არხილოსკალოს პირველი სამაროვანი
არხილოსკალოს პირველი სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, მდ. ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ არხილოსკალოდან 5 კმ-ზე მდებარე ადგილ „პატარა ყურეში“. განეკუთვნება ძვ. წ. I საუკუნის და ახ. წ. I საუკუნებს.
ძეგლი 1937 წელს შეისწავლა გ. ნიორაძემ. სამაროვანი დაზიანებული იყო სარწყავი არხის მშენებლობის გამო. სამაროვანზე აღმოჩნდა ინდივიდუალური ორმოსამარხები (სიღრმე 0,7-1,5 მ). გამოვლინდა ქვევრის გვერდით ანატკეცზე დაკრძალული ბავშვის ჩონჩხიც. ორმოსამარხებში მიცვალებულები ესვენა კიდურებში კეცილი, იშვიათად გაშოტილი, ჩატანებული ჰქონდათ თიხის ჭურჭელი, სხვადასხვა სახის სამკაული და იარაღიც. თიხის ჭურჭელი ღია მოწითალო და მუქი მოშავოა. ორივე ფერის ჭურჭელი ერთად ყოფილა სამარხებში. ჭურჭლის უმთავრესი სახეებია: თუნგულები, ხელადები, მათარები, თასები, ჩაფები, ბარძიმები, თეფშები და სხვა. განსაკუთრებული მოხდენილობით გამოირჩევა გრძელნისკარტიანი, საწურიანი ცალყურა და სამყურას ფოთლისებრი პირის მქონე ტანდაბალი, გვერდზე ყურმიძერწილი ხელადები, დაბალი ორყურა თასები, სამფეხა თეფში, ტანდაბალი ჭინჭილა მუცელზე მოკლე და წვრილი მილით და სხვა. სამკაულთა შორისაა მინის, პასტის, გიშრის, ბრინჯაოს, სარდიონისა და ტოპაზის მძივები: ბრინჯაოს სამაჯურები, რომელთაც ერთიმეორეზე გადასული თავები აქვს. აღმოჩნდა აგრეთვე მოღუნული და გრძელი დანები, რკინის სასხლავი და ა. შ.
სამაროვანზე წარმოებული გათხრებით საფუძველი ჩაეყარა ალაზნის ველის კულტურის (ტერმინი ეკუთვნის გ. ნიორაძეს) შესწავლას. არქეოლოგიურმა კვლევამ ცხადყო, რომ ალაზნის ველისა და იალოილუთეფეს კულტურები (ძვ. წ. I ათასწლეულის დასასრული და ახ. წ. I საუკუნე), რომლითაც გავრცელებული იყო თანამედროვე აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთით და საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების ალაზნისა და ივრის შუა და ქვემო წელზე, ერთი მთლიანი მოვლენაა და დამახასიათებელია ცენტრალური და აღმოსავლეთ ამიერკავკასიისათვის.
ლიტერატურა
რედაქტირება- რამიშვილი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 618.
- რამიშვილი რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 221.
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 270.
- ნიორაძე გ., ალაზნის ველის გათხრები, თბ., 1940