ალექსანდრე გარსევანიშვილი

ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი

ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილი (დ. 1864, გორი — გ. 1936, გორი) — ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

ალექსანდრე გარსევანიშვილი
დაბ. თარიღი 1864[1]
დაბ. ადგილი გორი
გარდ. თარიღი 1936
გარდ. ადგილი გორი
საქმიანობა ისტორიკოსი და პედაგოგი
მუშაობის ადგილი თბილისის ქართული გიმნაზია
ალმა-მატერი თბილისის კლასიკური გიმნაზია და მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალექსანდრე გარსევანიშვილი დაიბადა 1864 წელს ქალაქ გორში. მწერალ ალექსანდრე სიმონის ძე გარსევანიშვილისა და ანა ელიზბარის ასულ თულაშვილის ოჯახში. ქართული და რუსული წერა-კითხვა ოჯახში შეისწავლა. 8-9 წლის ასაკში თბილისში, მელიქ-ბეგლაროვის კერძო პანსიონში მიაბარეს გიმნაზიისთვის მოსამზადებლად. 1876-1883 წლებში სწავლობდა თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში. 1883 წელსვე ჩაირიცხა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1888 წელს დაამთავრა.

პედაგოგიური მოღვაწეობა

რედაქტირება

ალექსანდრე უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე სამშობლოში დაბრუნდა. მალევე დაინიშნა ქუთაისის ქართულ პროგიმნაზიაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ქუთაისში მოღვაწეობის პერიოდში ალექსანდრე გარსევანიშვილი ორი წლის განმავლობაში უფასოდ ასწავლიდა რუსულ და ქართულ ენასა და ლიტერატურას ახლად დაარსებულ „საკვირაო სკოლაში“. ალექსანდრე გარსევანიშვილი იყო აქტიური წევრი ჯგუფისა, რომელმაც ქუთაისში ჩამოაყალიბა „ქართული წიგნის გამომცემელი ამხანაგობა“. ქუთაისში მანვე ჩამოაყალიბა „ქალ-ვაჟთა წრე“, რომლის მიზანი იყო ქართული სიტყვიერებისა და საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხის გარკვევა. ამ წრემ და აქ წაკითხულმა ლექციებმა დიდძალი საზოგადოება მიიზიდა. კრებები იმართებოდა კვირაობით თავად ალექსანდრეს ბინაზე.

იმ დროისთვის ცნობილ პედაგოგ ალექსი ჭიჭინაძის რეკომენდაციით 1892 წელს ალექსანდრე მიიწვიეს თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის მასწავლებლად.

ალექსანდრე ხელოვნების და კერძოდ მუსიკის დიდი მოყვარული იყო, უკრავდა ვიოლინოზე. თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში უფასოდ ასწავლიდა მუსიკას, რომელიც პირველად მისი თაოსნობით შემოიღეს ამ სკოლაში. ალექსანდრე მუსიკას მანამ ასწავლიდა, სანამ ოფიციალურად არ მოიწვიეს მუსიკის სპეციალისტი. ამავე სკოლაში ალექსანდრემ შეადგინა 18 მოწაფისგან შემდგარი საბავშვო ორკესტრი.

ალექსანდრემ დედაქალაქშიც გააჩაღა საზოგადოებრივი მუშაობა. ამ პერიოდში თბილისში გაიხსნა რამდენიმე საკვირაო სკოლა და ერთ-ერთის გამგეც და მასწავლებელიც თავად ალექსანდრე იყო. მან აგრეთვე ჩამოაყალიბა „მოზრდილ მოსწავლე ქალთა წრე“, სადაც სისტემატურად კითხულობდა ლექციებს საქართველოს ისტორიიდან.

ალექსანდრე გარსევანიშვილი ითვლებოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრად. მის მოვალეობაში შედიოდა საზოგადოების მიერ გამოსაცემი სახალხო წიგნების შესახებ რეცენზიების წარმოდგენა.

