ამორძალები ან ამაზონები (ბერძ. Αμαζόνες) — მითური მებრძოლი ქალები, რომლებიც, მითების თანახმად, ცხოვრობდნენ მეოტიდის (აზოვის) ზღვისა და პონტოს ზღვის სანაპიროზე ან მცირე აზიაში. შთამომავლობის შენარჩუნების მიზნით, ამორძალები უკავშირდებოდნენ უცხოტომელ მამაკაცებს და შემდეგ კვლავ სამშობლოში უშვებდნენ. ამის შემდეგ, თუ ვაჟი შეეძინებოდათ, მამასთან გზავნიდნენ, ხოლო ქალებს მეომრებად ზრდიდნენ. ზოგიერთი ძველი მითის მიხედვით, იმ მიზნით, რომ მარცხენა ძუძუს იარაღის ხმარების დროს ხელი არ შეეშალა, ბავშვობაშივე ამოწვავდნენ ხოლმე. ამ მითს ეყრდნობა ზოგიერთი მეცნიერი ამორძალის (ამაძონის) ეტიმოლოგიის დადგენისას („ამაზონ“ ბერძნულად შეიძლება უძუძოს მნიშვნელობით გავიგოთ), მაგრამ ხელოვნების ნიმუშებში ამაძონები გამოსახული არიან ლამაზ, კუნთმაგარ ქალებად, ყოველგვარი დამახინჯებისა და ამომწვარი ძუძუს გარეშე. ამორძალებთან მრავალი მითია დაკავშირებული. მაგალითად, ჰერაკლე იტაცებს ამორძალების დედოფლის — ჰიპოლიტას ქამარს; თეზევსი იტაცებს ამორძალების დედოფალს — ანტიოპეს და ცოლად ირთავს; ამორძალები, დედოფალ პენთესილეას მეთაურობით, ეხმარებიან ტროელებს ტროას ომის დროს, აქილევსი პენთესილეას კლავს ომში და სხვა.

ამორძალები


სქესი: მდედრობითი
გამოსახულებები
„დაჭრილი ამორძალი“, ფიდიასი

ამორძალთა იარაღი იყო ორპირი ცული, მშვილდ-ისარი, შუბი, ნახევარმთვარისებრი ფარი. თქმულებები ამორძალების შესახებ შეიქმნა წინაბერძნულ საზოგადოებაში და უნდა ასახავდეს მატრიარქატის ეპოქას. ლეგენდამ პოპულარობა მოიპოვა შუა საუკუნეებში, კერძოდ დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში, როდესაც მათი ადგილსამყოფელის ძებნაც კი დაიწყეს. ამაძონების სახელთანაა დაკავშირებული ამერიკის უდიდესი მდინარის სახელწოდება „ამაზონი“. ამორძალთა სახეები წარმოდგენილია არაერთ მხატვრულ ნაწარმოებში. მაგალითად, ცნობილია ფიდიასის ქანდაკება „დაჭრილი ამორძალი“. გადატანითი მნიშვნელობით, ამორძალებს უწოდებენ მებრძოლ, ვაჟკაცური თვისებების მქონე ქალებს.

არის ვერსიები, რომ ამორძალები რეალურად არსებობდნენ. ევჰემერისტები იმასაც ამტკიცებენ, რომ ამორძალები მამაკაცები არიან. მათი აზრით, ისინი სინამდვილეში არსებობდნენ, მაგრამ მართლა ქალები კი არ იყვნენ, როგორც ამას ძველი მითოგრაფები გადმოგვცემენ, არამედ წვერ-ულვაშგაპარსული და თმამოშვებული მამაკაცები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება