ალექსი გეგეჭკორი
ალექსი ალექსანდრეს ძე გეგეჭკორი (პარტიული ფსევდონიმი — საშა; დ. 10 (23) ნოემბერი, 1887, სოფელი ნაოღალევი, სენაკის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 7 ივნისი, 1928, ტფილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ბოლშევიკი, რევოლუციონერი, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის ერთ-ერთი შემოქმედი.
ალექსი გეგეჭკორი | |
საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისარი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 ოქტომბერი, 1924 – 7 ივნისი, 1928 | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 თებერვალი, 1922 – 8 ოქტომბერი, 1924 | |
წინამორბედი | ბესარიონ კვირკველია |
მემკვიდრე | შალვა მათიკაშვილი |
დაბადებული | 10 (23) ნოემბერი, 1887 სოფელი ნაოღალევი, სენაკის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 7 ივნისი, 1928 (40 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | საბჭოთა კავშირი |
ეროვნება | ქართველი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაალექსი გეგეჭკორი დაიბადა 1887 წლის 23 ნოემბერს ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრის სოფელ ნაოღალევში, ღარიბი აზნაურის ოჯახში. 7 წლის საშა მშობლებმა სოფლის ორკლასიან სასწავლებელში მიაბარეს, რომლის დამთავრების შემდეგ მარტვილის გიმნაზიაში შევიდა, სადაც უმეტესად ღვთისმეტყველებას და რუსულ ენას ასწავლიდნენ.
1902 წლიდან რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება და იყო რსდმპ წევრი. 1908 წელს კომპარტიის წევრი გახდა. პარტიულ მუშაობას ეწეოდა ბაქოში, ტფილისში, დასავლეთ საქართველოს რაიონებში, რუსეთში — ჩელიაბინსკში, დონის როსტოვში და სხვა. 1907 წელს საშა გეგეჭკორი სამუშაოდ ბორჯომში გადავიდა. ტერორისტული აქტების მოწყობაში ეჭვის მიტანის შემდეგ იგი მეფის ოხრანკამ დააპატიმრა, მაგრამ მამხილებელი საბუთების უქონლობის გამო მალე გაათავისუფლეს. 1908 წელს საშა გეგეჭკორი ხელმეორედ დააპატიმრეს და ჩელიაბინსკის მაზრის სოფელ მიშკინოში გადაასახლეს. როდესაც ჩელიაბინსკიდან მიშკინოში მიჰყავდათ, იგი მცველებს გაექცა და კვლავ ჩელიაბინსკში დაბრუნდა. აქ ის ენერგიულად ჩაება ბოლშევიკური ორგანიზაციის მუშაობაში, მაგრამ ჟანდარმერიის დევნის გამო გადასახლების ადგილი დატოვა და საქართველოში არალეგალურად ჩამოვიდა. ტფილისში მან კავშირი დაამყარა ბოლშევიკებთან. პარტიული ორგანიზაციის დავალებით, ის სამეგრელოში გაიგზავნა, სადაც მეტად მძიმე პირობებში განაგრძო რევოლუციური მუშაობა. 1910 წელს საშა გეგეჭკორი დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში მოათავსეს, ხოლო შემდეგ დონის როსტოვში გადაასახლეს. გამუდმებულმა დევნამ, დაპატიმრებებმა და გადასახლებებმა, ცხოვრების არანორმალურმა პირობებმა სერიოზულად შეარყია მისი ჯანმრთელობა. 1913 წელს პროვოკატორის დასმენით საშა კვლავ დააპატიმრეს, რამდენიმე თვე როსტოვის ციხეში ჰყავდათ, ხოლო შემდეგ პოლტავაში გადაასახლეს. აქ მან განაგრძო არალეგალური მუშაობა. აირჩიეს რსდმპ პოლტავის კომიტეტის შემადგენლობაში. 1914 წლის 27 აპრილს საშა გეგეჭკორი პოლტავაში დააპატიმრეს. 6 ნოემბერს ის ხარკოვის სასამართლო პალატის გამსვლელმა სესიამ გაასამართლა და წლინახევრით პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობის ვადის მოხდის შემდეგ საშა გეგეჭკორი ასტრახანის გუბერნიაში გადაასახლეს, სადაც 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო. მალე იგი ტფილისში დაბრუნდა და დაიწყო ბრძოლა დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. 