არქიფო ლაბახუა
არქიფო მირონის ძე ლაბახუა (დ. 15 მაისი, 1910, რეკა — გ. 1993, თბილისი) — ქართველი ინჟინერი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1936 წელს დაამთავრა სტალინის სახელობის მოსკოვის სამთო ინსტიტუტი მაღაროთა მშენებლობის სპეციალობით.
1936-1953 წლებში მუშაობს ტყვარჩელის მაღაროთა სამმართველოში. იყო შახტის უბნის უფროსის თანაშემწე, ვენტილაციის ქსელების უფროსი, მთავარი ინჟინრის თანაშემწე, შახტის მთავარი ინჟინერი, შახტის უფროსი და ტრესტ „ტყვარჩელნახშირის“ მმართველი. 1953 წელს დაინიშნა აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. 1956-1976 წლებში იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობის დარგში. 1976 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ სასოფლო მშენებლობის სამინისტროში მინისტრის უფროს მრჩევლად, ასევე, საქართველოს სსრ სასოფლო მშენებლობიოს სამინისტროს ტრესტ „ორგტექსოფმშენის“ მართვის სისტემების სრულყოფისა და ეკონომიკური ანალიზის განყოფილების მთავარ სპეციალისტად. იყო საქართველოს სამშენებლო დარგის გამორჩეული ორგანიზატორი. უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი მისი განვითარების საქმეში. 1954-1976 წლებში იყო საქართველოს კპ ტყვარჩელისა და სოხუმის საქალაქო კომიტეტის წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საოლქო კომიტეტის ბიუროს და საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1954-1958 წლებში არჩეული იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1951-1959 წლებში აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის და 1959-1980 წლებში საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს ხუთი მოწვევის დეპუტატად. 12 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პროფკავშირების საბჭოს წევრი. დაჯილდოებული იყო მრავალი მედლითა და სიგელით.
ჯილდოები
რედაქტირება- საპატიო ნიშნის ორდენი
- წითელი დროშის ორდენი (3 ორდენი)
- აფხაზეთის ასსრ-ის დამსახურებული ინჟინერი
- საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 333