კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოება
კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოება — არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება, შეიქმნა 1881 წლის 28 ნოემბერს თბილისში. მისი დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი იყო ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე, რომელიც კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოებას 1886 წლამდე ხელმძღვანელობდა. საზოგადოების წესდების მიხედვით გაფართოვდა მისი მოღვაწეობის არე. მას უნდა შეესწავლა კავკასიის ისტორია, უპირატესად მისი ისტორიის წერილობითი და ნივთიერი წყაროები; შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დაეცვა ეს ისტორიული ძეგლები განადგურებისაგან; გათხრების შედეგად მოპოვებული ან მოსახლეობისაგან შესყიდული ძველი ნივთები ბარდებოდა კავკასიის მუზეუმს (ამჟამად საქართველოს ეროვნული მუზეუმი), ხოლო ძველი ხელნაწერები – თბილისის საჯარო ბიბლიოთეკას (ახლანდ. ეროვნული ბიბლიოთეკა).
1881–1885 წლებში მოხერხდა ნაშრომების ორი ტომის გამოცემა. აქ გამოქვეყნებული ძეგლებიდან არქეოლოგიური თვალსაზრისით საინტერესოა პუნქტები, სადაც მოიპოვეს ზედაპირული არქეოლოგიური მასალა. ესენია: ახალციხე, ახალქალაქი, სოხუმი, ახალი ათონი, ხუცუბანი, ანაკოფია და სხვ. საინტერესოა კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოების შრომებში დაბეჭდილი პოლკ. ნ. წილოსანის ინფორმაცია დილიჟანთან ჩატარებული გათხრების შესახებ. მისი აზრით, აქ აღმოჩენილი სამარხები თავიანთი აღნაგობითა და ინვენტარით ჰგავს მცხეთის სამთავროს სამარხებს. საზოგადოების შრომების მეორე კრებულის გამოსვლის შემდეგ კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოება, მისი წინამორბედი კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოების მსგავსად, უსახსრობის გამო დაიშალა. კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოებას არქეოლოგიური გათხრები არ უწარმოებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 437.