აბაზა სიავუშ-ფაშა I
აბაზა სიავუშ-ფაშა I (თურქ. Abaza Siyavuş Paşa; დ. ?, აფხაზეთი — გ. 25 აპრილი 1656, სტამბოლი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. დიდი ვეზირი 1651 და 1656 წლებში, მეჰმედ IV-ის მმართველობის პერიოდში. 1639-1643 წლებში ეკავა კაპუდან-ფაშას თანამდებობაც.
აბაზა სიავუშ-ფაშა I | |
---|---|
Abaza Siyavuş Paşa | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 21 აგვისტო, 1651 |
მმართ. დასასრული: | 27 სექტემბერი, 1651 |
წინამორბედი: | მელექ აჰმედ-ფაშა |
მემკვიდრე: | გურჯი მეჰმედ-ფაშა |
ოსმალეთის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 5 მარტი, 1656 |
მმართ. დასასრული: | 25 აპრილი, 1656 |
წინამორბედი: | ზურნაზენ მუსტაფა-ფაშა |
მემკვიდრე: | ბოინუიარალი მეჰმედ-ფაშა |
სულთანი: | მეჰმედ IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
დაბ. ადგილი: | აფხაზეთი, საქართველო |
გარდ. თარიღი: | 25 აპრილი, 1656 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
რელიგია: | ქრისტიანობა, მოგვიანებით მიიღო ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასიავუშ-ფაშას დაბადების თარიღი უცნობია. იგი დაიბადა აფხაზეთის ტერიტორიაზე. როგორც მონა ჩაიყვანეს სტამბოლში ასევე აფხაზური წარმოშობის მქონე აბაზა მეჰმედ-ფაშასთან და გახდა მისი მსახური. 1634 წელს მეჰმედ-ფაშა სიკვდილით დასაჯეს. ბატონის სიკვდილის შემდეგ სიავუში სულთნის სასახლეში მსახურობდა. 1638 წელს დანიშნეს ვეზირად, ხოლო 1639 გახდა ოსმალეთის ფლოტის მეთაური, ანუ კაპუდან-ფაშა. 1642 წელს ფაშას დაავალეს აზოვის კაზაკებისგან გათავისუფლება, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა. სულთანმა სიავუში თანამდებობიდან მოხსნა. 1643 წელს დანიშნეს ერზურუმის მმართველად, 1646 წელს ანატოლია ჩააბარეს, 1647 წელს — დიარბაქირი, ხოლო 1648 წელს იბრაჰიმ I-მა დანიშნა ბუდის მმართველად. შემდგომში იყო სილისტრის (თანამედროვე ბულგარეთი) მმართველიც.
1651 წელს, დედაქალაქში ვაჭრების ამბოხების შემდეგ, დიდი ვეზირის პოსტიდან გაათავისუფლეს მელექ აჰმედ-ფაშა და მის მაგივრად აბაზა სიავუში დანიშნეს. თუმცა აჯანყების ჩახშობა მანაც ვერ მოახერხა და ერთი თვის შემდეგ, 27 სექტემბერს კვლავ გაათავისუფლეს. იგი საპყრობილეში ჩააგდეს. ფაშა სიკვდილით უნდა დასჯილიყო, თუმცა მისი გადარჩენა ქიოსემ სულთანმა მოახერხა. სულთანმა მეჰმედ IV-მ აპატია სიავუშს დანაშაული, თუმცა მას მთელი ქონება ჩამოერთვა და სახელმწიფო ხაზინას გადაეცა, თავად ფაშა კი მალკარაში გადაასახლეს. 1651 წლის სექტემბერში სიავუშ-ფაშა კვლავ დაუბრუნდა სახელმწიფო საქმეებს, მას შემდეგ რაც სულთანმა იგი ბოსნიის გამგებლად დანიშნა.
1656 წელს ზურნაზენ მუსტაფა-ფაშას ნაცვლად აბაზა სიავუშ-ფაშა კვლავ დაინიშნა დიდ ვეზირად, თუმცა მისი მეორე მმართველობაც არ გაგრძელებულა დიდხანს. 50 დღის შემდეგ, 25 აპრილს ფაშა გარდაიცვალა. იგი სავარაუდოდ, 45 წლის იყო. სიავუში დაკრძალეს სტამბოლში, ათიქ ალი-ფაშას სახელობის მეჩეთის სასაფლაოზე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Uzunçarşılı, İsmail Hakkı, (1954) Osmanlı Tarihi III. Cilt, 2. Kısım , XVI. Yüzyıl Ortalarından XVII. Yüzyıl Sonuna kadar), Ankara: Türk Tarih Kurumu (Altıncı Baskı 2011 ISBN 978-975-16-0010) say.400-402
- Avcı, Casim "Sivayuş Paşa" (1999) Yaşamları ve Yapıtlarıyla Osmanlılar Ansiklopedisi, İstanbul:Yapı Kredi Kültür Sanat Yayıncılık A.Ş. C.2 s.546 ISBN 975-08-0072-9
- Buz, Ayhan, (2009) Osmanlı Sadrazamları, İstanbul: Neden Kitap, ISBN978-975-254-278-5, say.109.
- Danişmend, İsmail Hami, (2011), İzahlı Osmanlı Tarihi Kronolojisi 6 Cilt, İstanbul:Doğu Kütüphanesi, ISBN 9789944397681 Cilt:V say.:45-46