აგურის წყობა
აგურის წყობა — გარკვეული წესით განლაგებული და ერთმანეთთან შეკავშირებული (ძირითადად დუღაბით) აგურების ერთობლიობა.
წყობის ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებს განაპირობებს მასალის თავისებურებები, წყობის სახეობა და შესრულების ხარისხი. ქვის სახეობათა მიხედვით განასხვავებენ ხელოვნური და ბუნებრივი ქვის წყობას. პირველს განეკუთვნება აგურის, კერამიკისა და ბეტონის ბლოკების წყობა, მეორეს — სწორი (თლილი) ან არასწორი (ქვაყორე) ფორმის ბუნებრივი ქვის წყობა. ეს უკანასკნელი ორგვარია: ყორე წყობა და ყორებეტონის წყობა. კონსტრუქციის მიხედვით წყობა შეიძლება იყოს მთლიანი, ღრუ ან შერეული. ღრუ წყობა შედგება რამდენიმე შრისაგან, რომელთა შორის დატოვებულ სივრცეს ჩვეულებრივ თბოსაიზოლაციო ,ასალით ავსებენ. შერეული წყობა მთლიანია, იგი შეიცავს სხვადასხვა მასალის რამდენიმე შრეს. სწორი ფორმის ქვის წყობა ქვის ზომის მიხედვით შეიძლება იყოს წვრილქვიანი, მცირებლოკიანი ან მსხვილბლოკიანი.
წყობაში დუღაბი აკავშირებს აგურებს, თანაბრად ანაწილებს მათ შორის წნევას და ზრდის წყობის სიმტკიცეს და მონოლითობას. წყობის სიმტკიცის გასადიდებლად შეიძლება მისი დაარმატურება ლითონის ღეროებით (არმირებული წყობა). ძველად ფართოდ იყო გავრცელებული უდუღაბო, ე. წ. მშრალი წყობა. წყობის სიმტკიცისა და მონოლითობისათვის აგურს გარკვეული წესით ფენა-ფენა განალაგებენ და ერთმანეთს გადააბამენ (ნაკერების გადაბმა). ნაკერის სისქე საშუალოდ 10-12 მმ. გადაბმის სისტემებია — ორრიგა (ჯაჭვური) და მრავალრიგა. საქართველოში იყენებენ ე. წ. კახურ წყობას (თევზისებური წყობა), მერცხლისკუდა გადაბმას და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გ. ნინუა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 76.
- „მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი საშენი მასალების, არქიტექტურისა და მშენებლობის დარგში“, რედკოლეგია: მ. ნიკოლაიშვილი, გ. მეფარიშვილი, (საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა კომიტეტი), თბ., 1995, გვ. 2