აპოლო (კოსმოსური პროგრამა)

(გადამისამართდა გვერდიდან აპოლოს კოსმოსური პროგრამა)

პროგრამა „აპოლო“ (ინგლ. Apollo program), ასევე ცნობილი როგორც პროექტი „აპოლო“ (ინგლ. Project Apollo) — კოსმოსური ფრენების სერია, რომელიც განხორციელებული იქნა NASA-ს მიერ (აშშ) „აპოლოს“ ტიპის კოსმოსური ხომალდის და „სატურნ V“ ტიპის რაკეტა-მატარებლებით 1961-1972 წლებში.

აპოლოს ემბლემა

აპოლოს გასაშვებად გამოიყენებოდა მატარებელი რაკეტა „სატურნ-5“. „აპოლო“ შედგებოდა 2 შეპირაპირებული კოსმოსური ხომალდისაან. ერთ-ერთ ხომალდში, ე. წ. ორბიტულში, თავსდებოდა 3 კოსმონავტი, მთვარის ორბიტაზე გასვლის შემდეგ 2 მათგანი გადადიოდა მეორე ხომალდში, ეშვებოდა მთვარეზე და შემდეგ ისევ ორბიტალურ ხომალდზე ბრუნდებოდა. ამ ხომალდით ასტრომავტები დედამიწაზე ეშვებიან. „აპოლოს“ საერთო მასა ძრავიანად და საწვავიანად დაახლოებით 44 ტონას შეადგენდა. ორბიტალური ხომალდი შედგებოდა ეკიპაჟისათვის განკუთვნილი ნაკვეთურისაგან — დედამიწაზე დასაშვები კონუსის ფორმის აპარატისაგან (მასა 5.6 ტ, ფუძის დიამეტრი — 3.84 მ, სიმაღლე — 3.4 მ) და ძრავის ნაკვეთურისაგან (მასა 22.8 ტ, აქედან 17.6 ტ საწვავია). მთვარის კაბინის მასაა 14.5 ტ, სიმაღლე — 7 მ. კაბინა შედგება 2 საფეხურისაგან: დასაშვები, რომელიც აღჭურვილია დასაფრენი შასით, და ასაფრენი, რომელსაც აქვს ჰერმეტული კაბინა ასტრონავტებისათვის.

აპოლოს პროექტი პირველად ჩაფიქრებულ იქნა 1960 წელს პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერის ადმინისტრაციის დროს, როგორც სამკაციანი კოსმოსური ხომალდი, რომელიც მიჰყვებოდა ერთადგილიან მერკურის პროექტს, რომლითაც მოხდა პირველი ამერიკელი ასტრონავტების კოსმოსში გაშვება. მოგვიანებით, 1961 წლის 25 მაისს კონგრესისადმი მიმართვაში აპოლონი მიეძღვნა პრეზიდენტ ჯონ კენედის ეროვნულ მიზანს 1960-იანი წლებისთვის: "ადამიანის დაშვება მთვარეზე და მისი უსაფრთხოდ დაბრუნება დედამიწაზე". კოსმოსური ფრენის პროგრამა ფრენისთვის, რომელსაც წინ უძღოდა ორკაციანი პროექტი ჯემინი, რომელიც ჩაფიქრებული იყო 1961 წელს კოსმოსური ფრენის შესაძლებლობების გასაფართოებლად აპოლონის მხარდასაჭერად. აღნიშნული მიღწეულ იქნა 1969 წლის 21 ივლისს, აპოლო 11-ის მთვარეზე დაშვებით.

1967 წლის 27 იანვარს, 21 თებერვლისთვის აპოლონის პროგრამით დაგეგმილი პირველი პილოტირებული ფრენისთვის მზადების დროს, კენედის კოსმოსური ცენტრის სასტარტო კომპლექს №34-ზე გაჩნდა ხანძარი, რის შედეგად დაიღუპნენ ასტრონავტები: ვ. გრისომი, ე. უაიტი და რ. ჯაფი.

1966 წლის 25 აგვისტოს განახორციელა აპოლოს პროგრამის რიგით მე-20 სტარტი AS-202-მა (აპოლო 2), რომლის რაკეტა-მატარებლად გამოიყენებოდა სატურნ-1ბ. მიუხედავად რიგითობისა სინამდვილეში AS-202 იყო მესამე, რადგანაც ტექნიკური მიზეზების გამო AS-203-ს (აპოლო 3) გაშვება განხორციელდა უფრო ადრე — 1966 წლის 5 ივლისს.

