აბუ ლ-კასიმი
იუსუფ იბნ აბუ ლ-საჯი (საქართველოში ცნობილი, როგორც აბუ ლ-კასიმი) (გ. 928) — აზერბაიჯანის ამირა საჯიდების დინასტიიდან. დინასტიის დამაარსებლის აბუ-საჯის ძე. 908-914 წწ. ლაშქრობდა სამხრეთ კავკასიაში. თავდაპირველად თავს დაესხა სომხეთს და მის მეფე სმბატ I-ს, რომელმაც ვერ გაუწია წინააღმდეგობა აბულ კასიმის ლაშქარს თავი ჯერ აფხაზეთის სამეფოს შეაფარა, 914 წელს კი აბულ კასიმმა სიკვდილით დასაჯა ქალაქ დვინში. 914 წელს აბულ კასიმმა თბილისში ილაშქრა, იქიდან კი კახეთში გაილაშქრა და აიღო უჯარმისა და ბოჭორმის ციხეები. შემდეგ დაუზავდა კახეთის ქორეპისკოპოს კვირიკეს და უჯარმა დაუბრუნა. კახეთიდან აბულ კასიმი ქართლში გადავიდა და მოაოხრა. ქართველებმა თვითონვე „მოარღუივნეს ზღუდენი უფლისციხისანი“, რათა მტერი იქ ვერ გამაგრებულიყო. არაბებმა დაარბიეს სამცხე და ჯავახეთი, მაგრამ კარგად გამაგრებული თმოგვის ციხე ვერ აიღეს. შემდეგ ყველისციხეს შემოარტყეს ალყა. მეციხოვნეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს უკეთ შეიარაღებულ და მრავალრიცხოვან მტერს, მაგრამ დამარცხდნენ.
აბულ კასიმმა შეიპყრო ციხისთავი გობრონი და სიკვდილით დასაჯა. სამხედრო წარმატების მიუხედავად აბულ კასიმმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. ხალხის შეუპოვარმა ბრძოლამ აიძულა საქართველოს გასცლოდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 45.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 38.
- საქართველოს ისტორია, ტ, I, თბ., 2008