დავით თორაძე

(გადამისამართდა გვერდიდან თორაძე, დავით)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თორაძე.

დავით (გუგული) ალექსანდრეს ძე თორაძე (დ. 14 აპრილი, 1922, თბილისი — გ. 8 ნოემბერი, 1983, იქვე) — ქართველი კომპოზიტორი, პროფესორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი.

დავით თორაძე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 14 აპრილი, 1922
დაბ. ადგილი თბილისი
წარმოშობა საქართველოს დროშა საქართველო
გარდ. თარიღი 8 ნოემბერი, 1983 (61 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა კომპოზიტორი

ბიოგრაფია რედაქტირება

სკოლის ასაკში, როგორც განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემების მქონე ჭაბუკი ჩარიცხეს თბილისის კონსერვატორიასთან არსებულ ნიჭიერ ბავშვთა ჯგუფში ერთდროულად საფორტეპიანო და საკომპოზიციო განხრით. მისი მასწავლებლები იყვნენ პროფესორები ა. ვირსალაძე და ს. ბარხუდარიანი. 1937 წელს განაგრძო მეცადინეობა თბილისის კონსერვატორიაში. 1939–1941 წლებში საკომპოზიციო ხელოვნებას სრულყოფს კომპოზიტორ რ. გლიერთან მოსკოვის კონსერვატორიაში.

შემოქმედებით სარბიელზე დ. თორაძე გამოდის ორმოციან წლებიდან. 1946 წელს სრულდება მისი პირველი სიმფონია, 1947 წელს პირველი ოპერა, ხოლო 1949 წელს შექმნილი გმირულ-პატრიოტული ბალეტი „გორდა“, რომელიც ქართულ მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ხელოვნების დიდმნიშვნელოვან, საეტაპო მოვლენად იქნა აღიარებული. „გორდაში“ დიდი მხატვრული ძალით, მასშტაბურობით გამოიკვეთა ჩვენი ეროვნული ბალეტის თავისთავადობა. იგი წარმატებით დაიდგა მოსკოვში, უნგრეთში, პოლონეთში, საბალეტო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე პარიზში და მრავალ სხვა ქალაქში. ასეთივე წარმატება ხვდა დიდი სამამულო ომის თემაზე შექმნილ ბალეტს „მშვიდობისათვის“. მაყურებელი გულთბილად შეხვდა ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადაზე წარმოდგენილ კომპოზიტორის ახალ ოპერას „ჩრდილოეთის პატარძალი“, რომელიც ეძღვნება ა. გრიბოედოვისა და ნ. ჭავჭავაძის ტრაგიკულ სიკვდილს.

1977 წელს დ. თორაძემ შექმნა მუსიკა ფილმ-ბალეტისათვის „მწირი“. იმავე წელს იგი დადგა და გადაიღო ცნობილმა ბალეტმაისტერმა მ. ლავროსვსკიმ. ამ ნამუშევარს საბალეტო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ნიუ-იორკში ერგო „გრან პრი“. კომპოზიტორის მდიდარი შემოქმედებიდან აღსანიშნავია ორი სიმფონია, უვერტურა როკვა, საგუნდო პოემათა ციკლი ქართული ჩანახატები, საფორტეპიანო კონცერტი. ცალკე უნდა ითქვას მის საესტრადო და კინო მუსიკაზე. მან შექმნა შესანიშნავი მუსიკა კინოფილმებისათვის: „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, „პალიასტომი“, „შეხვედრა წარსულთან,“ „კაცია ადამიანი?!“ და სხვა.

1953 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის კონსერვატორიაში, რომლის პროფესორი იყო 1973 წლიდან. კომპოზიტორის მეუღლე, ლიანა ასათიანი ცნობილი კინომსახიობი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ხოლო ვაჟიშვილი ლექსო თორაძე მსოფლიოში საყოველთაოდ აღირებული პიანისტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი.

დავით თორაძეს მინიჭებული ჰქონდა სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება, დაჯილდოვებული იყო ლენინის და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 177, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება