ალ-ჰასან იბნ ჰანი ალ-ჰაქამი აბუ ნუვასი (არაბ. أبو نواس الحسن بن هانئ الحكمي; დ. 756, აჰვაზი — გ. 813 ან 814, ბაღდადი) — არაბი პოეტი. დედით (ზოგიერთი წყაროს მიხედვით მამითაც) სპარსი იყო, რამაც გარკვეული კვალი დაამჩნია აბუ ნუვასის შემოქმედებას. ზოგჯერ ამით ხსნიან შუუბიური იდეების ერთგვარ გავლენას მის პოეზიაზე. ცხოვრობდა ბასრაში. შემდეგ გადავიდა ბაღდადში, სადაც ხალიფა ჰარუნ ალ-რაშიდის კარის პოეტი გახდა. ერთხანს ეგვიპტეში იყო ამირ ალ-ხასიბის კარზე, უკანასკნელი წლები ბაღდადში გაატარა ხალიფა ალ-ამინთან. თავაშვებული ცხოვრებისა და ისლამის გმობისათვის რამდენიმეჯერ იჯდა საპყრობილეში. ხალიფა ჰარუნ ალ-რაშიდთან ერთად აბუ ნუვასი „ათას ერთი ღამის“ პოპულარული პერსონაჟია. აბუ ნუვასის დივანი არაბული პოეზიის ტრადიციული ჟანრების გარდა ახალ ჟანრებსაც შეიცავს. კასიდის ზოგი მოტივი აბუ ნუვასმა დამოუკიდებელ ჟანრად აქცია. ასეთია ტარდიათი ანუ ნადირობის თემაზე დაწერილი ლექსები და ხამრიათი — ღვინის, სალხინო პოეზია. მისი ხოტბები ეძღვნება აბასიანთა დინასტიის წარმომადგენლებს და სხვა გამოჩენილ პირთ, ხოლო ღაზალები — უპირატესად ვაჟებს. აბუ ნუვასი არაბული ლიტერატურის ისტორიაში ცნობილია როგორც განმაახლებელი.

აბუ ნუვასი
არაბ. أبو نواس
დაბადების თარიღი 756[1] ან 762[2]
დაბადების ადგილი აჰვაზი[3] [1]
გარდაცვალების თარიღი 814[4] [5] , 813[3] , 810[1] ან 815[2]
გარდაცვალების ადგილი ბაღდადი[3] [2]
საქმიანობა პოეტი[3] [2] [6] [1] და მწერალი[7]
ენა არაბული ენა
მოქალაქეობა  აბასიანთა სახალიფო
ჟანრი პოეზია[3]

იგი ცდილობდა შეექმნა თანადროული ცხოვრების იდეალების შესაფერისი პოეზია. პროტესტი არაბული პოეზიის მოძველებული ტრადიციების წინააღმდეგ განსაკუთრებით კარგად გამოიხატა მის ხამრიათში, რომელშიც ღვინო სულიერი და ხორციელი სიხარულის უმაღლესი წყაროა, სილამაზის, ტკბობის სიმბოლო. ღვინის ჰიმნი ზოგჯერ მხურვალე ექსტაზში გადადის (ამ მხრივ აბუ ნუვასმა გარკვეული გავლენა მოახდინა არაბულ მისტიციზმზე), რელიგიური თემა მის ღვინის ლექსებში ცინიზმითაა შეფერილი. აბუ ნუვასის პოეზიაში კარგად აისახა არაბული პოეტური აზროვნების ერთი თავისებურება: საგნის რომელიმე თვისება მის ლექსებში ხშირად ამ საგნის სიმბოლოდ, პოეტურ გამოცანად გვევლინება. მაგალითად, „წითელი“, „ძველი“, ნიშნავს ღვინოს. აბუ ნუვასის ლექსები იშვიათი მუსიკალობით გამოირჩევა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ფურცელაძე, ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 46-47.
  • Фильштинский И. М., Арабская классическая литература, М., 1965;
  • Wagner E., Abu-Nuvas, Wiesbaden, 1965.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 G. W. T. Abu Nuwas // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 1. — P. 80.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Абу-Нувас // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСПб: Брокгауз — Ефрон, 1890. — Т. I. — С. 47.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 8. — ISBN 978-2-221-06888-5
  4. Deutsche Nationalbibliothek Record #118646656 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  5. www.poetryfoundation.org
  6. Абу-Новас // А — Аколла — 1926. — Т. 1. — С. 100–101.
  7. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.