აბანოსხევის ხიმშიაანთმიწების სამაროვანი
აბანოსხევის ხიმშიაანთმიწების სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოსხევის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე, „ხიმშიაანთ მიწებზე“. სამაროვანი მრავალფენიანია და ქრონოლოგიურად მოიცავს ძველი წელთაღრიცხვით V ათასწლეულიდან ახალი წელთაღრიცხვით IV-VI საუკუნეები, 1984-1986 წლები. გათხრები ჩაატარა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). ქვედა ფენა მდებარეობს მიწის ზედაპირიდან 0,9-2,2 მეტრის სიღრმეზე (სისქე 0,35-0,40 მეტრი). თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით V ათასწლეულით. მოპოვებული მასალა შეიცავს უსახური კერამიკის ნატეხებს, კაჟისა და ობსიდიანის ანატკეცებს და სხვა. მომდევნო ფენა თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით IV ათასწლეულის დასასრულითა და ძველი წელთაღრიცხვით III ათასწლეულის დასაწყისით. გათხრილია ხუთი ორმოსამარხი. ოცდაექვსი სარიტუალო და სამეურნეო დანიშნულების ორმო და ადრინდელი ეგრეთ წოდებული ცილინდრული კერების მსგავსი, მცირე ზომის ექვსი კერა-საკურთხეველი (რიტუალთან დაკავშირებული). ორმოებსა და კერებში აღმოჩნდა მტკვარ-არაქსის კულტურის თიხას ჭურჭლის ნატეხები, ძვლისა და ქვის ნაწარმი. ქვაყრილიან და მიწაყრილიან ორმოსამარხებში მიცვალებული მოხრილი ესვენენ, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. მიცვალებულები დამხრობილი იყვნენ უმეტესად სამხრეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით. სამარხეულ მასალას შეადგენს თიხის ბადია, ძვლის კვირისტავი და პასტის კასრისებრი მძივები. სამაროვანზე, მიწის ზედაპირიდან 1,4-2,15 მეტრის სიღრმეზე გაითხარა შუა ბრინჯაოს ხანის ცხრა სამარხი. სამარხები თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით II ათასწლეულის II მეოთხედით. ამ სამარხებიდან ოთხი კატაკომბური ტიპისაა, ხუთი - ქვაყრილიანი. პირველი ჯგუფის სამარხებიდან მიცვალებული მხოლოდ ერთში აღმოჩნდა, მოხრილი, მარცხენა გვერდზე დასვენებული, თავით სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. სამი სამარხი კენოტაფია (ჩონჩხის გარეშე), რომლებშიც ცხვრის თითო ან ორ-ორი ჩონჩხი აღმოჩნდა კისრის არეში ობსიდიანის მოზრდილი ანატკეცებით. ამ სამარხებში ინვენტარი ძირითადად წარმოდგენილია კერამიკით: მოწითალო, მოყავისფრო ჭურჭელი, შემკული სავარცხლისებრი გეომეტრიული ორნამენტით და მეჭეჭისებრი კოპებით. სამკაულიდან გვხვდება სარდიონისთავიანი ბრინჯაოს საკინძები, სარდიონისა და პასტის სხვადასხვა ფორმისა და ზომის მძივები. მეორე ჯგუფის სამარხებში (ქვაყრილიან სამარხებში) მიცვალებულები ძლიერ მოხრილი ესვენნენ მარჯვენა და მარცხენა გვერდზე, დამხობილი იყვნენ ჩრდილოეთ-დასავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით. სამარხებში აღმოჩენილია თრიალეთური კულტურისთვის დამახასიათებელი შავპრიალზედაპირიანი და მოვარდისფროსარჩულიანი თიხის ჭურჭელი. ერთ სამარხში აღმოჩნდა წითელკეციანი, შავი საღებავით მოხატული ნახევარსფერული ჯამი. სამარხებში აღმოჩნდა აგრეთვე ბრინჯაოს ყუნწიანი სატევრის პირი, საკინძები, სარდიონის, პასტისა და თაბაშირის მძივები. სამაროვანზე გათხრილი ცხრამეტი სამარხი თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით XV-XIII საუკუნეებით. სამარხები წვრილქვაყრილიანი, ნახევარწრიული ქვაყრილიანი და ქვაყრილიანია. მიცვალებულები მეტწილად მარჯვენა გვერდზე, ძლიერ მოხრილ მდგომარეობაში ესვენენ. არის მეორადი დაკრძალვის შემთხვევაც, მიცვალებულის დამხრობა ნებისმიერ მხარეს. ერთ-ერთ სამარხში (ძველი წელთაღრიცხვით XIV-XIII საუკუნეები) მიცვალებული ცხენთან ერთად იყო დაკრძალული. სამარხული ინვენტარი უმთავრესად კერამიკითაა წარმოდგენილი (ქილები, ქოთნები, ჯამები, სასმისები), რომლისთვისაც დამახასიათებელია ლეგა მონაცრისფრო ზედაპირი, იშვიათად - შავი. შემკულობიდან ჭარბობს ნაჭდევი და ამოღარული ორნამენტი და რელიეფური სახეები. სამ ორმოსამარხში და რამდენიმე სამეურნეო ორმოში, რომლებიც ახალი წელთაღრიცხვით III-IV საუკუნეებით თარიღდება, აღმოჩენილია ოქროს ბეჭედი, ოქროს საყურე, ვერცხლის საყურე, ვარდული, მძივები, ბრინჯაოს ბეჭედი, სარდიონისა და მინის მძივები და სხვა. სამაროვანზე გაითხარა IV–VI საუკუნეების ცხრა სამარხი. სამარხები დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. შვიდი მიცვალებული ქრისტეს წესით იყო დაკრძალული (ზურგზე გაშოტილი და თავით აღმოსავლეთისაკენ). ორ სამარხში მიცვალებულები ესვენნენ მარცხენა და მარჯვენა გვერდზე, მოხრილი, თავით დასავლეთისაკენ. ამ სამარხებიდან ხუთი უინვენტაროა. მხოლოდ ოთხში აღმოჩნდა ოქროსა და ვერცხლის საყურეები, ვარდულები და მინის მძივები. აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოგოჭური. გ, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 198.