არმათიონიეკლესია, არქიტექტურული ძეგლი დგას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის შუაში, გზის პირას. თარიღდება XVIII საუკუნით. 2008 წელს საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ძეგლს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები: განახლდა სახურავი, აღდგა გარეთა კუთხეების მონგრეული ნაწილები, შიგნით ეკლესია შეილესა გაჯით, შენობის ირგვლივ მოეწყო სარინი, ხოლო გზის გასწვრივ კი რიყის ქვის კედელი.

არმათიონი

ძეგლის აღწერა

რედაქტირება

ეკლესია დარბაზულია (9,5x5,7 მეტრი), ნაგებია ძირითადად რიყის ქვით. გარეთა კუთხეები, კარ-სარკმელთა ღიობები და ლავგარდანი გამოყვანილია კვადრატული აგურით. მთავარი შესასვლელი დასასვლელითაა. კარი შიგნიდან და გარედან სწორკუთხაა. მეორე კარი (ამოშენებულია) ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია. იგი გარედან შეისრული თაღითაა გადახურული, შიგნიდან კი ხის ზღუდრით და მაღალ, შეისრულთაღოვან შეღრმავებაშია ჩასმული.

ეკლესიის შიდა სივრცე დადაბლებულ პროპორციებშია გადაწყვეტილი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე გაჭრილია განიერი, ნახევარწრიული თაღით დასრულებული სარკმელი. თითო მსგავსი სარკმელია სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედელში, შესასვლელის ზემოთ. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში ერთი მოზრდილი, შეისრულთაღოვანი და ერთიც მცირე, ოთხკუთხა ნიშაა, სამხრეთ გვერდში კი ერთი მცირე, ოთხკუთხა ნიშა. აფსიდა დარბაზისგან გამიჯნულია შეისრულიფორმის შეკიდული საბჯენი თაღით (რეაბილიტაციის დროს, თაღის ორივე ქუსვლის ჩამოსწვრივ პილასტრი ააგეს). ამ თაღის გარდა, კამარა კიდევ ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა. მათგან ერთი, დარბაზის შუაშია, მეორე კი დასავლეთ კედელთან, ორივე თაღი პილასტრებზეა დაყრდნობილი. შუა საბჯენი თაღის პილასტრები სამსაფეხურიანი კაპიტელებით არის დაგვირგვინებული, დასავლეთ კუთხის პილასტერები კი უკაპიტელოა. სამხრეთ პილასტრის გვერდებზე, თითო განიერი, შეისრულთაღოვანი ნიშაა, რომლებიც იატაკიდან 0,5 მეტრის სიმაღლეზე იწყება. მსგავსი ნიშა ჩრდილოეთ კედლის დასავლეთნაწილშიცაა. აღმოსავლეთ ნაწილში კი ეკლესიის შესასვლელია მოქცეულია.

შენობის ფასადები ბათქაშითაა გასწორებული და შეთეთრებულია. მათგან მხოლოდ განივი ფასადებია მორთული, აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილია ჯვრის თითო გამოსახულება, რომელთა შეღრმავებული ნაწილი მოპირკეთებულია ცისფრად მოჭიქული აგურით. აღმოსავლეთ ფასადზე მდებარე ჯვრის გვერდებზე, თითო მცირე, ტოლმკლავა ჯვრის შეღრმავებული გაოსახულებაა.

კედლები დასრულებულია ოთხსაფეხურიანი ლავგარდნით, რომელიც შედგება ჩვეულებრივად დაწყობილი და კუთხით შვერილი აგურის რიგების მონაცვლეობით.

ეკლესიის სახურავი გადახურულია ღარისებრი კრამიტით. შენობის სახურავის კეხის დასავლეთ კიდეში, კვადრატულ ბაზისზე, აღმართულია გეგმით წრიული, ზემოთკენ ოდნავ შევიწროებული აგურის სამრეკლო, რომელიც ოთხი ნახევარწრიული თაღით გახსნილ, მაღალ ფანჩატურს წარმოადგენს. თაღები ქუსლებთან გამოყოფილია ორსაფეხურიანი იმპოსტები. თაღებს ლეკალური აგურით ნაწყობი ლილვი შემოუყვება, რომელთა შორის (თაღის დონეზე) თითო, დაახლოებით 0,7 მეტრიანი სიმაღლის ლილვია მოქცეული, მათ ასწვრივ გამოყვანილია უფრო მოკლე ლილვი, რომელიც ლავგარდანზეა მიბჯენილი. თითო ლილვია აყვანილი ღიობების მომაჩარჩოებელი თაღის წვეროდან ლავგარდნამდე. სამრეკლო გადახურულია თუნუქის კონუსისებრი სახურავით, რომელზეც დადგმულია რკინის მაღალი ჯვარი.

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

რედაქტირება