ადენოვირუსული ინფექცია
ადენოვირუსული ინფექცია (ბერძ. aden „ჯირკვალი“, ლათ. virus შხამი) — სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ნაწლავების ლორწოვანი გარსისა და ლიმფური კვანძების დაზიანებაც ახასიათებს. ის წელიწადის ყოველ დროს გვხვდება, მაგრამ ხშირდება შემოდგომა-ზამთარში. ყველაზე მეტად 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის არის გავრცელებული. დაავადების გადატანის შემდეგ, 100-დან 95 შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმში ჩნდება ადენოვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები, ამიტომ მოზრდილებს, რომლებმაც ბავშვობაში იავადმყოფეს, იშვიათად ხვდებათ ან თითქმის უსიმპტომოდ გადააქვთ ეს დაავადება.
მიმდინარეობა და სიმპტომები
რედაქტირებადაავადების გამომწვევია ადენოვირუსი, რომელსაც ახასიათებს:
- სასუნთქი გზების, თვალისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის დაზიანება;
- მაღალი ტოქსიკურობა;
- გარემო პირობებისადმი გამძლეობა (რამდენიმე დღეს ძლებს წყალში, მედიკამენტურ ხსნარებში, საყოფაცხოვრებო საგნებზე);
- დაბალი ტემპერატურის ამტანობა.
56 °C ტემპერატურაზე ადენოვირუსი 30 წუთს ძლებს. იღუპება მასზე ულტრაიისფერი სხივებისა და ქლორის შემცველი პრეპარატების ზემოქმედებით.
ადენოვირუსი ორგანიზმზე სხვადასხვაგვარ ზემოქმედებას ახდენს. ზოგ შემთხვევაში ის ზემო სასუნთქი გზების კატარს იწვევს, ზოგში - კონიუნქტივიტს, პნევმონიას, ფარინგიტს ან სხვა დაავადებას.
ინფექტიის წყაროა დაავადებული ადამიანი, რომელიც ცხვირ-სახიდან ან განავლის მეშვეობით გამოყოფს ვირუსს. ინფექცია უმთავრესად ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა, შედარებით იშვიათად - საკვების, წყლისა და ვირუსით დაბინძურებული საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით.
გამომწვევის ორგანიზმში მოხვედრის წუთიდან მის გამოვლენამდე 2-12 დღე გაივლის. მეტწილად მწვავედ იწყება, მაგრამ სიმპტომები თანმიმდევრობით ჩნდება. ადენოვირუსული ინფექციის პირველი ნიშნებია:
- სხეულის ტემპერატურის მატება. ხშირად ტემპერატურა თანდათანობით იმატებს და მეორე-მესამე დღეს 38-40 °C აღწევს;
- ზემო სასუნთქი გზების კატარული მოვლენები (გამონადენი ცხვირიდან, ხველა);
- კონიუნქტივიტი;
- ინტოქსიკაცია (მოთენთილობა, უმადობა, თავის ტკივილი, ზოგჯერ - ღებინება);
- ლიმფური კვანძების გადიდება (ლიმფადენიტი).
ორგანიზმში ინფექცია უმეტესად ზემო სასუნთქი გზებიდან ხვდება, იშვიათად - თვალებიდან ან ნაწლავებიდან. თავდაპირველად ზიანდება ცხვირისა და ხახის უკანა კედლის ლორწოვანი გარსი და ნუშურა ჯირკვლები. პირველივე დღეებში ჩნდება ჭარბი გამონადენი ცხვირიდან, რომელიც მალე ჩირქოვანი ხდება. ბავშვი ღია პირით სუნთქავს. ყელი გაწითლებული და შეშუპებული აქვს. ადენოვირუსული ინფექციის ხშირი სიმპტომია ხველა, რომელიც პირველივე დღეებიდან ნახველიანია.