1967 წლის 9 ნოემბერს განხორციელდა სატურნ-5-ის რაკეტით აპოლო 4-ის უპილოტო გაფრენა მთვარის საცდელი მოდულით. ფრენამ 8 სათზე მეტხანს გასტანა.

1968 წლის 22 იანვარს განხორციელდა სატურნ-1ბ-ის რაკეტით აპოლო 5-ის უპილოტო გაფრენა მთვარის საცდელი მოდულით. ფრენა 23 იანვარს დასრულდა და 11 სააზე მეტი ხანი გასტანა.

1968 წლის 4 აპრილს განხორციელდა აპოლოს პროგრამით გათვალისწინებული უკანასკნელი უპილოტო საცდელი გაფრენა. აპოლო 6-ის ფრენამ ორბიტაზე 10 საათამდე გასტანა.

1968 წლის 11 ოქტომბერს განხორციელდა აპოლოს პროგრამით გათვალისწინებული პირველი პილოტირებადი გაფრენა. აპოლო 7-ის ბორტზე იყვნენ: უ. შირა (მეთაური), დ. აიზლი და უ. კანინგემი. ფრენამ მშვიდობიანად ჩაიარა და 22 ოქტომბერს ეკიპაჟი დედამიწაზე ატლანტიკის ოკეანეში დაეშვა.

1868 წლის 21 დეკემბერს ამ სერიის ხომალდებიდან მთვარისკენ პირველი გაფრენა და მის ორბიტაზე გასვლა აპოლო 8-მ განახორციელა. მის ბორტზე იყვნენ: ფ. ბორმანი (მეთაური), ჯ. ლოველი და უ. ანდერსი. 24 დეკემბერს აპოლო 8 გაყვანილ იქნა მთვარის ირგვლივ ელიფსურ ორბიტაზე (მთვარის ზედაპირიდან უმცირესი მანძილი იყო 112 კმ, უდიდესი — 312 კმ). მთვარის ორჯერ შემოვლის შემდეგ ხომალდის მოძრაობის კორექციის შედეგად ელიფსური ორბიტა გადაიქცა წრიულად. ასტრონავტებმა 10-ჯერ შემოუარეს მთვარეს. გადაიღეს მთვარის ზედაპირის ფოტოსურათები და მოაწყვეს ტელეგადაცემები დედამიწაზე. 25 დეკემბერს ხომალდმა კურსი აიღო დედამიწისაკენ და 27 დეკემბერს წყნარი ოკეანის ზედაპირზე დაეშვა.

1969 წლის 18 მაისს მთვარისაკენ აიღო გეზი ხომალდმა აპოლო 10-მა. ხომალდში ისხდნენ ტ. სტაფორდი (მეთაური), ჯ. იანგი და ი. სერნანი. აპოლო 8-გან განსხვავებით, ხომალდს გამოეყო მთვარის კაბინა და ასტრონავტები ტ. სტაფორდი და ი. სერნანი 15 კმ-ით დაუახლოვდნენ მთვარეს. ამ ხომალდმაც წარმატებით დაამთავრა თავისი პროგრამა და 8 დღე-ღამის ფრენის შემდეგ მშვიდობიანად დაეშვა წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში.

1969 წლის 16 ივლისს სტარტი აიღო კოსმოსურმა ხომალდმა აპოლო 11-მა. მის ბორტზე იყვნენ: ნ. არმსტრონგი (მეთაური), მ. კოლინზი და ე. ოლდრინი. 20 ივლისს აპოლო 11-ის მთვარის კაბინა, რომელშიც ისხდნენ ნ. არმსტრონგი და ე. ოლდრინი, მთვარის ზედაპირზე დაჯდა სიმშვიდის ზღვის რაიონში. 21 ივლისს 6:56 სთ-ზე თბილისის დროით მთვარის ზედაპირზე გადავიდა ნ. არმსტრონგი. 19 წუთის შემდეგ მას შეუერთდა ე. ოლდრინი. ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ასტრონავტები სწავლობდნენ მთვარის ზედაპირზე მოძრაობის პირობებს, იღებდნენ მთვარის ქანების ნიმუშებს, დადგეს საცდელი ხელსაწყოები, დაათვალიერეს მთვარის კაბინა გარედან. მათ მთვარის ზედაპირზე დატოვეს ხუთი მედალი, რომლებზეც გამოსახულნი იყვნენ დაღუპული კოსმონავტები: ი. გაგარინი და ვ. კომაროვი; ასტრონავტები: ვ. გრისომი, ე. უაიტი და რ. ჯაფი. ხომალდის მთვარის კაბინამ თითქმის 22 საათის შემდეგ აიღო სტარტი აპოლო 11-ის ძირითადი ნაკვეთურისაკენ. მათი შეპირაპირების შემდეგ ასტრონავტები მშვიდობიანად დაბრუნდნენ დედამიწაზე და თან ჩამოიტანეს მთვარის ქანების ნიმუშები.

