში ოსმალეთში რადიკალური რეფორმები განხორციელდა, რომლის ერთ-ერთი მიზანი იყო იმპერიის შიგნით ოტომანური იდენტობის გამყარება[21]. ამ პერიოდში ხდება ოსმალეთის იმპერიის პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება , ადგილობრივ ბეგებს მთელი რიგი უფლებები ჩამოერთვათ, დაიწყო ახალი აღწერა, რამაც „თურქეთის საქართველოში“ არაერთი აჯანყება გამოიწვია და ოსმალეთის იმპერიის უნდობლობა ადგილობრივი მოსახლეობისადმი კიდევ უფრო გაზარდა, თანაც რუსეთთან მუდმივი დაძაბულობის პირობებში.

ოსმალეთის მთავრობა აჭარაში, მაჭახელას ხეობასა და საკუთრივ შავშეთში იარაღის საერთოდ აკრძალვასაც კი შეეცადა, რასაც მაჭახელელები და აჭარლები არ დამორჩილებიან, თუმცა ოსმალეთის მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს არ შეეძლო არ ემოქმედა იარაღის წარმოების მასშტაბებზე მოცემულ რეგიონში.

საომარი იარაღის დამზადება განსაკუთრებით შეიზღუდა ოსმალთა ბატონობის ბოლო ხანებში, რაშიც პოლიტიკურმა ამბებმა ითამაშეს დიდი როლი, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების ოსმალეთის ბატონობისგან ჩამოცილების შემდეგ როდესაც დღის წესრიგში დადგა აჭარის გათავისუფლება, ოსმალთა ხელისუფლება შეეცადა გაეუქმებია საომარი იარაღის დამზადება, რათა იმდროინდელი აჭარის გამათავისუფლებელ მოძრაობას არ ჩავარდნოდა ხელში ბრძოლის საშუალებანი[22].

ასევე უნდა ითქვას, რომ რუსეთ-თურქეთის ომებმა რეგიონში უცხოური იარაღის დიდი რაოდენობის კონცენტრირება გამოიწვია, რასაც არ შეიძლება არ ემოქმედა იარაღის ადგილობრივ წარმოებაზეც. XIX საუკუნეში ევროპული, ინგლისური, ფრანგული, ბელგიური და სხვა უცხოური, ტულის წარმოების იარაღის გავრცელებამ კავკასიასა და საქართველოში თანდათანობით შეზღუდა ადგილობრივი იარაღის წარმოება.

1878 წლიდან კი ბათუმი და მიმდებარე ტერიტორიები რუსეთის იმპერიას გადმოეცა. 1878 წლის ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, ბათუმის პორტი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში პორტო-ფრანკოს სტატუსით შევიდა. პორტო-ფრანკოს რეჟიმის დამყარების შემდეგ ცვლილებებმა ადგილობრივ მოსახლეობას უამრავი პრობლემა შეუქმნა - პორტო-ფრანკოს საზღვარზე გახსნილმა საბაჟოებმა ფაქტობრივად მოსპო შიდა ვაჭრობა. ამის მიზეზი იყო შეზღუდვები, საქონლის დათვალიერება-შემოწმება, ბაჟი, სასჯელები და ა.შ. ბათუმის პორტო-ფრანკოს რეჟიმმა ადგილობრივ ტრადიციულ წარმოებას დიდი დარტყმა მიაყენა, ამავე დროს ხელი შეუწყო ადგილობრივი მოსახლეობის ოსმალეთში გადასახლებასაც[23].

იარაღის წარმოების საბოლოო განადგურება მაინც მუჰაჯირობამ გამოიწვია, როცა რუსეთის და ოსმალეთის ერთობლივი ხელშეწყობითა და წაქეზებით, ადგილობრივი ქართული მოსახლეობა შეუდგა საკუთარი ქონების სასწრაფო გაყიდვას და ოსმალეთის ტერიტორიაზე გადასახლებას, რამაც აჭარა-გურიის იარაღის წარმოების ზონას დიდი დარტყმა მიაყენა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Двалишвили Л. Б., Талантов С. В., «О производстве оружия в Аджарии и Гурии в XVIII-XIX веках», Историческое оружиеведение — № 11, 2021.
  • კახიძე ნ., „ხელოსნობა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში“ : (ისტ.-ეთნოლ. გამოკვლევა) / [რედ.: ვ. შამილაძე], ბათუმი, 2004.
  • Вейденбаум Е.Г., «Заметки об употреблении камня и металла у кавказских народов» — Т. 4. № 5., ИКОРГО, 1875-1877.
  1. დვალიშვილი, 2021, გვ. 43-45
  2. Хахутаишвили Д.А. Производство железа в древней Колхиде. Тбилиси, 1987. გვ, 56-97
  3. კახიძე, 2004, გვ. 18
  4. ვეიდენბაუმი, 1875-1877, გვ. 279-280
  5. დვალიშვილი, 2021, გვ. 56-59
  6. ვეიდენბაუმი, 1875-1877, გვ. 280
  7. ჭიჭინაძე ზ. ყოფილი ოსმალეთის საქართველო, მესხეთჯავახეთის გათათრება — ტიფლ.: იდეალი, 1906. გვ.12-14
  8. დვალიშვილი, 2021, გვ. 67
  9. კახიძე, 2004, გვ. 21
  10. ჩოხარაძე მ, თანდილავა მ [და სხვ.] ; სარფი : [მონოგრაფია]; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწ. უნ-ტი, ქართველოლოგიის ცენტრი.ბათუმი : ს.ს. „გამომცემლობა აჭარა”, 2015. გვ. 191
  11. დვალიშვილი, 2021, გვ. 67-68
  12. Кавказский календарь на 1867 год. — Тифлис: Главное управление наместника Кавказского, 1866. გვ.402
  13. დვალიშვილი, 2021, გვ. 69
  14. კახიძე, 2004, გვ. 31
  15. იობაშვილი გ. დასავლეთ საქართველოს ქალაქები XIX საუკუნის რეფორმამდელ პერიოდში - თბ. : თბ. უნივერს. გამომც. და სტამბა. 1983. გვ. 46-50
  16. Хатисов К. Кустарные промыслы Закавказского края. // Отчеты и исследования по кустарной промышленности в России. Т. П. — СПб.: М-во гос. имуществ. 1894. გვ. 326
  17. დვალიშვილი, 2021, გვ. 87-88
  18. ჟან მურიე, ბათუმი და ჭოროხის აუზი, ბათუმი 1962. გვ. 39
  19. დვალიშვილი, 2021, გვ. 90
  20. დვალიშვილი, 2021, გვ. 91
  21. აჭარის ლივის ვრცელი და მოკლე დავთრები / თსუ, კავკასიისა და აღმოსავლეთის კვლევის ცენტრი ; ოსმალური ტექსტი, თარგმანი, გამოკვლევა, კომენტ. და ფოტოასლები გამოსაც. მოამზადეს: ზაზა შაშიკაძემ და მირიან მახარაძემ ; [რედ. ნოდარ შენგელია]. თბილისი, 2011, გვ.34-37
  22. კახიძე, 2004, გვ. 41
  23. დვალიშვილი, 2021, გვ. 92-93