ლარს ფონ ტრიერი
ლარს ფონ ტრიერი (დ. 30 აპრილი, 1956) — დანიელი კინორეჟისორი.
ლარს ფონ ტრიერი | |
---|---|
დაბადების სახელი | ლარს ტრიერი |
დაბადების თარიღი |
30 აპრილი, 1956 კონგენს ლინგბი, დანია |
საქმიანობა | რეჟისორი, სცენარისტი |
ჯილდოები |
2000 — სიბნელეში მოცეკვავე |
ბიოგრაფია
რედაქტირებალარს ფონ ტრიერის მშობლები ნუდისტი კომუნისტები იყვნენ. ტრიერის გადმოცემით, მიუხედავად იმისა, რომ მამამისი ებრაელი იყო, ის მაინც ათეისტურ ოჯახში გაიზარდა და არ იყო რელიგიური. ტრიერის მშობლებს აღზრდის თავისებური მეთოდი ჰქონდათ — მათ უარი თქვეს ყველანაირ წესებზე. პატარა ლარსს თავად უნდა გადაეწყვიტა როდის ეჭამა, ემეცადინა, წასულიყო დანტისტთან და ა.შ. საბოლოო ჯამში ამ მეთოდმა დიდი გავლენა იქონია ტრიერის ფსიქიკაზე და ცხოვრებაზე, ბავშვობაში დისციპლინისა და წესების არარსებობის გამო ის დისციპლინის მოყვარულ ადამიანად ჩამოყალიბდა.
გადაღება ტრიერმა 11 წლიდან დაიწყო, როდესაც მას ვიდეოკამერა აჩუქეს. ის სკოლაში სწავლის პერიოდშიც იღებდა მცირე ფილმებს. 1979 წელს იგი შევიდა დანიური ფილმის სკოლაში. აქ სწავლის პერიოდში გადაიღო ფილმები: „ნოქტურნი“ (1980) და „გათავისუფლების სახე“ (1982), რომლებმაც მიუნჰენის ფილმის ფესტივალზე აიღეს პრიზი საუკეთესო ფილმისათვის. სკოლა ტრიერმა 1983 წელს დაამთავრა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ტრიერმა დაიწყო მუშაობა ევროპის ტრილოგიაზე. ტრილოგიის პირველმა ფილმმა „დანაშაულის ელემენტი“ (1984) გაიმარჯვა კანის კინოფესტივალის ტექნიკური შესრულების ნომინაციაში. მეორე ფილმი, „ეპიდემია“ (1987) შედიოდა კანის ფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში. მესამე ფილმმა „ევროპა“ (1991) მიიღო კანის კინოფესტივალის ჟიურის პრიზი. ამავე პერიოდში ტრიერმა გადაიღო სატელევიზიო ფილმი „მედეა“ (1988) და მიიღო ჟან დ'არსის პრიზი საფრანგეთში. ასევე - 1990 წელს გადაიღო მუსიკალური კლიპი ლეიდ ბექის სიმღერისათვის "Bakerman".
1992 წელს ლარს ფონ ტრიერმა პროდიუსერ პიტერ ალბეკ ჯენსენთან ერთად დააარსა კინოკომპანია „Zentropa Entertainment“, რომელსაც სახელი შეურჩიეს უკანასკნელი გადაღებული ფილმის მიხედვით. ტრიერს უნდოდა მიერო ფინანსური დამოუკიდებლობა და აბსოლუტური თავისუფლება შემოქმედებაში, რის მიღწევაშიც საკუთარი კინოკომპანია დაეხმარებოდა. კინოკომპანიამ გარდა ტრიერის ფილმებისა, ბევრი სხვა ფილმიც გადაიღო, სატელევიზიო სერიების ჩათვლით. იგი ერთადერთია მსოფლიოს ცნობილ სტუდიებს შორის, სადაც სერიოზულ ნამუშევრებთან ერთად, გადაიღეს რამდენიმე პორნოფილმი. იმისათვის, რომ ახალდაფუძნებული კომპანიის ბიუჯეტი შეევსო, ტრიერმა გადაიღო „სამეფო“ (1994) და „სამეფო II“ (1997), რამდენიმე მინისერია, რომლის გადაღებებიც დანიის ნაციონალურ საავადმყოფოში მიმდინარეობდა. სამეფო, ანუ Riget - ამ საავადმყოფოს შემოკლებული, სლენგური სახელწოდებაა. მესამე სეზონის გადაღება შეწყდა ერნესტ-ჰუგო ჟარეგარდის სიკვდილის გამო, რომელიც ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა.