1969 წლის 14 ნოემბერს მთვარისკენ გაფრინდა კოსმოსური ხომალდი აპოლო 12, რომელშიც იყვნენ ასტრონავტები: ჩ. კონრადი (მეთაური), რ. გორდონი და ა.ბინი. 19 ნოემბერს ჩ. კონრადი და ა. ბინი მთვარეზე დაეშვნენ, 20 ნოემბერს აფრინდნენ მთვარის ზედაპირიდან და 24 ნოემბერს მშვიდობიანად დაბრუნდნენ დედამიწაზე. ასტრონავტებმა მთვარეზე დატოვეს საცდელი ხელსაწყო-იარაღები და თან ჩამოიტანეს მთვარის ქანების ნიმუშები.

1970 წლის 11 აპრილს სტარტი აიღო აპოლო 13-მა. ხომალდში ისხდნენ ასტრონავტები: ჯ. ლოველი (მეთაური), ჯ. სიუჯერტი და ფ. ჰეისი. 14 აპრილს ჟანგბადის გადენის გამო თითქმის მთლიანად გამოვიდა წყობიდან კოსმოსური ხომალდის ძირითადი ენერგეტიკული დანადგარი. ამიტომ ხომალდი მთვარეზე არ დაშვებულა და 17 აპრილს დედამიწაზე დაბრუნდა.

1971 წლის 1 თებერვალს სტარტი აიღო აპოლო 14-მა. ხომალდში ისხდნენ: ა. შეპარდი (მეთაური), ს. რუსა და ე. მიჩელი. 5 თებერვალს ს. რუსა და ე. მიჩელი დაეშვნენ მთვარის ზედაპირზე, კრატერ ფრა მაუროს მიდამოში. 6 თებერვალს დატოვეს მთვარე და 10-ში დაეშვნენ დედამიწაზე. ასტრონავტებმა მთვარიდან ჩმოიტანეს 43 კგ გრუნტი.

1971 წლის 7 აგვისტოს წარმატებით დამთავრდა აპოლო 15-ის 12 დღიანი ექსპედიცია მთვარეზე. ეკიპაჟის შემადგენლობაშ იყვნენ: დ. სკოტი (მეთაური), ა. უორდენი და ჯ. ირვინი, რომლებმაც პირველად გამოიყენეს მთვარემავალი.

1972 წლის 16 აპრილს სტარტი აიღო აპოლო 16-მა. ხომალდში ისხდნენ: ჯ. იანგი (მეთაური), ტ. მატინგლი და ჩ. დიუკი. მთვარეზე დაეშვნენ 21 აპრილს (იანგი, დიუკი) და 71 საათი დაყვეს იქ. აქედან 20 საათი და 14 წუთი — მთვარის კაბინის გარეთ. 24 აპრილს ხომალდი დაბრუნდა დედამიწაზე.

1972 წლის 7-19 დეკემბერს პროგრამით გათვალისწინებული უკანასკნელი გაფრენა მთვარეზე ხომალდ აპოლო 17-ით მოეწყო. ხომალდში ისხდნენ ი. სერნანი (მეთაური), რ. ევანზი და ჰ. შმიდტი. კოსმონავტებმა მთვარის ზედაპირზე დაყვეს 75 საათი. აქედან 22 საათი — ხომალდის გარეთ. თან წამოიღეს 113 კგ მთვარის გრუნტი.

1975 წლის 15 ივლისს დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე გავიდა ხომალდი აპოლო, რომელშიც იყვნენ ტ. სტაფორდი, ვ. ბრანდი და დ. სლეიტონი. 17 ივლისს იგი შეუპირაპირდა ორბიტაზე მყოფ საბჭოთა კოსმოსურ ხომალდ სოიუზ-19-ს, რომელსაც მართავდნენ ა. ლეონოვი და ვ. კუბასოვი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება