ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში არდა — მთელი მსოფლიო, რომელშიც შედიოდნენ როგორც შუახმელეთი, ასევე ამანი. არდა მდებარეობს ეაში და შექმნილია ერუ ილუვატარის მიერ. ლინგვისტურად ეს არის ვალარულიდან ნასესხები სიტყვის Aþâraphelûn შეცვლილი სახის მქონე სახელწოდება. სავარაუდოდ, სინდარულად მას არდონი ეწოდებოდა. არდა (Arda) ქუენიურად ნიშნავს „სამყაროს“.

არდა იშვა აინურთა მუსიკით, რათა ილუვატარის შვილებს საცხოვრებლად ადგილი ჰქონოდა. არდის მმართველებად ილუვატარმა ვალარები განსაზღვრა. სწორედ მათ შექმნეს მისი გეოგრაფიული სახე, მიანიჭეს მას ფორმა და სიმეტრია.

არდის გასანათებლად ვალარებმა გამოიტანეს ორი მანათობელი - ილუინი (ჩრდილოეთით) და ორმალი (სამხრეთით). აულემ, მჭედელმა, შექმნა ორი კოშკი - ჰელკარი და რინგილი - ჩრდილოეთით და სამხრეთით. თავად ვალარები ცხოვრობდნენ მწვანე კუნძულ ალმარენზე.

ამ პერიოდში მელკორმა პირველად სცადა არდაში დიდი ქაოსის დამყარება. მან გაანადგურა მანათობლები და კოშკები და სამყაროს სიმეტრია დაირღვა. მაშინ წარმოიქმნა კონტინენტები. ასეთი იყო არდა.

გეოგრაფია

რედაქტირება

თავდაპირველად არდა იყო ბრტყელი, როგორც თეფში. კონტინენტებს ირგვლივ უვლიდა ეკაია, გარშემორტყმული ზღვა. დასავლეთისკენ მდებარეობდა ამანის კონტინენტი, რომელშიც შედიოდნენ ვალინორი და პელორის მთები. ტანიქუეტილი იყო უმაღლესი მწვერვალი მათ შორის და საერთოდ, მთელ მაშინდელ სამყაროში. აღმოსავლეთით მდებარეობდა ბელეგაერის დიდი ზღვა.

ბელეგაერს ჩრდილოეთით ერთვოდა ენდორი, ანუ შუახმელეთი. მის დასავლეთს ბელერიანდი, ჩრდილოეთს - დორ დაიდელოსი, ხოლო აღმოსავლეთს პალისორი ეწოდებოდა. ტოლკინის სხვა რუკების მიხედვით, სწორედ პალისორში მდებარეობდა ჰელკარის შიდა ზღვა და კუივიენენის სანაპირო. შუახმელეთში მაშინ დომინირებდნენ მთები და ტყეები.

ენდორის სამხრეთით, სამყაროს სრუტეებით შეერთებული, ტოლკინის ძველი რუკების მიხედვით, მდებარეობდა ახლო მიწები. აღმოსავლეთის დიდი ოკეანის გაღმა მდებარეობდა ბნელი მიწა, იგივე სამხრეთის მიწა. იქ არავინ ცხოვრობდა, რამდენიმე ველური ადამიანის გარდა. შორეული აღმოსავლეთით ძევდა მზის მიწა, მთების ლამაზი ჯაჭვით, სახელად „მზის კედელი“. „ამბარკანტაში“, რომელიც შუახმელეთის ისტორიის წიგნებშია შეტანილი, მას ეწოდება „მზის ბნელი მიწა“. ტანიქუეტილის გვერდით მდებარეობდა კალორმეს მთა.

არდა II ეპოქაში

რედაქტირება

რისხვის ომის დროს ვალარებმა შეცვალეს კონტინენტების ფორმები. ყველაზე მეტად ეს ცვლილებები ბელერიანდს შეეხო. ყოველივე მისი დაძირვით დასრულდა. ვალარმა ოსემ ანდორი, დიდი ვარსკვლავის ფორმის კუნძული, ბელეგაერს მოწყვიტა. სამყარო გადაიშალა მთელ სფეროზე. კონტინენტებმაც გადაინაცვლეს. მეორე დიდი ცვლილება იყო ნუმენორის დანგრევა და დაძირვა. ანდორი დაიფარა წყლით, ხოლო ამანი, ვალართა მიწა, საერთოდ გაქრა მსოფლიოს წრეების მიღმა. მოხვედრა მასში შეუძლებელი იყო, საგანგებოდ განკუთვნილი გზის გარდა.

ნუმენორელები დიდი მოგზაურები და მეზღვაურები იყვნენ. ვარაუდობენ, რომ სწორედ მათ აღმოაჩინეს ბნელი მიწა და მზის მიწა. მაგრამ სხვა მხრივ, ტოლკინი ამანსა და შუახმელეთს მიღმა მდებარე მიწებზე ინფორმაციას მკითხველს არ აწვდის.

არდის სხვადასხვა ფორმა

რედაქტირება

ელფები არდის „წახდენილს“ უწოდებდნენ (ქუენიური - Arda Hastaina). აინურთა მუსიკის ხანაში მას „წაუხდენელი“ ერქვა. ამბობენ, რომ მაშინ სამყაროში ბოროტება არ იყო. წახდენილად არდა მელკორის მიერ დამყარებული ქაოსის შემდეგ იქცა. ელფებს ასევე სწამდათ, რომ დადგებოდა წაუხდენელი არდის ხანაც (Arda Envinyanta). მაგრამ ეს არ მოხდებოდა დაგორ დაგორათის, უკანასკნელი ბრძოლის დღეებამდე.

სხვა სახელწოდებები

რედაქტირება

„არდა“ არის სამყაროს სახელწოდება ქუენიურად. ამის აბსოლუტური ტოლფასია სახელი „ამბარი“, მაგრამ ის აღნიშნავს სამყაროს კოსმიური სფეროების გარეშე. მას აგრეთვე უწოდებდნენ სამყაროს/არდის/მანუეს სამეფოს და მცირე სამეფოს.

ადუნაიკზე სამყაროს ეწოდებოდა კამატი, დაირა ან აბანი (ნუმენორის XIX მმართველის, არ-აბატარიკის პერიოდში).

ვალარულად არდას ერქვა Aþâraphelûn[1].

კარენ ვინ ფონსტადის მიერ შედგენილი ატლასის მიხედვით, ბრტყელი არდის დიამეტრი დაახლოებით 6.800 მილი იყო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება