ვალდემარ უმცროსი
ვალდემარ უმცროსი (დან. Valdemar den Unge; დ. 1209 — გ. 28 ნოემბერი, 1231) — ესტრიდსენების დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე ვალდემარ II-ისა და დედოფალ დაგმარ ბოჰემიელის ვაჟი. მამის თანამმართველი 1215-31 წლებში.
ვალდემარ უმცროსი | |
---|---|
დანიის მეფის თანამმართველი | |
კორონაცია: | 1218 |
მმართ. დასაწყისი: | 1215 |
მმართ. დასასრული: | 1231 |
მონარქი: | ვალდემარ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1209 |
გარდ. თარიღი: | 28 ნოემბერი, 1231, (21-22 წლის) |
დაკრძ. ადგილი: | რინგსტედი, დანია |
მეუღლე: | ელეანორა პორტუგალიელი |
დინასტია: | ესტრიდსენები |
მამა: | ვალდემარ II, დანიის მეფე |
დედა: | დაგმარ ბოჰემიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებავალდემარი დაიბადა 1209 წელს. იგი იყო დანიის მეფე ვალდემარ II-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ დაგმარ ბოჰემიელის ერთადერთი საერთო ვაჟი. მას სახელი ბაბუის, დანიის მეფე ვალდემარ I-ის პატივსაცემად დაარქვეს. მას დაბადებისთანავე მიანიჭეს შლეზვიგის ჰერცოგის წოდება. 1212 წელს დედამისი მშობიარობას გადაჰყვა, 1214 წელს კი მამამისი მეორედ დაქორწინდა ბერენგარია პორტუგალიელზე.
1215 წელს, ექვსი წლის ვალდემარი მამამისმა თავის თანამმართველად დანიშნა, რის შემდეგაც იგი დანიის უმცროს მეფედ გვევლინება, რის გამოც ხალმა მას ვალდემარ „უმცროსი“ შეარქვა. მეფედ დასმისას, ვალდემარმა დანიელი მაგნატებისა და დიდებულების წინაშე ერთგულების ფიცი დადო და მათაც ანალოგიურად შეჰფიცეს ერთგულება. 1218 წელს იგი შლეზვიგში ოფიციალურად ეკურთხა მეფედ.
1223 წელს, ვალდემარი და მამამისი გრაფმა ჰედრიკ შვერინელმა დაატყვევათ ნადირობისას და დანენბერგის ციხესიმაგრეში გამოამწყვდია. რეალურად ჰედრიკს მეფეთა განთავისუფლება უნდოდა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი მას იმ მიწებს დაუბრუნებდნენ, რომლებიც ბოლო ოცი წლის მანძილზე გერმანელთა დახმარებით წაართვეს და ბოლოს საღვთო რომის იმპერატორთან გაიყვეს. ყოველივე ეს დანიის მეფეებმა უარყვეს, რის შემდეგაც დანიამ ომი გამოუცხადა შვერინს. მეფეთა ტყვეობისას, დანიის ხელში მყოფი გერმანული მიწების დიდი ნაწილი დაიკარგა. დანიის შეიარაღებული ძალები დამარცხდნენ, რის გამოც ვალდემარ II 1226 წელს იძულებული გახდა ჰედრიკისთვის მიწები დაეთმო. ამასთან, მეფეთა განთავისუფლებისთვის გრაფს სამეფო ოჯახმა 40,000 გირვანქა ვერცხლი გადაუხადეს. მეფეებმა მალევე სცადეს მასზე შურიძიება, მაგრამ დამარცხდნენ.
1229 წლის 24 ივნისს, პორტუგალიასთან ალიანსის განსაახლებლად ვალდემარ უმცროსმა ცოლად შეირთო პორტუგალიის მეფე აფონსუ II-ის ასული — ელეანორა პორტუგალიელი, რომელიც ვალდემარის დედინაცვლის ღვიძლი ძმის შვილი იყო. 1231 წელს ელეანორამ გოგონა გააჩინა, თუმცა თავად მასზე მშობიარობას გადაჰყვა. მისი დაღუპვიდან მალევე გარდაიცვალა გოგონაც.
1231 წლის 28 ნოემბერს, სოფელ რეფსნაეს ტყეებში ნადირობისას ვალდემარი მძიმედ დაიჭრა და ამავე დღეს გარდაიცვალა. თავისი კეთილშობილი ხასიათის გამო იგი ძალიან პოპულარული იყო, რის გამოც, მისი გარდაცვალების შემდეგ დანიელ ხალხში გლოვა დაიწყო. იგი დაკრძალეს მისი მეუღლის გვერდით, წმ. ბენედიქტეს ტაძარში, ქალაქ რინგსტედში. ამის შემდეგ ტახტის მემკვიდრე მისი ნახევარ-ძმა, ერიკ IV გახდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Valdemar (III). In: Carl Frederik Bricka (Hrsg.): Dansk biografisk Lexikon. Tillige omfattende Norge for Tidsrummet 1537–1814. 1. Auflage. Band 18: Ubbe–Wimpffen. Gyldendalske Boghandels Forlag, Kopenhagen 1904, S. 183 (dänisch, runeberg.org).
- Ellen Jørgensen (Hrsg.): Annales Danici medii aevii, Kopenhagen 1920, S. 151. Dietrich Ellger: Die Kunstdenkmäler der Stadt Schleswig. Zweiter Band: Der Dom und der ehemalige Dombezirk. Deutscher Kunstverlag, Berlin 1966, S. 4.