ერიკ IV მეპატრონე (დან. Erik 4. Plovpenning; დ. 1216 — გ. 9 აგვისტო, 1250) — ესტრიდსენების დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე ვალდემარ II-ისა და დედოფალ ბერენგარია პორტუგალიელის უფროსი ვაჟი და მამის თანამმართველი 1232-41 წლებში. დანიის მეფე 1241-50 წლებში.

ერიკ IV
დანიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 28 მარტი, 1241
მმართ. დასასრული: 9 აგვისტო, 1250
წინამორბედი: ვალდემარ II
მემკვიდრე: აბელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1216
გარდ. თარიღი: 9 აგვისტო, 1250, (33-34 წლის)
მეუღლე: იუტა საქსონიელი
შვილები: სოფია, შვედეთის დედოფალი
ინგებორგი, ნორვეგიის დედოფალი
იუტა, წმ. ანეტას აბატისა
აგნესა, წმ. ანეტას აბატისა
დინასტია: ესტრიდსენები
მამა: ვალდემარ II, დანიის მეფე
დედა: ბერენგარია პორტუგალიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ერიკი დაიბადა 1216 წელს. იგი იყო დანიის მეფე ვალდემარ II-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ ბერენგარია პორტუგალიელის პირველი საერთო შვილი, თუმცა მამამისს პირველი ცოლისგან ჰყავდა ვაჟი, სახელად ვალდემარი, რომელიც მისი თანამმართველი იყო. 1231 წელს პრინცი ვალდემარი ნადირობისას დაიღუპა, ისე, რომ მემკვიდრე არ დარჩა, ამიტომაც ვალდემარ II-მ თავის თანამმართველად ერიკი დანიშნა, როგორც ყველაზე უფროსი ვაჟი. ამის შემდეგ კონფლიქტი ჩამოვარდა მასსა და მის ძმას, აბელს შორის, რომელიც აქამდე შლეზვიგის ჰერცოგის წოდებას ფლობდა.

1241 წელს, ვალდემარის გარდაცვალების შემდეგ მეფე ერიკ IV გახდა, თუმცა კონფლიქტი არ შეწყვეტილა. საბოლოოდ ეს 1244 წელს დასრულდა, როდესაც მან აბელი ესტონეთში გაუშვა ჯვაროსნული ლაშქრობისთვის მოსამზადებლად. ამ ლაშქრობაში ჩაბმას დიდი სახსრები სჭირდებოდა, რის გამოც ერიკმა მიწათმფლობელთა დიდი გადასახადი დააწესა, ხოლო ვინც ვერ გადაიხდიდა მის მიწას მეფე ეპატრონებოდა. სწორედ ამის შემდეგ შეარქვა მას ხალხმა მეტსახელად „მეპატრონე“. აღსანიშნავია, რომ გადასახადის სიდიდე დამოკიდებული იყო მიწის ჰექტარულ სივრცეზე. მართალია ხალხს მისი გადახდა დიდად არ უჭირდა, მაგრამ გადასახადის აკრეფის ხერხები იმდენად უხეში იყო, რომ ხალხში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. საბოლოოდ გაბრაზებული ფერმერები მთელი დანიის მასშტაბით აჯანყდნენ, ერიკს კი სასახლის დატოვება და დროებით გაქცევა მოუწია.

გარდა ამისა, იგი ასევე კონფლიქტში იყო კათოლიკურ ეკლესიასთანაც. მან პაპს წერილიც მისწერა, რათა ეპისკოპოსებისათვის ჩამოერთმია და მისთვის მიენიჭებინა მღვდელმთავრების დანიშვნის უფლება, უარის მიღებამ კი გაანაწყენა. მიუხედავად იმისა, რომ მან საკუთარი სახსრებით აღადგინა როსკილეს კათედრალი, გაუთავებელი არეულობა და კონფლიქტები მის მუშაობას შეუძლებელს ხდიდა.

1250 წელს იგი საბოლოოდ შეურიგდა აბელს, რაც მისთვის სამხრეთ იუტლანდიური მიწების გადაცემით იყო გამოწვეული. ამ შეხვედრის შემდეგ მალევე, 9 აგვისტოს ერიკ IV უკან მიმავალ გზაზე მოკლეს. მის შემდეგ დანიის მეფე აბელი გახდა, რადგანაც ერიკს ვაჟები არ ჰყოლია.

ქორწინება და შვილები

რედაქტირება

1239 წლის 17 ნოემბერს ერიკმა ცოლად შეირთო საქსონიის ჰერცოგ ალბრეხტ I-ის ასული იუტა საქსონიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები:

  1. კნუდი, დაიღუპა ჩვილობაში;
  2. კრისტოფერი, დაიღუპა ჩვილობაში;
  3. სოფია (1241-1286), ცოლად გაჰყვა შვედეთის მეფე ვალდემარ I-ს, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი, მათ შორის პოლონეთის დედოფალი რიჩეზა შვედი;
  4. ინგებორგი (1244-1287), ცოლად გაჰყვა ნორვეგიის მეფე მაგნუს VI-ს, თუმცა შვილები არ ჰყავადა;
  5. იუტა (1246-1284), როსკილეს წმ. ანეტას მონასტრის აბატისა;
  6. აგნესა (1249-1295), თავდაპირველად იყო როსკილეს წმ. ანეტას მონასტრის აბატისა, თუმცა შემდეგ ცოლად გაჰყვა ლანგელანდის ლორდ ერიკ ლონგბონს;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ekkart Sauser: Erich (Erik) Plovpenning. In: Biographisch-Bibliographisches Kirchenlexikon (BBKL). Band 21, Bautz, Nordhausen 2003, ISBN 3-88309-110-3, Sp. 376.
  • Erzählung vom Tode Koenig Erich Plogpennings. In: Ludwig Weiland (Hrsg.): Holsteinische Reimchronik. Monumenta Germaniae Historica, Deutsche Chroniken II, S. 632 f.; mittelniederdeutsche Erzählung aus Hannover, Landesbibliothek, Ms. XXI 1283, Bl. 57r; Ende 15. Jahrhundert
  • Ernst Willkomm: Der Möwenberg bei Schleswig. In: Die Gartenlaube. Heft 45–46, 1853, S. 485–488, 497–500