1897 წელს ალექსანდრე გარსევანიშვილი წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დააწინაურა და გადაიყვანა ქუთაისის ქართული სკოლის გამგედ, რომელიც შემდგომ გიმნაზიად გადაკეთდა. ალექსანდრემ აქაც შემოიღო მუსიკის სწავლება და თავიდან სრულიად უსასყიდლოდ თავადვე ასწავლიდა. სამი წლის შემდეგ ალექსანდრემ საკუთარი სურვილით დატოვა გიმნაზიის გამგის თანამდებობა და დარჩა რუსული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის მასწავლებლად 1920 წლამდე.

ალექსანდრე გარსევანიშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით 1909 წელს დაარსდა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1920 წლამდე. უნივერსიტეტში მოწვეულ პირთა საშუალებით ალექსანდრე ახერხებდა ლექციების ციკლის ჩატარებას ფოთში, სამტრედიაში, ზუგდიდში, საჩხერეში, ყვირილაში, გორში, ჭიათურაში და სხვ.

1920 წლიდან ალექსანდრე გარსევანიშვილი სამუშაოდ გადადის თავის მშობლიური ქალაქის, გორის პედაგოგიურ ტექნიკუმში. 1923 წლეს გორში დააარსა პატარა სიმფონიური ორკესტრი, რომელიც დიდი სამსახურს უწევდა გორის საზოგადოებას და უფასოდ უკრავდა საზეიმო საღამოებზე.

ლიტერატურული მოღვაწეობა

რედაქტირება

ალექსანდრე გარსევანიშვილის საგანმანათლებლო-პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად აღსანიშნავია მისი ლიტერატურული მოღვაწეობა. იგი რუსულ ენაზე თარგმნიდა ეკატერინე გაბაშვილის, დუტუ მეგრელის, ეგნატე ნინოშვილისა და სხვათა მოთხრობებს და ათავსებდა რუსულ პერიოდულ გამოცემებში. აგრეთვე მის კალამს ეკუთვნის ქართულ და რუსულ პრესაში დაბეჭდილი რამდენიმე კრიტიკული ეტიუდი: „ეკატერინე გაბაშვილის შემოქმედება“, „დუტუ მეგრელი, როგორც ლირიკოსი“, „მარიამ გარიყულის შემოქმედება“, „გლეხი პოეტი იოსებ დავითაშვილი“ და სხვა. ალექსანდრე გარსევანიშვილის პედაგოგიური ხასიათის წერილებიდან აღსანიშნავია: „მე-19 საუკუნის საშუალო სკოლა ევროპასა და რუსეთში“, „სახალხო სკოლა იაპონიაში“, „სახალხო სკოლა და საგლეხო უნივერსიტეტები შვეცია-ნორვეგიაში“, „საფეიქრო სკოლა ფინეთში“, „სწავლა-განათლება შვეიცარიაში“ და ა.შ.

ალექსანდრე გარსევანიშვილი ავტორია რამდენიმე წიგნისა, მათ შორის: „გმირი ქალი, მათე ყაჩაღად წოდებული: (მე-18 საუკ. საქ. ისტორიიდან)“, „უკრაინის მგოსანი ტარას შევჩენკო“, „საფრანგეთის მწერალი ქალი ჟორჟ ზანდი (1804-1876)“.

ალექსანდრე გარსევანიშვილი რედაქტორობდა სხვადასხვა გამოცემებს. მისი რედაქტორობით 1889 წელს ქუთაისში ლიტერატურული კრებული „ცდა“ გამოიცა, სადაც მოთავსებული იყო თავად მისი ისტორიული მონოგრაფია „მეფე ერეკლე II როგორც სარდალი“. აღსანიშნავია მისი დაინტერესება მე-18 საუკუნის საქართველოს ისტორიით. მას არაერთი წერილი თუ გამოკვლევა აქვს მიძღვნილი ამ პერიოდის საქართველოს ისტორიის საკვანძო საკითხებისა თუ ისტორიული პირების შესახებ.

ალექსანდრე გარსევანიშვილი გარდაიცვალა 1936 წელს მშობლიურ ქალაქ გორში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კიკნაძე ზ., ალექსანდრე გარსევანიშვილის პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. - თბილისი, 1959.
  • ჭუმბურიძე დ., "უჩინარი, მაგრამ დიადი" ალექსანდრე გარსევანიშვილი 1864-1936 // ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები. - თბილისი, 2009. N1(5). - გვ.104-122.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება