არსალა რაჰმანი (სპარს. ‌ارسلا رحمانی دولت, დ. 1944, პაქტიკის პროვინცია — გ. 13 მაისი, 2012, ქაბული) — ავღანეთის სახელმწიფო მოღვაწე, ავღანეთის პრემიერ-მინისტრი (1994-1995), უმაღლესი განათლების მინისტრი თალიბანის მთავრობაში (1996-2001), უმაღლესი სამშვიდობო საბჭოს წევრი — პატიმრების გათავისუფლების კომისიის ხელმძღვანელი.

არსალა რაჰმანი
დაბადების თარიღი 1937
დაბადების ადგილი ქაბული
გარდაცვალების თარიღი 13 მაისი, 2012(2012-05-13)[1]
გარდაცვალების ადგილი ქაბული
მოქალაქეობა  ავღანეთი

ბიოგრაფია

რედაქტირება

არსალა რაჰმანი დაიბადა 1944 წელს პაქტიკის პროვინციაში. 1990-იან წლებამდე მისი ცხოვრების შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი მონაწილეობდა ავღანეთის ომში (1979-1989) და იყო ერთ-ერთი საველე მეთაური, რომელიც იბრძოდა საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ.

რაჰმანიმ პოლიტიკური კარიერა დაიწყო „ჰარაკი-ისლამის“ პარტიის ხელმძღვანელის მოადგილედ, რის შემდეგაც მუშაობდა სიბგატულა მოჯადედის მთავრობაში რელიგიურ საქმეთა მინისტრად. 1994-1995 წლებში რამდენიმე თვის განმავლობაში არსალა რაჰმანი ხელმძღვანელობდა ავღანეთის მთავრობას, როგორც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. თალიბანის პირველი მმართველობის დროს ის უმაღლესი განათლების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, მაგრამ 2001 წელს, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ის გადავიდა ჰამიდ ქარზაის მთავრობაში. რაჰმანი შეერთებული შტატების შავ სიაში შევიდა, მაგრამ 2010 წელს ამოიღეს. მას ბევრი აღიქვამდა, როგორც ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ ქარზაის ძალიან დაახლოებულ ადამიანს.

სიცოცხლის ბოლო წლებში ის იყო უმაღლესი სამშვიდობო საბჭოს წევრი, რომელიც კოორდინაციას უწევს მთავრობასა და თალიბანის მებრძოლებს შორის მოლაპარაკებებს. რაჰმანი პატიმართა გათავისუფლების კომისიას ხელმძღვანელობდა.

2011 წელს მან განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა შექმნას თალიბანის მოძრაობის ოფიციალური პოლიტიკური წარმომადგენლობა სამშვიდობო მოლაპარაკებების გასატარებლად, რაც შესთავაზა თურქეთსა და თურქმენეთს, როგორც ქვეყნებს, რომლებიც მზად იყვნენ ყოლოდათ წარმომადგენლობები.[2] არსალა რაჰმანიმ ინტერვიუში პაკისტანურ გაზეთ „Express Tribune“ განაცხადა:

 
„მე მჯერა, რომ თურქეთი და თურქმენეთი ამჟამად თალიბანის პოლიტიკური წარმომადგენლობის სავარაუდო ადგილებია.“

ასევე, არსალა რაჰმანის თქმით, გაიმართა მოლაპარაკებები მეამბოხე მოძრაობისთვის ოფისის შესაძლო გახსნაზე საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ყატარში.

როგორც უმაღლესი სამშვიდობო საბჭოს აქტიური წევრი, რაჰმანმა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ზოგიერთი წყაროს თანახმად, „დაამყარა კონტაქტი მოძრაობის მაღალჩინოსნებთან“.[3]

2012 წლის 13 მაისს დასავლეთ ქაბულში სამუშაოზე მიმავალს თავს დაესხნენ და ესროლეს. ის გულში მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციამ მკვლელი დანაშაულის ადგილზე ვერ დააკავა.[4]

მკვლელობისთანავე, რაჰმანის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა არცერთ შეიარაღებულ ოპოზიციურ დაჯგუფებას არ აუღია. თალიბანის სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია არ მონაწილეობდა მკვლელობაში და დაგმო მკვლელების ქმედებები. ასევე, ავღანელი პოლიტიკოსისა და მშვიდობის უმაღლესი საბჭოს წევრის მკვლელობა დაგმეს ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ქარზაიმ, პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე ავღანეთის უსაფრთხოების საერთაშორისო ძალების (ISAF) და ავღანეთის უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების წარმომადგენლებმა, აშშ-ს საელჩომ ავღანეთში.[5]

შემდგომში, 2012 წლის 14 მაისს, ნაკლებად ცნობილი „მულა დადულა ფრონტის“ ჯგუფის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რაჰმანი მათმა ბოევიკებმა მოკლეს ქაბულის მთავრობასთან და უცხო ძალებთან თანამშრომლობის გამო.[6]