ადენოვირუსული ინფექციის დამახასიათებელი ნიშანია თვალის ლორწოვანი გარსის ანთება - კონიუნქტივიტი. მას ამ დაავადების ერთგვარ სავიზიტო ბარათად მიიჩნევენ. ის დაავადების პირველსავე დღეებში იჩენს თავს. ჯერ ერთი თვალი ზიანდება, შემდეგ პროცესი მეორეზეც ვრცელდება. ავადმყოფი უჩივის თვალის წვას, თვალში უცხო სხეულის შეგრძნებას. ქუთუთო ზომიერად გაწითლებული და შეშუპებულია.
თანდათან პროცესში ერთვება ლიმფური კვანძები.
ადენოვირუსს აქვს ფილტვებში შეღწევის უნარი. ის ბრონქების ლორწოვან გარსსა და ალვეოლებში მრავლდება და პნევმონიას იწვევს. ფეკალურ-ორალური გზით ინფიცირებისას ადენოვირუსი ნაწლავებში ხვდება. ასეთ დროს ინფექცია ფაღარათით მიმდინარეობს.
ადენოვირუსული ინფექციის დროს ხშირია მუცლის ლიმფური კვანძების გადიდება (მეზადენიტი), რასაც თან სდევს მუცლის ძლიერი შეტევითი ტკივილი და მწვავე აპენდიციტის გამორიცხვას მოითხოვს.
ტემპერატურა ნორმას უმეტესად 5-7 დღეში უბრუნდება, თუმცა 2-3 კვირასაც შეიძლება გაგრძელდეს. ზოგჯერ ტემპერატურა ტალღისებრია - იმატებს და იკლებს. სურდო 1-4 კვირას გრძელდება, კონიუქტივიტი - 7 დღეს.
ახალშობილებსა და ჩვილებს შესაძლოა თანდაყოლილი ადენოვირუსული ინფექცია აღმოაჩნდეთ. ნაყოფი მუცლადყოფნის პერიოდში ინფიცირდება. დაავადების პირველი ნიშნები დაბადებისთანავე იჩენს თავს. ის პნევმონიის ან ზემო სასუნთქი გზების კატარის მსგავსად მიმდინარეობს. სხეულის ტემპერატურა ნორმალური ან ოდნავ მომატებულია. დამახასიათებელია ხველა და სუნთქვის გაძნელება.
ადენოვირუსული ინფექცია შეიძლება გართულდეს შუა ყურის ოსტიტით, სინუსიტით და პნევმონიით. ამიტომ აუცილებელია დროული და ადეკვატური მკურნალობა.
მკურნალობა
რედაქტირება- მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დროს - წოლითი რეჟიმი სახლში;
- მცირე ასაკისა და რთული მიმდინარეობის შემთხვევაში - ჰოსპიტალიზაცია;
- ვიტამინებით მდიდარი დიეტა, ინტოქსიკაციის პერიოდში - ხორცის შეზღუდვა;
- ინტერფერონის ჯგუფის პრეპარატები;
- ცხელებასთან ბრძოლა (სპირტით დაზელა, სიცხის დამწევი პრეპარატების მიცემა);
- კონიუნქტივიტის დროს - ოქსოფლინის თვალის მალამო, 0,2%-იანი დეზოქსირიბონუკლეაზას ხსნარი (ჩასაწვეთებლად).
- ექიმის მიერ შერჩეული წვეთების ცხვირში ჩაწვეთება;
- ამოსახველებელი პრეპარატები;
- ანტიბიოტიკოთერაპია;
- პოლივიტამინები;
- ფიზიოთერაპია (მაგალითად, უმს სხივები ცხვირის მიდამოში)
პროფილაქტიკა
რედაქტირება- ავადმყოფის იზოლაცია;
- ოთახის ხშირი განიავება;
- ავადმყოფის ჭურჭლისა და თეთრეულის დამდუღვრა;
- ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი ბავშვებისთვის - ინტერფერონი ან ლაფერონი (ცხვირში ჩასაწვეთებლად), ელეუტერკოკი ან იმუნალი;
- ორგანიზმის გაკაჟება და ვიტამინები.
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მითითებას ჯანმრთელობის თემებზე! |
სქოლიო
რედაქტირებაჟურნალი "ოჯახის მკურნალი" #13 (151) 2007 წ.