მარგარეტ სამბირია
მარგარეტ სამბირია (გერმ. Margarete Sambiria, დან. Margrete Sambiria; დ. 1230 — გ. 1282) — დანიის დედოფალი 1252-59 წლებში როგორც კრისტოფერ I-ის მეუღლე. თავისი ვაჟის, დანიის მეფე ერიკ V-ის რეგენტი 1259-64 წლებში. იგი იყო დანიის ისტორიაში პირველი ქალი, რომელიც ფორმალურად მაინც მართავდა ქვეყანას. იგი 1266-82 წლებში ერთპიროვნულად მართავდა დანიის ესტონეთს.
მარგარეტ სამბირია | |
---|---|
დანიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 29 ივნისი, 1252 |
მმართ. დასასრული: | 29 მაისი, 1259 |
წინამორბედი: | მატილდა ჰოლშტაინელი |
მემკვიდრე: | აგნეს ბრანდენბურგელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1230 |
გარდ. თარიღი: | დეკემბერი, 1282 |
მეუღლე: | კრისტოფერ I, დანიის მეფე |
შვილები: | ერიკ V, დანიის მეფე |
მამა: | შამბორ II, პომერანიის ჰერცოგი |
დედა: | მატილდა მეკლენბურგელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებამარგარეტი დაიბადა 1230 წელს. იგი იყო პომერანიის ჰერცოგ შამბორ II-ისა და მისი ცოლის, მატილდა მეკლენბურგელის ასული.
მას დანიასთან კავშირი თავისი პაპა-ბებიის, მეკლენბურგის ჰერცოგ ჰაინრიხ II-ისა და კრისტინა სკონელის ხაზით ჰქონდა. ლედი კრისტინა იყო დანიის ყველაზე დიდი და ძლევამოსილი მაგნატური ოჯახის შთამომავალი, რომლებიც ზელანდიას მართავდნენ. მარგარეტის სახელი ამ დროისათვის ჩრდილო გერმანიაში ძალიან იშვიათი იყო. იგი მას დაარქვეს თავისი დიდი ბებიის, XI საუკუნეში, შვედეთის მეფე ინგე I-ის ასულ მარგარეტ შვედის პატივსაცემად, რომელიც ცოლად მარგარეტის პაპას გაჰყვა ცოლად.
დანიის დედოფლობა
რედაქტირება1248 წელს მარგარეტი ცოლად გაჰყვა დანიის მეფე ვალდემარ II-ის ნაბოლარა ვაჟს, პრინც კრისტოფერს. ამ დროისათვის დანიის მეფე ჯერ კიდევ კრისტოფერის უფროსი ძმა, მეფე ერიკ IV იყო. 1250 წელს ერიკი მათმა ძმამ, აბელმა მოკლა, რომელიც 1252 წელს ბრძოლის ველზე მოკლეს. ამ ყოველივეს გათვალისწინებით დანიის მეფე მარგარეტის ქმარი, კრისტოფერ I გახდა. 1252 წლის 25 დეკემბერს, მარგარეტი და კრისტოფერი ერთად ეკურთხნენ დანიის მეფე-დედოფლად.
უკვე როგორც დედოფალი, მარგარეტი აქტიურად იყო ჩაბმული პოლიტიკაში. კრისტოფერს თავისი მეფობისას კონფლიქტი ჰქონდა იარლ ერლენდენთან, რომელიც ლუნდის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი იყო. იგი თავისი ეპარქიის სამეფო გვირგვინისაგან ავტონომიას მოითხოვდა. ამაზე უარის შემდეგ მან არმიის შეგროვება დაიწყო, რის გამოც მეფემ იგი დააპატიმრა.
დანიის რეგენტი
რედაქტირება1259 წლის 29 მაისს მისი ქმარი გარდაიცვალა, იგი თევზით იქნა მოწამლული. ტახტზე მათი ვაჟი — ერიკ V ავიდა, რომელიც მხოლოდ ათი წლის იყო. ყოველივე ამის გამო, ქვეყანა რეგენტს უნდა ემართა, რომელიც პირველად დანიის ისტორიაში ქალი გახდა. დანიელმა დიდებულებმა რეგენტად დედოფალი მარგარეტი დანიშნეს, მეფის სრულწლოვანებამდე, რაც მომდევნო ხუთ წელს გულისხმობდა. იგი იყო დანიის ისტორიაში პირველი ქალი, რომელსაც ქვეყნის მართვის ნება დართეს.
რეგენტი მარგარეტი კვლავ იარლ ერლენდენთან არსებული კონფლიქტის წინაშე დადგა. იგი საბოლოოდ იძულებული გახდა, რომ ეპისკოპოსი თანამდებობიდან მოეხსნა, მაგრამ ეკლესიასა და მთავრობას შორის უთანხმოება გრძელდებოდა. ლუნდის ეპარქია კვლავ განაგრძობდა ავტონომიის მოთხოვნას. ეს პრობლემა მხოლოდ ერიკის სრულწლოვანების დროს იქნა გადაჭრილი. აქამდე მარგარეტი თავად რომის პაპთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს და დახმარებას სთხოვდა.
იგი ასევე იცავდა თავისი შვილის უფლებებს ტახტზე, რომელზეც პრეტენზია მისი მაზლის, განსვენებული მეფე აბელის ვაჟებს ჰქონდათ. მის ვაჟებს ამბიციებით აბელის ქვრივი, წარსულში დედოფალი, მატილდა ჰოლშტაინელი ტენიდა, რომელიც მეტად ინტრიგების მოყვარული ქალბატონი ყოფილა, რის გამოც იგი დანიელ ხალხს სძულდა. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ დამტკიცდა, რომ მისი ვაჟის მემკვიდრეობა სხვა მონარქთა შთამომავლების მემკვიდრეობაზე უფრო უპირატესი იყო.
