დამბაჩა, პისტოლეტი — ინდივიდუალური ცეცხლსასროლი იარაღი. განკუთვნილია მოკლე მანძილზე (50-70 მ-მდე) მოწინააღმდეგის დასაზიანებლად. ცნობილია საბრძოლო, სასიგნალო და სპორტული დამბაჩები. საბრძოლო დამბაჩის წონა 0,7-1,0 კჰ., კალიბრი 5,35-11,43 მმ, სავაზნე კოლოფის ტევადობა 5-8 და მეტი ვაზნა.

ჩეხური ნახევრადავტომატური პისტოლეტი CZ 75 (1975 წ.)
დამბაჩები (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი)

დამბაჩა შეიძლება იყოს ავტომატური და არაავტომატური. უმეტესობის მოწობილობა დაფუძნებულია თავისუფალი საკეტის უკუცემის ენერგიის გამოყენებაზე. დამბაჩის ძირითადი ნაწილები — ჩარჩო ლულითა და სასხლეტი კავით, საკეტი დამცემითურთ, ამომყრელი და საფრთხილო, დამცემსასხლეტი მექანიზმის უკუმომქცევი ზამბარა, სახელურის ლოყები ხრახნითურთ, სასხლეტის საკავებელი და სავაზნე კოლოფი — მექანიზებულია. დამბაჩით შეიარაღებული არიან ოფიცრები, აგრეთვე ზოგი სპეციალური ნაწილის სერჟანტები და ჯარისკაცები.

დამბაჩა ეწოდება აგრეთვე ხელის ძველებურ ცეცხლსასროლ მოგრძოლულიან (იყო ორ-, იშვიათად სამლულიანი) იარაღს. მოგრძოლულიანი პატარა ცეცხლსასროლი იარაღი, ძველებურად "ხელმეხი" (გურულად – "ფიშტო"). მოწინააღმდეგეს აზიანებდა მოკლე მანძილზე. დამბაჩის ჩახმახს კაჟს უკეთებდნენ — „ხრეისის ქვეით, ითხრების კაჟი ჩახმახისა ფრიად კარგი“ (ვახუშტი ბატონიშვილი). საქართველოში დამბაჩას ამზადებდნენ ერეკლე I-ის მიერ დაარსებულ თოფხანაში (არსენალში) და სოფ. ტყვიავში — ქართლის მეფეთა თოფხანაში. მაჭახელაში (აჭარა) დამზადებულმა საუკეთესო დამბაჩამ სახელი გაითქვა მთელ საქართველოსა და თურქეთში. რევოლვერის გამოგონებისთანავე დამბაჩა ჩოხა-ახალუხისა და ოჯახის სამკაულად იქცა.

ლიტერატურა

რედაქტირება