ალექსანდრე ლაფაური

ალექსანდრე ლაფაური (დ. 15 ივნისი, 1926, მოსკოვი — გ. 6 აგვისტო, 1975) — ქართველი მოცეკვავე.

ბიოგრფია

რედაქტირება

მამა თბილისელი ჰყავდა, დედა — რიმა ვლადიმიროვა, მოსკოვის მკვიდრი იყო. დაამთავრა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (1944, პედაგოგი: ნ.ი. ტარასოვი) და მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტის საბალეტმაისტერო განყოფილება (1958, პედაგოგი: რ. ვ. ზახაროვი). 1944 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო დიდი თეატრის წამყვანი მოცეკვავე, კლასიკური ცეკვა–დუეტის ოსტატი (პარტნიორები: გალინა ულანოვა, რ. სტრუჩკოვა, მაია პლისეცკაია, თ. სემიონოვა და სხვ.). 1955 წელს გახდა რსფსრ დამსახურებული არტისტი. 1958 წლიდან იყო დიდი თეატრის დამდგმელი ბალეტმაისტერი და რეპეტიტორი. 1945–1961 წლებში ასწავლიდა მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, პარალელურად 1952 წლიდან იყო მოსკოვის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის საბალეტმაისტერო განყოფილების პედაგოგი, პროფესორი (1972).

ალექსანდრე ლაფაურს შესრულებული აქვს ოცზე მეტი როლი, მათ შორის: ინდუსი (პროკოფიევი „კონკია“, 1945). მსახიობი (ასაფიევი, „პარიზის ალი“, 1947). გირეი (ასაფიევი „ბახჩისარაის შადრევანი“). პარისი, კაპულეტი (პროკოფიევი „რომეო და ჯულიეტა“). კომანდორი (კრეინი „ლაურენსია“, 1956) და სხვა. მის მიერ სხვადასხვა თეატრებში დადგმული ბალეტებიდან აღსანიშნავია: გ. ჟუკოვსკის „ტყის სიმღერა“ (1961). ს. პროკოფიევის „პოდპორუჩიკი კიჟე“ (1963, ტარასოვასთან ერთად, დიდი თეატრი). ა. მეტნერის „გაცოცხლებული ლეგენდა“ (1964). არამ ხაჩატურიანის „ფრიალო კლდე“ (1965). „სამშობლოს ძახილი“ (1965) და სხვა. იგი არის ბალეტმაისტერი და დამდგმელი რეჟისორი ფილმ–ბალეტების: „პოდპორუჩიკი კიჟე“ (1969) და „შენი სახელი“ (1970). როგორც მოცეკვავე მონაწილეობდა ფილმ–ბალეტში: „დიდი კონცერტი“ (1951). „რომეო და ჯულიეტა“ (1954) და ტელეეკრანიზაციაში „რაიმონდა“ (ალექსანდრე გლაზუნოვი, 1973).

ალექსანდრე ლაფაურმა გასტროლებით მოიარა მრავალი ქვეყანა: დანია, იტალია, ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, ინგლისი, ბრაზილია, არგენტინა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და სხვა. მიღებული აქვს I პრემია და ოქროს მედალი ბუდაპეშტის მსოფლიო სტუდენტურ ფესტივალზე (1949). მისი მეუღლე იყო რაისა სტრუჩკოვა, ცნობილი ბალერინა და რეპეტიტორი. მათი ერთობლივი თხზულებაა «Как судят Терпсихору?» (1969). ლაფაურს ეკუთვნის აგრეთვე „მოგონებები ლავროვსკიზე“ («Воспоминания о Лавровском»,1983).

ბალეტმაისტერი დაიღუპა ავტოავარიაში 1975 წლის 6 აგვისტოს, მოსკოვში. დაკრძალულია ვედენის სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ, 6, თბ., 1993, გვ. 143
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 280

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება