ასტრახანის ქართველთა ახალშენი
ასტრახანის ქართველთა ახალშენი — ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა რუსეთში, ქ. ასტრახანში (XVII–XVIII სს.).
ისტორია
რედაქტირებაქართველთათვის ასტრახანის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა XVI საუკუნის II ნახევრიდან, როცა რუსეთსა და კახეთის სამეფოებს შორის სამხედრო-პოლიტიკური კავშირი შეიკრა. აქ ხანგრძლივად უხდებოდათ ცხოვრება რუსეთში დიპლომატიური მისიით წარგზავნილ ქართველებს. ასტრახანში დამკვიდრებულ ქართველებზე ცნობები რუსულ დოკუმენტებში XVII საუკუნის I მესამედიდან მოგვეპოვება. იმ დროს იქ ცხოვრობდნენ ყირიმის სახანოდან ტყვეობას თავდაღწეულნი, სამშობლოდან სოციალური ბრძოლის შედეგად გადახვეწილი და რუსეთის სამსახურში შესული ქართველები. ასტრახანს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა მოსკოვის ქართველთა ახალშენის შექმნის შემდეგ (XVII ს. 90-იანი წწ.), ამიერიდან მოსკოველ ქართველთა სამშობლოსთან კავშირ-ურთიერთობა ძირითადად ასტრახანის მეშვეობით ხორციელდებოდა. ამის საფუძველზე მოსკოვში დამკვიდრებულმა არჩილ II-მ მიაღწია თავისი მოხელის დანიშვნას ამ ქალაქში. არჩილ II-ის მუდმივი წარმომადგენელი, თავისი მხლებლებით, ერთგვარად საკონსულოს ფუნქციებს ასრულებდა და საკმაოდ უწყობდა ხელს რუსეთ-საქართველოს კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. ასტრახანში ხანგრძლივად ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ გ. გეგენავა, ი. სააკაძე, ნიკოლოზ ბატონიშვილი (შემდეგში ერეკლე I), დედოფალი ელენე, თეიმურაზ I, არჩილ II, მიტროპოლიტი იაკობი (დუმბაძე), მიტროპოლიტი რომანოზი (ერისთავი), მიტროპოლიტი ანტონი, დიპლომატები: გ. მეტრეველი, ბ. თურქესტანიშვილი, გ. დადიანი და სხვ.
1724 წელს ასტრახანი განვლო მოსკოვის დიპლომატიური მისიით გაგზავნილმა სულხან-საბა ორბელიანმა, მისმა ძმამ ზაალმა და მხლებლებმა. იმავე წელს ასტრახანში დიდი ამალით შევიდა სამშობლოდან ლტოლვილი მეფე ვახტანგ VI, რომელსაც აქ დიდი პატივით შეეგებნენ. 1725 წელს მეფე მოსკოვს გაემგზავრა, ამალის დიდი ნაწილი კი ასტრახანში დარჩა და მათ ვახუშტი ბატონიშვილი ხელმძღვანელობდა. აქ ქართველი საეკლესიო მოღვაწეები ქალაქსა და მის შემოგარენში არსებულ ტაძრებში ღვთისმსახურებას შეუდგნენ. აქედან 1727–1729 წლებში ამალის წევრები ნაწილ-ნაწილ მოსკოვისკენ გაემართნენ. ვახტანგ VI-ის ამალის ნაწილმა ასტრახანში დარჩენა გადაწყვიტა. ესენი იქცნენ ქართველთა ახალშენის ბირთვად, რომელთაც ყოველ წელს ემატებოდნენ სხვადასხვა მხრიდან ჩამოსული ქართველები. 1734 წელს ასტრახანში დაბრუნდა და ქართველთა ახალშენს სათავეში ჩაუდგა მეფე ვახტანგ VI. მეფემ ქალაქში საცხოვრებლად შეიძინა სასახლე კრემლში, ხოლო აგარაკი მდინარე კუტუმის სანაპიროზე. მეფე ვახტანგი იმთავითვე გახდა ქართველთა, სომეხთა და ამ მრავალეროვან ქალაქში დამკვიდრებულ სხვა კავკასიელთა სათვისტომოს მეთაური. ამ პერიოდში ქართველთა დასახლება უფრო გაფართოვდა და გაძლიერდა. გარდაცვალების შემდეგ (1737 წ. 30 მარტი) ვახტანგ VI აქვე დიდი პატივით დაკრძალეს ასტრახანის კრემლის მიძინების ტაძრის ქვედა სართულში, რითაც საფუძველი ჩაეყარა ასტრახანის ქართველ მოღვაწეთა პანთეონს.
ასტრახანის ქართველთა ახალშენის მემკვიდრეობა მეფე ბაქარმა და გიორგი ბატონიშვილმა გაინაწილეს. ბაქარი ასტრახანში ჩავიდა. იქ დაუახლოვდა ასტრახანის გუბერნატორს, ცნობილ ისტორიკოსს ვ. ტატიშჩევს და ენერგიულად იღვწოდა ჩრდილო კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის გასაღრმავებლად. XVIII საუკუნის 30-იან წლებში ასტრახანში დასახლდა დარუბანდიდან ჩასული მთავარეპისკოპოსი იოანე (სააკაძე), რომელმაც იქ სამების მონასტერი ააშენა. იქვე ჩავიდნენ ტიმოთე (გაბაშვილი), მთავარეპისკოპოსი იოსებ სამებელი, ანტონ I თავისი ამალით, თეიმურაზ II, გაიოზ რექტორი, გ. ხარჭაშნელი, რომელთაც ახალშენის იდეური ცხოვრება გაამრავალფეროვნეს. იქ გადაიწერა, სხვა ენებიდან ითარგმნა და შეიქმნა ლიტერატურის მრავალი ძეგლი, რომელთაც მნიშვნელოვნად გაამდიდრეს ქართული მწერლობა. არჩილ II-მ იქ დაასრულა „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა“, იქვე დაწერა „გაბაასება კაცისა და სოფლისა“, „საქართველოს ზნეობანი“ და სხვ. (1682–1685); მ. ბარათაშვილმა დაასრულა „წამებული“ (1725), ონანა მდივანმა (ქობულაშვილმა) გალექსა „ბარამგულიჯანიანი“ (1726). მნიშვნელოვანი ნაწარმოებები შექმნეს ვახტანგ VI-მ, ნ. ორბელიანმა, ზ. გაბაშვილმა, ა. ამილახვარმა, მ. ბაგრატიონმა და სხვ.
ასტრახანში გვხვდება ქართული სიძველენი: ბაგრატიონთა გერბი, ივერიის („გრუზინსკი“) და იმერეთის („მელეტინსკი“) ღვთისმშობლის ხატები, ქართულ-წარწერიანი ჯვრები, ნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- სიხარულიძე ფ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 235-236.