მატილდა ჰოლშტაინელთან არსებული კონფლიქტი საბოლოოდ იმით დაგვირგვინდა, რომ მარგარეტმა დახმარება მატილდას ძმებს სთხოვა, რომელთაც დის გაჩუმების სანაცვლოდ სამხრეთ დანიაში დიდი მიწები მისცა. მიუხედავად ამისა, მატილდა მაინც არ გაჩერდა. 1261 წელს, ლოენდეს დაკარგვის შემდეგ, მარგარეტმა თავის ვაჟთან ერთად მოწამლა მატილდას ვაჟი, ჰოლშტაინის გრაფი, რითაც ტახტზე დავა შეწყდა. ამით გაბოროტებული მატილდა უცხოელებს შეეკრა. მარგარეტმა ვერ მოახერხა ხელი შეეშალა მატილდასა და შვედეთის რეგენტ ბირგერ იარლის ქორწინება. ამასთან, მატილდამ თავისი მაზლის ასულები შვედეთისა და ნორვეგიის მეფეებზე დააქორწინა. ამის შემდეგ, ტახტზე პრეტენზია მარგარეტის მეორე მაზლის, ერიკ IV-ის ქალიშვილებმა, ახლა უკვე შვედეთის დედოფალმა სოფია და ნორვეგიის დედოფალმა ინგებორგ დანიელებმა განაცხადეს.
ამ ყოველივეს შესახებ, 1263 წელს მარგარეტმა წერილი მისწერა პაპ ურბან IV-ს, რომელსაც ამცნო, რომ ქალები უკანონოდ ითხოვდნენ მისი ვაჟის ტახტს. მართალია ახლა ვერა, თუმცა მას შემდეგ, რაც ერიკ V უშვილოდ დაიღუპა, ტახტზე მაინც მათი შვილები ავიდნენ.
თავის დროზე მარგარეტს დანიაში საკმაოდ კარგი, კომპეტენტური და განათლებული რეგენტის რეპუტაცია ჰქონდა. ამას ადასტურებენ მისი მეტსახელებიც, რომლებიც მას ხალხმა შეარქვა, მაგალითად: „შავი გრეტა“ (დან. Sorte Grete) და „ცხენივით დიდებული“ (დან. Sprænghest).
დანიური ესტონეთის მმართველი
რედაქტირებამას შემდეგ რაც მის ვაჟს თხუთმეტი წელი შეუსრულდა (იმ დროისათვის სრულწლოვანების ასაკი), 1264 წელს მარგარეტს ჩამოერთვა რეგენტის წოდება. შეიძლება ითქვას, რომ მას უკვე პენსიაზე გასვლა სურდა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ მარგარეტს უნდოდა დაეტოვებინა სამეფო კარი და ფალსტერის სასახლეში გადასულიყო. მიუხედავად ამისა, იგი განაგრძობდა დანიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურის ცხოვრებას და კვლავ დიდი გავლენა ჰქონდა პოლიტიკაზე.
1266 წელს, მისმა ვაჟმა მარგარეტს დანიის ესტონეთის მმართველობა უბოძა. მან მალევე დაიმსახურა ესტონელთა დიდი სიყვარული დაიმსახურა. იგი აქტიურად მართავდა ესტონეთს. ის სწორედ აქ გადასახლდა და დანიასთან აქტიური კონტაქტიც შეინარჩუნა.
1270 წელს მან დააფუძნა როსტოკის წმინდა ჯვრის სააბატოს ფონდი, სადაც შემოწირული ფულით მან ეკლესია-მონასტრების აღდგენას მიჰყო ხელი.
მარგარეტი გარდაიცვალა 1282 წლის დეკემბერში. იგი დაკრძალეს მის მშობლიურ გერმანიაში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ცისტერციანელთა სააბატოში.
შვილები
რედაქტირება1248 წელს კრისტოფერმა ცოლად შეირთო პომერანიის ჰერცოგ შამბორ II-ის ასული მარგარეტ სამბირია, რომელთანაც შეეძინა შვილები:
- ერიკ V (1249-1286), დანიის მეფე 1259-1286 წლებში. ცოლად შეირთო აგნესა ბრანდენბურგელი, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა;
- ნილსი (1259), დაიღუპა ჩვილი;
- ვალდემარი, დაიღუპა ჩვილი;
- მატილდა (1250-1300), ცოლად გაჰყვა ბრანდენბურგ-ზალცვედელის მარკგრაფ ალბრეხტ III-ს, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა;
- მარგრეტე (1257-1306), ცოლად გაჰყვა ჰოლშტაინ-კიელის გრაფ იოჰან II-ს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
ლიტერატურა
რედაქტირება- Anne J. Duggan, ed (2002) Queens and Queenship in Medieval Europe (Boydell Press) ISBN 9780851158815
- John Carmi Parsons, ed (2016) Medieval Queenship (Springer Publishing Company) ISBN 9781137088598
- Unverhau, Henning (1990). "Margarethe Sambiria of Pomerelia". Historischen Kommission bei der Bayerischen Akademie der Wissenschaften.
- Pyl, Theodor (1884). "Margaretha, Duchess of Eastern Pomerania". Historischen Kommission bei der Bayerischen Akademie der Wissenschaften and the Bayerischen Staatsbibliothek