რუბენ აღაბაბიანი
რუბენ იაკობის ძე აღაბაბიანი (დ. 30 ოქტომბერი, 1911, თბილისი — გ. 6 დეკემბერი, 1970, იქვე) — ეროვნებით სომეხი, საქართველოში მოღვაწე არქიტექტორი, პოეტი, მთარგმნელი. არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი (1949), საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1948). მისი საარქივო პირადი არქივი 2011 წლიდან დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში.
ბიოგრაფია
რედაქტირება1932 წელს დაამთავრა საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1932–1970). მუშაობდა (გ. ჩიგოგიძესთან ერთად) არქიტექტურულ პროექტირებაში გამოთვლითი ტექნიკური გამოყენების საკითხებზე. ავტორია ცხინვალისა (1936, ი. ყირქესალთან ერთად) და ბათუმის (საპროექტო მოცემულობა, 1933, ბ. ლორთქიფანიძესთან, ლ. სუმბაძესა და ი. ყირქესალთან ერთად) გენგეგმებისა. მწვანე კონცხისა (1935) და ციხისძირის (1939) დასასვენებელი სახლების კორპუსების, თბილისის ისნის რაიონის მეგობრობის პარკში სომეხ კულტურის მოღვაწეთა პანთეონის დაგეგმარება-კეთილმოწყობისა (60-იანი წლები) და სხვა. სამეცნიერო-პრაქტიკული გამოკვლევების პარალელურად ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. მისი ლექსების პირველი წიგნი „ლირიკა“ გამოიცა თბილისში 1930 წელს (სომხურ ენაზე). მასვე ეკუთვნის თბილისსა და ერევანში გამოცემული რამდენიმე კრებული. სომხურ ენაზე თარგმნა და გამოსცა გ. ტაბიძის, გ. ლეონიძის, ი. გრიშაშვილის, ი. აბაშიძის ლექსები. 1931–1941 წლებში იყო თბილისში გამომავალი სომხური საბავშვო ჟურნალის „კარმირ წილერის“ („წითელი კვირტები“), ხოლო 1936–1941 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის სომხური სექციის ლიტერატურული ალმანახის „გრაკან ჰანდესის“ („ლიტერატურული მიმოხილვა“) რედაქტორი. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 46.
- კინწურაშვილი ს., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 259.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, "მამულიშვილთა სავანე", გვ. 29, თბ., 1994