1918 წლის 20-23 თებერვალს ქუთაისში, რსდმპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის ხელმძღვანელობით გამართულ დასავლეთ ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების კონფერენციაზე, შეიარაღებული აჯანყების საკითხზე სიტყვით გამოვიდა ს. გეგეჭკორი. მან ფ. მახარაძესა და დ. ნასარიძესთან ერთად წინადადება შეიტანა დაუყოვნებლივ მოეწყოთ მშრომელთა შეიარაღებული აჯანყება ამიერკავკასიის კონტრრევოლუციური მთავრობის წინააღმდეგ. კონფერენციაზე საშა გეგეჭკორი პარტიის დასავლეთ ამიერკავკასიის კომიტეტის მებრძოლი შტაბის უფროსად აირჩიეს. მას ასევე დაევალა სამეგრელოს რაიონებში შეიარაღებული აჯანყების მომზადების საქმე. 1918 წლის 7 მარტს საშა გეგეჭკორი სამეგრელოში, მიტინგზე გამოსვლისას მენშევიკებმა დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში გაგზავნეს. პროტესტის ნიშნად ციხეში შიმშილობა გამოაცხადა. ბოლშევიკური ორგანიზაციების, აგრეთვე რევოლუციური მასების დაჟინებულმა მოთხოვნებმა მენშევიკური ხელისუფლება აიძულა, პატიმრობიდან გაენთავისუფლებინა ბოლშევიკები, მათ შორის საშა გეგეჭკორიც. პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ კვლავ აქტიური ბრძოლა დაიწყო მენშევიკების წინააღმდეგ, დარაზმა გლეხობა აჯანყებისათვის. ის და მისი რაზმი მონაწილეობას იღებენ რაჭის, ზუგდიდის, სენაკის, ლეჩხუმისა და დუშეთის მაზრების გლეხთა გამოსვლებში. 1918 წლის ივლისის დასაწყისში საშა გეგეჭკორი და მისი რაზმი სრული შემადგენლობით ვლადიკავკაზში შევიდა. თერგის ოლქის სახკომსაბჭოს დადგენილებითა და თვით საგანგებო კომისრის, სერგო ორჯონიკიძის განკარგულებით, საშა გეგეჭკორის რაზმის ერთ ნაწილს ქალაქის დაცვა დაევალა, ხოლო რევოლუციური წესრიგის დაცვის კომისრად საშა გეგეჭკორი დაინიშნა. გაგრძელდა ბრძოლა კონტრრევოლუციური ბანდების წინააღმდეგ. შემოდგომაზე, საშა გეგეჭკორი თეთრგვარდიელებთან ბრძოლაში, სტანიცა არხონკასთან მძიმედ დაიჭრა და მას მარჯვენა ფეხი მოკვეთეს. 1919 წლის 6 ოქტომბერს იგი დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების შემდეგ, რუსეთის მოთხოვნით, სხვა რევოლუციონერებთან ერთად გაათავისუფლეს.
საქართველოს იძულებითი გასაბჭოების, ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ, 1921 წლის 13 ივნისს, საქართველოს რევკომის ბრძანებით ალექსი გეგეჭკორი ტფილისის რევკომის თავმჯდომარედ დაინიშნა. ის ამავდროულად საქართველოს რევკომის წევრი იყო. 1921 წლის 18 ივნისამდე მუშაობდა საქართველოს უმაღლესი რევოლუციური ტრიბუნალის თავმჯდომარედ. 1922 წლის 25 თებერვალს თბილისში გაიხსნა სრულიად საქართველოს მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოების პირველი ყრილობა, სადაც მიიღეს საქართველოს სსრ პირველი კონსტიტუცია, აირჩიეს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი (ცაკ-ი) და შეიქმნა რესპუბლიკის მთავრობა — სახალხო კომისართა საბჭო. ალექსი გეგეჭკორი საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარად და იმავდროულად, საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. შს სახალხო კომისრად 1924 წლის 8 ოქტომბრამდე მუშაობდა. მან დიდი როლი ითამაშა 1924 წლის აგვისტოს მენშევიკური აჯანყების ჩახშობაში. ის პირადად ხელმძღვანელობდა მენშევიკური ბანდების წინააღმდეგ მიმართულ ყველა ოპერაციას სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდისა და სენაკის მაზრებში. 1924 წლის 8 ოქტომბრიდან საშა გეგეჭკორი საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისარი იყო. ასევე, იყო საქართველოს კპ (ბ) I-V და რკპ (ბ) XI, XV ყრილობების დელეგატი, საქართველოს კპ (ბ) ცკ-ისა, საკავშირო ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ-ის) და საქართველოს სსრ ცაკ-ის წევრი.
1928 წლის 7 ივნისს ალექსი გეგეჭკორმა საკუთარი ხელითა და რევოლვერით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ჯილდოები და მედლები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- თოიძე, ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 30.
- ივანიძე კ., „ალექსი (საშა) ალექსანდრეს ძე გეგეჭკორი“. 1962
- თუშურაშვილი ო., ჯახუა ი., „XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები“, თბილისი, 2013. — გვ. 41-43, ISBN 978-9941-0-5532-4.