მეოთხეული სისტემა

(გადამისამართდა გვერდიდან ანთროპოგენური სისტემა)
სისტემა,
პერიოდი
სექცია,
ეპოქა
სართული,
საუკუნე
საუკუნე (Ma)
მეოთხეული ჰოლოცენი მეგჰალაიური 0-0,0042
ჩრდილოგრიპიული 0,0042-0,0082
გრენლანდიური 0,0082-0,0117
პლეისტოცენი 'Tarantian' 0,0117-0,126
'Chibanian' 0,126-0,781
კალაბრიული 0,781-1,80
ჯელასიანი 1,80-2,58
ნეოგენი პლიოცენი პიაჩენცური უფრო ძველი
მეოთხეული სისტემის სტრატიგრაფიული დანაწილების სქემა,
სტრატიგრაფიის საერთაშორისო კომისიის მიხედვით[1]

მეოთხეული სისტემა (პერიოდი), ანთროპოგენური სისტემა (პერიოდი)კაინოზოური ჯგუფის უკანასკნელი სისტემა (დედამიწის გეოლოგიის ისტორიის უკანასკნელი პერიოდი, რომელიც დღესაც გრძელდება). სახელი „მეოთხეული სისტემა (პერიოდი)“ უწოდა 1829 წელს ჟ. დენუაიემ, „ანთროპოგენი“ — ალექსი პავლოვმა 1922 წელს. მეოთხეული სისტემა (პერიოდი)-ის ქვედა საზღვარი და დანაწილება დავას იწვევს. ტრადიციულად მეოთხეული სისტემა (პერიოდი)-ში არჩევენ პლეისტოცენსა და ჰოლოცენს და მეოთხეული სისტემა (პერიოდი)-ის ქვედა საზღვარი პლეისტოცემის ძირში გაჰყავთ. ამ შემთხვევაში მეოთხეული პერიოდის ხანგრძლივობა დაახლოებით 700 ათ. წელია, მაგრამ ზოგიერთი მკვლევარი, XVIII საერთაშორისო გეოლოგთა კონგრესის რეკომენდაციის თანახმად, საზღვრის ხაზს უფრო ქვევით ატარებს - ნეოგენური სისტემის ზღვიური კალაბრიული სართულისა და მისი კონტინენტური ანალოგის - ვილაფრანკული სართულის (ზოგი მკვლევარის აზრით, მისი ზედა ქვესართულის) ძირში (ყოფილ სსრკ-ში - აფშერონული, ზოგჯერ აქჩაგილური სართულის ძირში), რის გამოც ხანგრძლივობა 1,5-2 მლნ. წლამდე იზრდება. ვინაიდან მეოთხეული პერიოდის ნალექების ჩამოყალიბების ხანგრძლივობა სხვა სისტემების სართულების ჩამოყალიბების დროზე ნაკლებია, მას სართულების ნაცვლად, პირობიტად ყოფენ ქვესისტემებად. უფრო დეტალური დანაწილება (ჰორიზონტები) რეგიონულია და მათი კორელაცია სავარაუდოა.

მეოთხეული სისტემის ნალექები უმთავრესად კონტინენტურია (მყინვარული, მდინარეული და სხვა); მცირე ნაწილი ზღვიურია. მეოთხეული პერიოდის ცოცხალი ბუნება არსებითად თანამედროვის მსგავსია (ზღვიური ფაუნა, ფლორა), მხოლოდ ხმელეთის ძუძუმწოვრებში გვხვდება ზოგიერთი ახლა უკვე გადაშენებული ფორმა (მაგ., ხორთუმიანებში, მარტორქებში, ცხენისმაგვარებში, აგრეთვე ადამიანის წინაპრები). ამიტომ მეოთხეული სისტემის დანაწილებაში პალეონტოლოგიური მეთოდის გამოყენება შეზღუდულია და ემყარება კლიმატის ცვალებადობასთან (გამყინვარებები და გამყინვარებათშორისი ეპოქები) დაკავშირებული ცხოველთა და მცენარეთა მიგრაციებს.

მეოთხეული სისტემას ახასიათებს ჰავის მკვეთრი ცვალებადობა, რაც იწვევდა ვრცელი კონტინენტური გამყინვარებისა და გამყინვარებათშორისი ეპოქების ურთიერთმონაცვლეობას. გამყინვარება განსაკუთრებით ძლიერი იყო ევროპაში და ჩრდილოეთ ამიერკავკასიაში. ევროპაში გამყინვარების უმთავრესი ცენტრები ფინეთ-სკანდინავიასა და კუნძულ ახალ მიწაზე მდებარეობდა. აქედან წამოსული კონტინენტური ტიპის მყინვარები ჩრდილოეთ ევროპის დიდ ნაწილს ფარავდა. გარდა ამისა გამყინვარების ლოკალური ცენტრები ალპებში (განსაკუთრებით ძლიერი), კარპატებსა და კავკასიონზე ვითარდებოდა. გამყინვარების ეპოქებში ადგილი ჰქონდა ზღვებში გლაციოევსტატიკურ რეგრესიებს (წყლით დიდი რაოდენობის შეკავება მყინვარების სახით), ხოლო გამყინვარებათშორის ეპოქებში - ტრანსგრესიებს (გამდნარი ყინულის წყლის ოკეანეში ჩაბრუნება). გამონაკლისს წარმოადგენდა კასპიის ზღვა, როგორც დახშული აუზი. გამყინვარების ეპოქებში აქ აორთქლების შემცირება იწვევდა ტრანსგესიებს (მტკვრისა და თერგის დაბლობებში, ვოლგის აუზში), ხოლო გამყინვარებათშორის ეპოქებში, როდესაც აორთქლება იზრდებოდა, ხდებოდა რეგრესიები.

მეოთხეულ ნალექებში გვხვდება საშენი მასალები (სააგურე თიხა, ქვიშა, ხრეში და სხვა მასალები), ტორფი, ოქროს, პლატინის, ძვირფასი ქვებისა და სხვა ქვიშრობული საბადოები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გერასიმოვი ი. პ., მარკოვი კ. კ., მეოთხეული გეოლოგია, თბ., 1952;
  • Марков К. К., Лазуков Г. И., Николаев В. А., Четвертичный период, т. 1-3, М., 1965-1967;
  • Цейнер Ф., Плейстоцен, пер., с англ., М., 1963;
  • Церетели Д. В., Плейвощеновые отложения Грузии, Тб., 1966;