ევგენი ვეიდენბაუმი
ევგენი გუსტავის ძე ვეიდენბაუმი (რუს. Евге́ний Гу́ставович Вейденба́ум; დ. 8 ნოემბერი, 1845, პეტერბურგი, — გ. 15 იანვარი, 1918, თბილისი) — რუსი ეთნოგრაფი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, კავკასიოლოგი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1871 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება კანდიდატის ხარისხით. მსახურობდა ნიკოლაევში და ოდესაში, 1877 წლიდან ცხოვრობდა საქართველოში. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. 1877 წლის სექტემბრიდან კავკასიელ მთიელთა სამმართველოში ასრულებდა განყოფილების უფროსის მოვალეობას. 1881 წელს დაინიშნა კავკასიის სამხ.-სახ. სამმართველოს, ხოლო 1883 წლიდან მთავარმართებლის სამხ.-სახ. სამმართველოს კანცელარიის განყოფილების უფროსად. 1906 წლის აპრილიდან იყო კავკასიის მეფისნაცვლის საბჭოს წევრი. 1916 წლის მაისში ავადმყოფობის გამო გადადგა სამსახურიდან. 1917 წლის იანვრიდან გარდაცვალებამდე განაგებდა კავკასიის მუზეუმის ბიბლიოთეკას. დაკრძალულია თბილისის ლუთერანულ სასაფლაოზე.
1881 წელს ვეიდენბაუმმა დავით ბაქრაძესთან ერთად დააარსა კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება. იმავე წელს მონაწილეობდა თბილისში მოწვეულ V არქეოლოგიური ყრილობის მუშაობაში, იყო მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების (შეიქმნა 1901 წელს) კავკასიის განყოფილების ერთ-ერთი დამფუძნებელი. მის ნაშრომებში განხილულია კავკასიის ხალხების ისტორიული, ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, კულტურული და ა. შ. საკითხები. მას წვლილი მიუძღვის საქართველოს ისტორიის შესწავლაში. გამოაქვეყნა შრომები რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობის შესახებ. სწავლობდა ქართული პრესის ისტორიის საკითხებს. თარგმნა უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ. იკვლევდა ალექსანდრე პუშკინის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ა. ბესტუჟევ-მარლინსკის და სხვა ცხოვრება-მოღვაწეობას. ევგენი ვეიდენბაუმის პირადი არქივი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- პატარ-პატარა ამბები წარსულიდან. ჩხუბი ქალების აბანოში; როგორ ფასობდა ტფილისში ყმა დედაკაცი და სხვ. თარგმ. ა. ყიფშიძისა, «ივერია», 1902, 24 დეკ., №276/
- აფხაზეთის ისტორიიდან. სიმაგრე სოუკსუს ალყა. ისტორიული ამბავი. თარგმ. ა. ყიფშიძისა, «ივერია», 1903, 26 თებ., №45.
- გრაფი ქუთაისოვი და გლეხი ქუთაისოვი, თარგმ. ა. ყიფშიძისა, «ივერია», 1903, 18 ივლ., №152.
- Кавказские амазонки (Материалы для древней этнографии Кавказа), «Знание», 1872, №9–10.
- Кавказские этюды. Исследования и заметки, Тфл., 1901.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაბედავა ბ., ჟორდანია ო., ევგენი ვეიდენბაუმი და საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ., 2001.
- ჟორდანია ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 236.
- Барнавели Э. Г., Документальное наследие Е. Г. Вейденбаума, «Археографический ежегодник за 1978 год», М., 1979.
- Меликсет-Беков Л. М., Е. Г. Вейденбаум как кавказовед, «Известия Кавказского музея», 1919, т. 12.