ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანა ლილი ამირპური (სპარს. آنا لیلی امیرپور‎; დ. 26 ნოემბერი, 1980, მარგეიტი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — ირანული წარმოშობის ბრიტანელ-ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მსახიობი. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია თავისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი, „გოგონა ღამით მარტო ბრუნდება სახლში“ (2014). ფილმი ამირპურის 2011 წლის იმავე სახელწოდების მქონე მოკლემეტრაჟიან ფილმზეა დაფუძნებული. მისი პრემიერა 2014 წელს სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართა.

ანა ლილი ამირპური

ამირპური 2014 წელს
დაბადების სახელი ანა ლილი ამირპური
დაბადების თარიღი 26 ნოემბერი, 1980
მარგეიტი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი

სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტი

კალიფორნიის უნივერსიტეტი, ლოს-ანჯელესი
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, მსახიობი
აქტიური 2009-დღემდე

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ამირპური მარგეიტში, ინგლისში (გაერთიანებული სამეფო) დაიბადა. ადრეულ ასაკში მისი ოჯახი მაიამიში, ფლორიდაში გადავიდა. ისინი ბეიკერსფილდში, კალიფორნიაში დასასხლდნენ. ამირპური სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტსა და კალიფორნიის უნივერსიტეტში (ლოს-ანჯელესი) სწავლობდა. იგი 12 წლის ასაკიდან იღებს ფილმებს.

ამირპურს სმენის 30% დაკარგული აქვს.[1]

ამირპურმა თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი 2014 წელს გადაიღო, სახელწოდებით „გოგონა ღამით მარტო ბრუნდება სახლში“. ფილმში შეილა ვანდი, არაშ მარანდი, მარშალ მანეში, დომინიკ რაინსი, მოჟან მარნო და რომი შადანლო თამაშობენ.

2016 წელს გამოვიდა ამირპურის ინგლისურენოვანი ფილმი, სახელწოდებით „ცუდი პარტია“. ფილმში მონაწილეობენ ჯეისონ მომოა, ჯიმ ქერი და კიანუ რივზი. [2] მისი პრემიერა 2016 წლის 6 სექტემბერს ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა და ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო. ფილმის სცენარის წერის შესახებ ამირპური ამბობს: „...მარტო ვწერ. ეს ჩემთვის ძალიან განმარტოებითი პროცესია. მაგრამ ეს კარგია, პირადული მომენტია. ჩემს პერსონაჟებთან ძალიან ინტიმურ დროს ვატარებ. როცა მონახაზს დავასრულებ, შემდეგ გადაწერა იწყება, რასაც ძალიან ბევრჯერ ვაკეთებ. („ცუდი პარტიის“ გადაღებისას) მე, კიანუმ და სუკიმ ძალიან ბევრჯერ ვირეპეტიციეთ. როცა მსახიობები ერთვებიან, გადაწერის პროცესი კოლაბორაციული ხდება.“[3]

ამირპური ფილმის გადაღებისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუსიკას. Indiewire-სთან ინტერვიუში ის ამბობს: „მიყვარს მუსიკა და როგორც კი პერსონაჟების ისტორიაზე ვიწყებ ფიქრს, მაშინვე რაიმე სიმღერა მახსენდება. მუსიკას, რომელსაც ისინი უსმენენ, ბევრი რამის თქმა შეუძლია მათზე“. [4]

 
ამირპური 2017 წელს

მისი ფილმები გამოირჩევა კომპლექსური ქალი პერსონაჟებითა და პოლიტიკური თემებით. როგორც ამირპური ამბობს, მის ნამუშევრებზე გავლენას ახდენს დევიდ ლინჩის, ფრენსის ფორდ კოპოლასა და სერჯო ლეონეს ფილმები.[5]

2015 წელს, The Criterion-თან ინტერვიუში, მან თავისი საყვარელი 10 ფილმი დაასახელა: „მალჰოლენდ დრაივი“ (2001, რეჟ. დევიდ ლინჩი), „მეფე მეთევზე“ (1991, რეჟ. ტერი გილიამი), „ასეთია ცხოვრება, ბალთაზარ“ (1966, რეჟ. რობერტ ბრესონი), „ანტიქრისტე“ (2009, რეჟ. ლარს ფონ ტრიერი), „მოწეულები და აფორიაქებულები“ (1993, რეჟ. რიჩარდ ლინკლეიტერი), „იყო ჯონ მალკოვიჩი“ (1999, რეჟ. სპაიკ ჯონსი), „ზიზღი“ (1965, რეჟ. რომან პოლანსკი), „შეუდარებელი მისტერ ფოქსი“ (2009, რეჟ. უეს ანდერსონი), „მფატრავები“ (1984, რეჟ. ალექს კოქსი), „და ღმერთმა შექმნა ქალი“ (1956, რეჟ. როჯერ ვადიმი).

ამირპურს 8 მოკლემეტრაჟიანი ფილმი აქვს გადაღებული, მათ შორის, „ექვსნახევარი“ (2009), „ნამდვილი სიყვარული“ (2010). 2012 წელს გადაღებულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა, სახელწოდებით „პატარა სუიციდი“, ედინბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაცია მოიპოვა. მისი ჩვენება ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

სრულმეტრაჟიანი ფილმები

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2014 „გოგონა ღამით მარტო ბრუნდება სახლში“ A Girl Walks Home Alone at Night რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი
2016 „ცუდი პარტია“ The Bad Batch რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი

მოკლემეტრაჟიანი ფილმები

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2009 „ექვსნახევარი“ Six and a Half რეჟისორი, სცენარისტი
2010 „ნამდვილი სიყვარული“ True Love რეჟისორი, სცენარისტი
2010 „წიგნი“ Ketab რეჟისორი, სცენარისტი
2011 „Pashmaloo“ Pashmaloo რეჟისორი, სცენარისტი
2011 „გოგონა ღამით მარტო ბრუნდება სახლში“ A Girl Walks Home Alone at Night რეჟისორი, სცენარისტი
2012 „პატარა სუიციდი“ A Little Suicide რეჟისორი, სცენარისტი
2017 „იო! ჩემი წმინდანი“ Yo! My Saint რეჟისორი, სცენარისტი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება