ადიშის მაცხოვრის ეკლესია

ადიშის მაცხოვრის ეკლესია (მაცხვარ)ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ადიშში, ჩრდილოეთ უბანში, სასაფლაოზე. ეკლესია აგებულია X–XI საუკუნეებში.

ადიშის მაცხოვრის ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ტაძარი ლეჩხუმსა და სვანეთში არქეოლოგიური ექსპედიციისას მოუნახულებია ექვთიმე თაყაიშვილს. მას იქ უნახავს წარწერა კანკელის საწინავე ჯვარზე, რომელიც ასე წაიკითხა:

ვიკიციტატა
„ქ. წმინდაო თევდორე, მეოჴ ეყავ წინაშე ქრისტესა ლიპარიტიანის ძესა, ამინ[1].“

გარდა ამისა ექვთიმე თაყაიშვილს მოყვანილი აქვს მეორე წარწერა, რომელიც ასომთავრულით შესრულებულია ზარზე:

ვიკიციტატა
„ჩვენ მეფემან პატრონმან ალექსანდრე შევსწირეთ სვანეთის ადიშის ტაძარს ზარ ესე ჩვენთვის სადღეგრძელოდ, გასამარჯვებელად და ცოდვათა ჩვენთა შესანდობელად, ამინ[2].“

ექვთიმე თაყაიშვილი ეკლესიის ნივთებს შორს მოიხსენიებს ჯვარს, ზარსა და ცნობილ ადიშის სახარებას. იქვე დასძენს, რომ ამ ნივთების გარდა ეკლესიაში დაცულია მაცხოვრის ორი ნაჭედი ხატი, წამლით დახატული ღვთისმშობლის ხატი და კიდევ სამი ხატი, ნაკლები საშემსრულებლო ოსტატობით დაწერილი.

აღსანიშნავია ეკლესიის მხატვრობა, რომელიც შესრულებულია XII საუკუნეში. ზოგადად ადიშის ეკლესიების კედლის მხატვრობაში ჩანს შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერის ე. წ. სვანური სკოლის სპეციფიკური ნიშნები.

ადიშის მაცხოვრის ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[3].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ე. თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, დაბრუნება, ტ. 2, თბ., 1991, გვ. 267,
  2. ე. თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, დაბრუნება, ტ.2, გვ., 266-267, თბ., 1991
  3. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2019-07-24.