ერიკ VI (დან. Erik 6.; დ. 1274 — გ. 13 ნოემბერი, 1319) — ესტრიდსენთა დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე ერიკ V-ისა და აგნეს ბრანდენბურგელის ვაჟი. დანიის მეფე 1286-1319 წლებში. 1286-93 წლებში მართავდა დედის რეგენტობის ქვეშ.

ერიკ VI
დანიის მეფე
კორონაცია: 25 დეკემბერი, 1287
მმართ. დასაწყისი: 22 ნოემბერი, 1286
მმართ. დასასრული: 13 ნოემბერი, 1319
წინამორბედი: ერიკ V
მემკვიდრე: კრისტოფერ II
რეგენტი: აგნეს ბრანდენბურგელი
(1286-1293)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1274
გარდ. თარიღი: 13 ნოემბერი, 1319, (44-45 წლის)
მეუღლე: ინგებორგ შვედი
დინასტია: ესტრიდსენები
მამა: ერიკ V, დანიის მეფე
დედა: აგნეს ბრანდენბურგელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ერიკი დაიბადა 1274 წელს. იგი იყო დანიის მეფე ერიკ V-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ აგნეს ბრანდენბურგელის უფროსი ვაჟი. მას შემდეგ, რაც 1286 წელს დიდებულებმა მამამისი ნადირობისას მოკლეს, მცირეწლოვანი ერიკ VI დანიის მეფე ხდება, რეგენტად კი დედამისი, დედოფალი აგნესი ენიშნება. 1293 წელს იგი სრულწლოვანი გახდა და თავად შეუდგა ქვეყნის მართვას. 1296 წელს ცოლად შეირთო ინგებორგ შვედი.

ერიკის მმართველობის დასაწყისი, რომელიც დედამისისა და მისი გერმანელი ნათესავების მმართველობას მოიცავს, ხასიათდება ხშირი აჯანყებებითა და შიდა ომებით. მას შემდეგ, რაც იგი ნორვეგიის მეფესთან ალიანსში შევიდა, ბევრი დიდებული განუდგა. ამასთან გაჩნდა ახალი საეკლესიო კონფლიქტი. მას იენს გრანდი ემტერებოდა, რომელსაც ქორეპისკოპოსის წოდება ჰქონდა. 1294 წელს მეფემ იგი დააპატიმრა, თუმცა მან ორ წელიწადში გაქცევა მოახერხა. ეს კონფლიქტი მხოლოდ 1302 წელს პაპის ჩარევითა და მეფის დე-ფაქტო გამარჯვებით დასრულდა. რაც შეეხება ნორვეგიის კონფლიქტს, იგი კომპრომისზე წავიდა, რომელმაც დანიელი დიდებულები დააკმაყოფილა.

ამ ყოველივეს შემდეგ მან თავისი დიდი ბაბუის, ვალდემარ II-ის პოლიტიკა განაგრძო და მეკლენბურგის ჰერცოგთან ერთად აქტიურად ჩაება ჰანზას კავშირისა და ბრანდენბურგის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც ჩანს, მან მოახერხა დანიისათვის ძველი დიდების დროებით დაბრუნება. ერიკი ასევე ჩაერია შვედეთის ტახტისთვის ბრძოლაში, სადაც იგი თავისი ძმის კანდიდატურას აყენებდა, მაგრამ ამაოდ.

ხანგრძლივმა საგარეო ომებმა, სამეფო ოჯახის ფუფუნებამ და მეფის ექსტრავაგანტულობამ გამოფიტა დანიის ეკონომიკა. მის ამ პოლიტიკას დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ როგორც მაგნატები, ისე გლეხები, თუმცა ომებს მაინც არ წყვეტდა. ამას 1313 წელს იუტლანდში გლეხთა აჯანყება მოჰყვა, რომლის ჩახშობაშიც ერიკს გერმანული ჯარები დაეხმარნენ. ამის შემდეგ დანიაში სულ უფრო იზრდებოდა გერმანელთა გავლენები. იგი 1319 წლის 13 ნოემბერს გარდაიცვალა, ისე, რომ შვილი არ დარჩა, რასაც დანიაში მემკვიდრის კრიზისი და სავალალო მდომარეობა მოჰყვა. საბოლოოდ ტახტი მისმა ძმამ, კრისტოფერ II-მ დაიკავა, რომელსაც ტახტში მისივე ვაჟები ეცილებოდნენ, რამაც დანია კვლავ სამოქალაქო ომების ეპოქაში დააბრუნა და საგარეო პოლიტიკისთვის აღარავის ეცალა.

ქორწინება და შვილები

რედაქტირება

1296 წლის ივნისში ერიკმა ცოლად შეირთო შვედეთის მეფე მაგნუს III-ის ასული და მეფე ბირგერის და, ინგებორგ შვედი, რომელთანაც მართალია ჰყავდა შვილები, თუმცა ყველა ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. მათი შვილები იყვნენ:

  1. ვალდემარი (?-1302), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. ერიკი;
  3. მაგნუსი;
  4. უსახელო ვაჟი (დ./გ. 1318);

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Arup, Erik (1951) Danmarks historie (Copenhagen: Hagerup)
  • Fagerland, Tor Einar (2006) Krigføring og politisk kultur i nordisk middelalder, (NTNU)
  • Hørby, Kai (1989) Gyldendals og Politikens -danmarkshistorie. 1250-1400 (Copenhagen: Gyldendal)