არაბული ნაციონალიზმი
არაბული ნაციონალიზმი-ნაციონალისტური იდეოლოგია, რომელიც ამტკიცებს, რომელიც ხელს უწყობს არაბული ხალხის ერთიანობას, არაბული ცივილიზაციის დიდებას, არაბთა ენასა და ლიტერატურას. იგი არაბულ სამყაროში პოლიტიკური გაერთიანებისკენ მოუწოდებს.[1] მისი ცენტრალური წინაპირობაა ის, რომ არაბული სამყაროს ხალხი, ატლანტის ოკეანედან ინდოეთის ოკეანემდე, წარმოადგენს ერთ ერს, რომელიც შეკრულია საერთო ეთნიკური წარმომავლობით, ენით, კულტურით, ისტორიით, იდენტობით, გეოგრაფიით და პოლიტიკით.[2][3] არაბული ნაციონალიზმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია დასავლური გავლენის დასრულება არაბულ სამყაროში, რომელიც განიხილება, როგორც არაბთა ძლიერების „ნემესისი“ და იმ არაბული მთავრობების მოცილება, რომლებიც მიჩნეულია დასავლურ ძალაზე დამოკიდებულებად. იგი გახდა ცნობილი მე-20 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიის დასუსტებისა და დამარცხების შემდეგ და დაეცა ექვსდღიან ომში არაბული არმიების დამარცხების შემდეგ.[1][2]
თანამედროვე არაბული ნაციონალიზმის აღზევება
რედაქტირება1911 წელს, მაჰმადიანმა ინტელექტუალებმა და პოლიტიკოსებმა ლევანტიდან ჩამოაყალიბეს ალ-ფატატი ("ახალგაზრდა არაბული საზოგადოება"), პატარა არაბული ნაციონალისტური კლუბი პარიზში. მისი მიზანი იყო „არაბული ერის დონის ამაღლება თანამედროვე ერების დონეზე“. მისი არსებობის პირველ წლებში ალ-ფატატმა მოითხოვა მეტი ავტონომია ოსმალეთის სახელმწიფოში. ალ-ფატატმა უმასპინძლა 1913 წლის არაბთა კონგრესს პარიზში, რომლის მიზანი იყო სასურველი რეფორმების განხილვა. მათ ასევე მოითხოვეს, რომ ოსმალეთის არმიაში გაწვეულ არაბებს არ მოეთხოვათ მსახურება არაარაბულ რეგიონებში, გარდა ომის დროს. თუმცა, როდესაც ოსმალეთის ხელისუფლება არღვევდა ორგანიზაციის საქმიანობას და წევრებს, ალ-ფატატი მიწისქვეშეთში მოღვაწეობდა და მოითხოვა არაბული პროვინციების სრული დამოუკიდებლობა და ერთიანობა.[4]
ნაციონალისტი ინდივიდები უფრო ცნობილები გახდნენ ოსმალეთის ხელისუფლების წლებში, მაგრამ არაბული ნაციონალიზმის იდეამ პრაქტიკულად არ მოახდინა გავლენა არაბების უმრავლესობაზე, რადგან ისინი თავს ოსმალეთის იმპერიის ერთგულ სუბიექტებად თვლიდნენ.[5] ბრიტანელებმა, თავის მხრივ, წაახალისეს მექას შერიფი, რომ წამოეწყო არაბთა აჯანყება პირველი მსოფლიო ომის დროს.[5] ოსმალები დამარცხდნენ და შერიფის ვაჟის, ფაისალ იბნ ალ-ჰუსეინის ერთგული მეამბოხე ძალები დამასკოში 1918 წელს შევიდნენ. ამ დროისთვის, ფეისალი ბევრ ერაყელ ინტელექტუალთან და სამხედრო ოფიცერთან ერთად შეუერთდა ალ-ფატატს.
დამასკო გახდა არაბული ნაციონალისტური მოძრაობის საკოორდინაციო ცენტრი, რადგან იგი განიხილებოდა, როგორც იდეოლოგიის დაბადების ადგილი. იერუსალიმი, ბეირუთი და ბაღდადი რჩებოდნენ მნიშვნელოვან ბაზებად. ფეისალის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ სერიოზული დაძაბულობა არაბულ ნაციონალისტურ მოძრაობაში შესამჩნევი გახდა.[6]
განხეთქილება ჩამოყალიბდა სირიის ქალაქური კლასის სხვადასხვა ოჯახების ნაციონალისტ წევრებსა და ზოგადად ახალგაზრდა ნაციონალისტებს შორის, რომლებიც დაუახლოვდნენ ფაისალს - მის ჰიჯაზის ჯარებს, ერაყელ და სირიელ სამხედრო ოფიცრებს და პალესტინელ და სირიელ ინტელექტუალებს.
ომის დროს, ბრიტანეთი იყო არაბული ნაციონალისტური აზროვნებისა და იდეოლოგიის მთავარი სპონსორი, ძირითადად, როგორც იარაღი ოსმალეთის იმპერიის ძალაუფლების წინააღმდეგ გამოსაყენებლად. მიუხედავად იმისა, რომ არაბთა ძალებს დაჰპირდნენ სახელმწიფოს შექმნას, რომელიც მოიცავდა არაბეთის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილს და ნაყოფიერ ნახევარმთვარეს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის საიდუმლო საიქს-პიკოს შეთანხმება ითვალისწინებდა ამ რეგიონის დიდი ნაწილის ტერიტორიულ დაყოფას ორ იმპერიულ ძალას შორის. ომისშემდგომ წლებში და ბრიტანეთის მანდატის პერიოდში, როდესაც არაბული მიწები საფრანგეთისა და ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ იყო, არაბული ნაციონალიზმი გახდა მნიშვნელოვანი ანტიიმპერიული ოპოზიციური მოძრაობა ევროპული მმართველობის წინააღმდეგ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 "Requiem for Arab Nationalism" by Adeed Dawisha, Middle East Quarterly, Winter 2003
- ↑ 2.0 2.1 Charles Smith, The Arab-Israeli Conflict, in International Relations in the Middle East by Louise Fawcett, p. 220.
- ↑ Sela, 151
- ↑ Choueiri, pp.166–168.
- ↑ 5.0 5.1 Choueiri, pp.171–173.
- ↑ Choueiri, pp.175–176.