აგნეს ბრანდენბურგელი

აგნეს ბრანდენბურგელი (გერმ. Agnes von Brandenburg, დან. Agnes af Brandenburg; დ. 1257 — გ. 29 სექტემბერი, 1304) — ასკანიათა დინასტიის წარმომადგენელი. დანიის დედოფალი 1273-86 წლებში როგორც ერიკ V-ის მეუღლე. დანიის ორი მეფის: ერიკ VI-ისა და კრისტოფერ II-ის დედა. იგი იყო თავისი ვაჟის, ერიკ VI-ის რეგენტი 1286-93 წლებში.

აგნეს ბრანდენბურგელი
დანიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 11 ნოემბერი, 1273
მმართ. დასასრული: 22 ნოემბერი, 1286
წინამორბედი: მარგარეტ სამბირია
მემკვიდრე: ინგებორგ შვედი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1257
გარდ. თარიღი: 29 სექტემბერი, 1304
მეუღლე: ერიკ V, დანიის მეფე
გერჰარდ II, ჰოლშტაინ-პლოინის გრაფი
შვილები: ერიკ VI, დანიის მეფე
კრისტოფერ II, დანიის მეფე
მართა, შვედეთის დედოფალი
დინასტია: ასკანიები
მამა: იოჰან I, ბრანდენბურგის მარკგრაფი
დედა: ბრიჯიტ საქსონიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

აგნესი დაიბადა 1257 წელს. იგი იყო ბრანდენბურგის მარკგრაფ იოჰან I-ისა და მისი მეუღლის, ბრიჯიტ საქსონიელის ასული, რომელიც თავის მხრივ საქსონიის ჰერცოგ ალბრეხტ I-ის ქალიშვილი იყო.

1273 წლის 11 ნოემბერს, შლეზვიგში, იგი დაქორწინდა დანიის მეფე ერიკ V-ზე. ქორწინება შედგა ერიკის ბრანდებურგში ტყვეობიდან (1261-64) გამოსახსნელად, რითაც შედგა ბრანდენბურგ-დანიის ალიანსი. ტრადიციულად, დანიის მეფეთა და არა მხოლოდ დანიის მეფის ცოლებს მზითვში აურაცხელი სიმდიდრე და ზოგჯერ დიდი მამულებიც მიჰქონდათ, თუმცა აგნესს მზითვში არაფერი წაუღია, რადგანაც იოჰან I-მა განაცხადა, რომ მისი მზითვი ერიკის განთავისუფლება იყო.

1286 წელს ერიკი დიდებულებმა ნადირობისას მოკლეს. ამის შემდეგ ტახტზე მათი თორმეტი წლის ვაჟი, ერიკ VI ავიდა, რომელსაც მცირეწლოვანების გამო რეგენტად აგნესი დაენიშნა. რეალურად აგნესი დიდებულთა მარიონეტად იქცა და თავად კი არ მართავდა ქვეყანას, არამედ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე. 1290 წელს აგნესმა დააფინანსა ქალაქ რინგსტედის წმ. ბენედიქტეს ტაძრის რესტავრაცია, რის გამოც დედოფალი აგნესი ამ ტაძრის შიდა გუმბათზეა გამოსახული. ეს ერთადერთი რამაა, სადაც აგნესია გამოსახული. 1293 წელს მისი ვაჟი სრულწლოვანი გახდა და დასრულდა მისი რეგენტობაც.

რეგენტის სტატუსის მოხსნიდან სულ მალე, 1293 წელსვე იგი მეორედ გათხოვდა ჰოლშტაინ-პლოინის გრაფ გერჰარდ II-ზე. მათ მხოლოდ ერთი საერთო ვაჟი, გრაფი იოჰან III შეეძინათ. მეორე ქორწინების შემდეგ მართალია იგი გერმანიაში გადასახლდა, თუმცა დანიას ხშირად სტუმრობდა. იგი გარდაიცვალა 1304 წელს და დაკრძალეს მისი პირველი ქმრის გვერდით.

აგნესს მეუღლისგან ჰყავდა შემდეგი შვილები:

  1. რიჩეზა (1272-1308), ცოლად გაჰყვა ერლ ნიკოლას II ვერლეს, რომელთა შვილთაშვილის შვილიშვილიც იყო დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის მეფე კრისტიან I;
  2. ერიკ VI (1274-1319), დანიის მეფე 1286-1319 წლებში. ცოლად შეირთო ინგებორგ შვედი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  3. კრისტოფერ II (1276-1332), დანიის მეფე 1319-1332 წლებში. ცოლად შეირთო ეფემია პომერანიელი, რომელთანაც ექვსი შვილი შეეძინა, ასევე ჰყავდა ორი უკანონო ვაჟიც;
  4. მართა (1278-1341), ცოლად გაჰყვა შვედეთის მეფე ბირგერს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  5. კათარინა (1281-1283), დაიღუპა მცირეწლოვანი;
  6. ვალდემარი;
  7. ელიზაბეთი;

მას მეორე ქმართან მხოლოდ ერთი ვაჟი ჰყავდა:

  1. იოჰან III (1297-1359), ჰოლშტაინ-პლოინის გრაფი, პირველად იქორწინა კათარინა სილეზიელზე, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა, მეორედ კი ცოლად მერისლავა შვერინ-ვიტენბურგელი შეირთო, თუმცა მასთან შვილები არ ჰყოლია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Alf Henrikson: Dansk historia (Danish history) (1989)
  • Sven Rosborn (In Swedish): När hände vad i Nordens historia ('When did what happen in the history of the Nordic countries') (1997)