1995 წელს მომაკვდავმა დედამ ლარს ფონ ტრიერს გაუმხილა, რომ კაცი, რომელმაც იგი აღზარდა, არ იყო მისი ბიოლოგიური მამა. ტრიერმა გამოიკვლია ნამდვილი მამის ვინაობა და შეხვდა მას. მამამ არ ისურვა მასთან ურთიერთობის გაგრძელება. ტრიერმა პროტესტის გრძნობის შედეგად, იმისათვის რომ განდგომოდა ებრაელ მამინაცვალს, გადაწყვიტა კათოლიკობის მიღება. ყველა მის მომდევნო ფილმში კი ტრიერი ხაზს უსვამდა გულწრფელობას, სიმართლეს. ამ ყველაფერმა საბოლოოდ გამოიწვია ლარს ფონ ტრიერის მიერ მოძრაობა „დოგმა 95“-ის დაფუძნება. დოგმა 95-ში შემუშავებულმა ტექნიკებმა გავლენა იქონია ფონ ტრიერის შემდეგ ფილმზე, „ტალღებთან მებრძოლი“ (1996), რომელმაც კანის ფესტივალზე გრან პრი აიღო. ფილმში მონაწილეობდა ემილი უოტსონი, რომელიც ნომინირებული იყო კანის ფესტივალზე, როგორც საუკეთესო მსახიობი ქალი. ლარს ფონ ტრიერმა პირველად გადალახა საკუთარი შიში მოგზაურობისადმი, როდესაც ჩავიდა კანის ფესტივალზე პირველი ფილმი-დოგმის, „იდიოტების“ წარსადგენად. ტრიერმა, როგორც დოგმა 95-ის კონცეფციის სულისჩამდგმელმა და ინსტრუქტორმა, დიდი გავლენა იქონია ზოგადად დანიურ ფილმებზე და მიიქცია საერთაშორისო ყურადღება.
2000 წელს ფონ ტრიერმა გადაიღო ფილმი „სიბნელეში მოცეკვავე“, სადაც მთავარ როლში თამაშობდა ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი. ფილმმა კანის ფესტივალზე პრიზი აიღო. ფილმის საუნდტრეკი, სიმღერა - "I've Seen It All", რომელიც თავად ტრიერმა დაწერა, წარდგენილი იყო ოსკარის საუკეთესო სიმღერის ნომინაციაზე. ეს პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ოსკარის ნომინაციაა ტრიერისათვის.
2005 წელს ფონ ტრიერმა დაასრულა მუშაობა ფილმზე „მანდერლეი“. ეს ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ გადაღებული ტრილოგიის მეორე ფილმია. პირველი იყო „დოგვილი“, სადაც მთავარი როლი ითამაშა ნიკოლ კიდმანმა. ფილმმა მრავალმხრივი კრიტიკული შეფასება მიიღო. ზოგი აფასებდა მას, როგორც ძალიან ძლიერს, სულშიჩამწვდომს, მაშინ, როდესაც კრიტიკოსთა მეორე ნახევარი არ აღიარებდა ფილმის რაიმე მნიშვნელობას. 2006 წელს ლარს ფონ ტრიერმა გამოუშვა კომედიური ფილმი "ყველაფრის უფროსი". ფილმი გადაღებული იქნა განსაკუთრებული მეთოდით - რეჟისორი ირჩევს გადაღებისათვის საუკეთესო წერტილს, ამაგრებს კამერას და შემდეგ კომპიუტერი თავად ირჩევს როდის გაადიდოს ან შეამციროს კადრი და ა.შ. ტრიერის ფილმმა „ანტიქრისტე“, რომელიც პირველად 2009 წელს კანის კინოფესტივალზე იქნა ნაჩვენები, კინოკრიტიკოსთა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- მხატვრული ფილმები
- 1984 — დანაშაულის ელემენტი (The Element of Crime) ევროპის ტრილოგიის პირველი ნაწილი.
- 1987 — ეპიდემია (Epidemic) ევროპის ტრილოგიის მეორე ნაწილი.
- 1991 — ევროპა (Europa) ევროპის ტრილოგიის მესამე ნაწილი.
- 1996 — ტალღებთან მებრძოლი (Breaking the Waves) ტრილოგია „ოქროს გულის“ პირველი ნაწილი.
- 1998 — იდიოტები (Idioterne) ტრილოგია "ოქროს გულის" მეორე ნაწილი.
- 2000 — სიბნელეში მოცეკვავე (Dancer in the Dark) ტრილოგია "ოქროს გულის" მესამე ნაწილი.
- 2003 — დოგვილი (Dogville) ტრილოგიის „ამერიკა: შესაძლებლობების ქვეყანა“ პირველი ნაწილი.
- 2005 — მანდერლეი (Manderlay) ტრილოგიის „ამერიკა: შესაძლებლობების ქვეყანა“ მეორე ნაწილი.
- 2006 — ყველაფრის უფროსი (The Boss of It All)
- 2009 — ანტიქრისტე (Antichrist)
- 2011 — მელანქოლია (Melancholia)
- 2014 — ნიმფომანი (Nymphomaniac)
- 2018 — სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა (The House That Jack Built)
- სატელევიზიო ფილმები
- 1988 — მედეა — სატელევიზიო ფილმი
- 1994 — სამეფო — სატელევიზიო მინისერიალი
- 1997 — სამეფო II — სატელევიზიო მინისერიალი
- 2000 — დი—დაგი — სატელევიზიო ფილმი
- 2004 — სპილო
- მოკლემეტრაჟიანი ფილმები
- 1977 — ორქიდეის მებაღე
- 1979 — პიტნა
- 1980 — ნოქტურნა
- 1981 — უკანასკნელი დეტალი
- 1982 — გათავისუფლების სახე
- 2007 — ყველას — საკუთარი ფილმი