არმაღანი
არმაღანი (სომხ. Արմաղան) — ვულკანური მთა სომხეთში, გეღარქუნიქის პროვინციაში. მდებარეობს გეღამისა და ვარდენისის ქედების მიჯნაზე. სიმაღლე 2829,9 მ. კარგად შენახული შლაკურ-ლავური კონუსია. გეგმაში წაკვეთილი კონუსი რამდენადმე გადაჭიმულია მერიდიანული მიმართულებით. აქვს თითქმის სრულყოფილი ფორმა და სწორი კალთები.[1]
არმაღანი | |
---|---|
კოორდინატები: 40°04′13″ ჩ. გ. 45°12′53″ ა. გ. / 40.07028° ჩ. გ. 45.21472° ა. გ. | |
ქვეყანა | სომხეთი |
ტერიტორიული ერთეული | გეღარქუნიქის პროვინცია |
სიმაღლე | 2829,9 მ |
ქედი | გეღამის ქედი ვარდენისის ქედი |
არმაღანის საფუძველის დიამეტრია 2000–2200 მ, ხოლო სიმაღლე 400–450 მ. ლავური მინდორის ფართობია 100 კმ². აგებულია შლაკებით, ლაპილებით, ქვიშებითა და იშვიათი ყუმბარებით. თავის მხრივ, ყუმბარები წარმოდგენილია შლაკური და გრეხილი ნაირსახეობებით.[2]
ყუმბარების ზომებია 10–40 სმ. ფხვიერი მასალებიდან უფრო იშვიათია მცირე ექსპლოზიური ნატეხები, რომელიც გარეგნულად ცოტაოდენ ობსიდიანს მოგვაგონებს. ტიპური მონოგენური ვულკანია, რომლის ასაკი ზოგიერთი მკვლევრის მიერ ჰოლოცენითაა განსაზღვრული.[2]
კონუსის სამხრეთ-დასავლეთ სექტორშია ნახევრადრგოლისებრი ნაპრალი. „ზედა“ ლავები მოკლებულია ექსპლოზიური დანალექების საფარველს. ზედა ნაწილშია კრატერული ძაბრი, რომლის დიამეტრია 400 მ, ხოლო სიღრმე 50 მ. მასში ჩამდგარია არმაღანის ტბა. ძაბრის კალთები დამრეცია; ჩრდილოეთით კრატერის სიღრმე 50 მ-ი, სამხრეთით თხემი დადაბლებულია.[2]
ვულკანის კონუსური სხეული გაკვეთილია არაღრმა სფეროსებრი ღარტაფით, რომელიც კონუსის მწვერვალისპირა ნაწილიდან იწყება და გადაჭიმულია თითქმის საფუძვლამდე ჩრდილო-აღმოსავლური მიმართულებით. ღარტაფის ზემოთებში ჭარბობს დაჟანგული მასალა; ქვემოთკენ მის ადგილს იკავებენ მუქი რუხი და შავი რუხი შლაკები და ლაპილები.[3]
არმაღანის ჩრდილო-დასავლეთ საფუძველთან გვხვდება გვერდითი კრატერი, რომელიც წარმოდგენილია მცირე რგოლისებრი ნაგებობით, რომლის სიმაღლე მერყეობს 4 მ-იდან 25 მ-მდე. კრატერის სიღრმეა 2.5–3 მ. მისი სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი აგებულია ძლიერ დაჟანგული შლაკებით, ლაპილებითა და შლაკური ყუმბარებით, რომელთა ზომებია 30–40 სმ.[2]
კრატერის კიდესთან, იქ, სადაც წარსულში სამლოცველო იდგა 2009 წელს აშენდა გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც ბაზალტის ქვითაა ნაგები. აქვეა ხაჩქარი. არმაღანი ბუნების ძეგლია.[4]