ივანე ასკურავა
ივანე ალექსის ძე ასკურავა (დ. 9 იანვარი 1918 [ძვ. სტ. 27 დეკემბერი, 1917], სოფ. ქვირი, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — გ. 2002) — ქართველი, თეატრის მხატვარი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1950).
ბიოგრაფია
რედაქტირებადაწყებითი საშუალო განათლება თბილისში მიიღო. 1933 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი ვალერიან სიდამონ -ერისთავი. 1939 წელს ივანე ასკურავამ პროფესორ მოსე თოიძის ხელმძღვანელობით დიპლომი დაიცვა. აკადემიის დამთავრების შემდეგ იგი მოღვაწეობას ლანჩხუთის სახელმწიფო თეატრში მხატვარ დეკორატორად აგრძელებს. აქვე პირველი დამოუკიდებელი სპექტაკლი „უდანაშაულო დამნაშავე“ გააფორმა (დადგმა არეთა ლოლუასი).
1940 წლის 2 იანვრიდან ივანე ასკურავამ სიდამონ-ერისთავის მიწვევით მუშაობა დაიწყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, სადაც 1948 წლიდან ნახევარი საუკუნის განმავლობაში დამდგმელ მხატვრად მოღვაწეობდა. 1941 წელს ივანე ასკურავამ გააფორმა მისთვის პირველი სპექტაკლი-ოპერა „რახილი“, რომლის დადგმაც განახორციელა მეორე მსოფლიო ომის დროს კიევიდან ევაკურებულმა ცნობილმა საოპერო მომღერალმა იური კიპორენკო-დამანსკიმ (1888-1955). თავისი ნაყოფიერი მოღვაწეობის მანძილზე ივანე ასკურავამ გააფორმა ორასზე მეტი დრამატული, საოპერო და საბალეტო სპექტაკლი, კინო-ტელეფილმები და ტელეგადაცემა, შექმნა სხვადასხვა ანსამბლების კოსტიუმები. სამართლიანად შენიშნავს ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი, რომ ივანე ასკურავას „არც ქართული ხალხური ცეკვების შემსრულებელთათვის დაუკლია ყურადღება- სულ პირველად სწორედ ივანე ასკურავას ესკიზებით ხორცშესხმულ კოსტუმებით გამოჩნდნენ სცენაზე ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის ანსამბლის წევრები. აჭარისა და ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლების მოცეკვავეებს მხატვრის მიერ შექმნილი კაბები და ჩოხებიც დაეხმარათ მაყურებელთა გულის დაპყრობაში“. ივანე ასკურავა მუშაობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიც იყვნენ: ალექსანდრე წუწუნავა („დაისი“, „დემონი“), ვასო ყუშიტაშვილი („იულიუს კეისარი და კლეოპატრა“, „ჩაძირული ქვები“), მ.კვალიაშვილი („ტრუბადური“, „პიკის ქალი“, ფაუსტი“, ლატავრა“ და სხვა), დ.ალექსიძე („ტირიფის ქვეშ“), ლ.იოსელიანი („ჩვენ გამოცდები გვაქვს“), ჯ.ანჯაფარიძე („იოლანტა“, „ქეთო და კოტე“), ჰ.ვედეკინდი („ფაუსტი“), შ.მესხი („ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, „გაზაფხულის სიმღერა“, „შესანიშნავი სამეული“), გ.ჟორდანია („ტარას ბულბა“, „განდეგილი“), გ.გაჩეჩილაძე („ქეთო და კოტე“, „აბესალომ და ეთერი“, „ფაუსტი“, „რიგოლეტო“, „ტრავიატა“, „განდეგილი“), ვახტანგ ტაბლიაშვილი („დარეჯან ცბიერი, „ტოსკა“, „რიგოლეტო“, „ტრუბადური“, „აბესალომ და ეთერი“, „ოტელო“ და სხვა).
1969 წელს, მისი გაფორმებული „აბესალომ და ეთერით“ გაიხსნა ქუთაისის საოპერო თეატრი, ხოლო ზაქარია ფალიაშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ოპერა-ფილმის „აბესალომ და ეთერის“ მხატვრობაც ივანე ასკურავას ეკუთვნოდა.
განსაკუთრებული ადგილი უკავია მის შემოქმედებაში დიდ ბალეტმაისტერთან ვახტანგ ჭაბუკიანთან თანამშრომრომლობას. ივანე ასკურავამ გააფორმა ჭაბუკიანის თითქმის ოცამდე საბალეტო სპექტაკლი („მთების გული“, „ჟიზელი“, „ლაურენსია“, „გორდა“, „მშვიდობისათვის“, „დემონი“, „ვალპურგის ღამე“ და სხვა). ასევე გააფორმა ოპერები: ჯ. ვერდის "ოტელო" (1949), ზ. ფალიაშვილის "ლატავრა" (1950), "დაისი" (1957), "აბესალომ და ეთერი" (1964), ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე" (1950), ა. რუბინშტეინის "დემონი" (1950), პ. ჩაიკოვსკის "იოლანტა" (1951), მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი" (1954), ა. ბოროდინის "თავადი იგორი" (1956), დ. თორაძის "ჩრდილოეთის პატარძალი" (1957), ს. ცინცაძის "განდეგილი" (1972) და სხვა. ბალეტები: ა. ბალანჩივაძის "მთების გული" (1945), დ. თორაძის "მშვიდობისათვის" (1953) და სხვა. ივანე ასკურავა სხვადასხვა დროს მონაწილეობდა საკავშირო, რესპუბლიკურ, ევროპისა და სხვა ქვეყნების გამოფენებში. იყო სრულმეტრაჟიანი კინოფილმების კონკურსის (შექსპირის „მეთორმეტე ღამე“, 1988) და სხვადასხვა საკავშირო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი.
ივანე ასკურავას ნამუშევრების ძირითადი ნაწილი (ათასზე მეტი ერთეული) დაცულია საქართველოს ხელოვნების სასახლეში (საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი). გარდა ამისა კოლექციები წარმოდგენილია ისეთ ცნობილ მუზეუმებში, როგორიცაა მოსკოვის ბახრუშინის სახელობის თეატრალური მუზეუმი, მოსკოვის გლინკას სახელობის მუსიკალური მუზეუმი, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი და აგრეთვე, კერძო კოლექციებში ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, თურქეთში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 636.
- ივანე ასკურავა. ქართული თეატრალური მხატვრები ტომი 2. თბილისი 2016. კატალოგი შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა გიორგი კალანდიამ.