ნარუტო

(გადამისამართდა გვერდიდან Naruto)

ნარუტო (იაპონ. ナルト?) — მანგა, რომლის ავტორია მასაში კიშიმოტო. ეს ამბავი მოგვითხრობს ახალგაზრდა, დაჩაგრულ, ხმაურიან ბიჭზე, რომელიც ყურადღებას მხოლოდ უიღბლოობით იქცევს. ამიტომაც მისი მიზანია გახდეს ჰოკაგე, რათა ყველას დაუმტკიცოს თავისი შესაძლებლობები და გახდეს სახალხოდ აღიარებული. ჰოკაგე არის ტიტული რომელიც მართავს სოფელს, ეს ძლიერების ხვედრია და სწორედ ამისკენ მიისწრაფვის ნარუტო. ისტორია ორი ნაწილისაგან შედგება, პირველი მისი ბავშვობის წლებისგან ხოლო მეორე კი თინეიჯერობის წლებისგან. სიტყვა ნარუტო იაპონურად შეიძლება აღმოცენებას ნიშნავდეს, ან იაპონური პროდუქტის (რამენის ერთ-ერთი ინგრედიენტის) კამაბოკოს ერთ−ერთ ჯიშს, რომელსაც გაჭრისას შიგთავსი დახვეული, სპირალისებრი ფორმის აქვს. სპირალისებრი ფორმა სერიალში მრავალჯერ ჩნდება. უძუმაკი (ნარუტოს გვარი) კი იაპონურად სპირალს ნიშნავს.

ნარუტო

ნარუტოს გარეკანი, ტომი 1
ナルト
(ნარუტო)
ჟანრი
მანგა
ავტორი მასაში კიშიმოტო
გამომცემელი Shueisha
გამომცემელი ინგლისურად
Viz Media
ჟურნალი Weekly Shōnen Jump
ჟურნალი (ინგლისურად)
ორიგინალური გამოცემა 21 სექტემბერი, 199910 ნოემბერი, 2014
ტომები 72
ანიმე ტელესერიალი
ნარუტო
რეჟისორი ჰაიატო დატე
სცენარი
  • კაცუიუკი სუმისავა (#1–132)
  • ჯუნკი ტაკეგამი (#133–220)
მუსიკა
სტუდია Pierrot
ლიცენზიატი
Madman Entertainment
Viz Media
ორიგინალური არხი TXN (TV Tokyo)
ინგლისურად ჩვენება
ორიგინალური ეთერი 3 ოქტომბერი, 2002 8 თებერვალი, 2007
ეპიზოდები 220
ანიმე ტელესერიალი
ნარუტო ქარიშხლის ქრონიკები
რეჟისორი
  • ჰაიატო დატე
  • მასააკი კუმაგაი (#261–280)
  • იასუუკი კუროცუ (#290-295)
  • ოსამუ კობაიაში (#480–483)
  • ჩიაკი კონ (#484–488)
მუსიკა იასუჰარუ ტაკანაში
სტუდია Pierrot
ლიცენზიატი
Madman Entertainment
Viz Media
Manga Entertainment
ორიგინალური არხი TXN (TV Tokyo)
ინგლისურად ჩვენება
Cartoon Network
Neon Alley
ABS-CBN, Hero, Yey!
Disney XD, Adult Swim (Toonami)
ორიგინალური ეთერი 15 თებერვალი, 2007 23 მარტი, 2017
ეპიზოდები 500
მანგა

ფილმები

ნარუტო მანგის სერიებად გამოსცა გამომცემლობა Shueisha-მ 1999 წელს, გაზეთ Weekly Shōnen Jump-ში გამოიცა ტანკობონის ფორმით რომელსაც 72 ტომი აქვს. მანგამ მალევე მოიპოვა პოპულარობა და ამის გამო ის გამოიცა ანიმე სერიებადაც, რომლის შემქმნელებიც არიან კომპანია Studio Pierrot და Aniplex. შემდეგ მისი ჩვენების უფლებამოსილება მოიპოვა იაპონიის მსხვილმა ტელეარხმა TV Tokyo-მ 2002 წლის 2 ოქტომბერს და ანიმეს პირველი ნაწილი (ბავშვობის ნაწილი) დასრულდა 220 სერიით. 2007 წლის 15 თებერვალიდან დაიწყო მისი ახალი ნაწილი (თინეიჯერობის სერიები) რომლის სახელიცაა ნარუტო ქარიშხლის ქრონიკები (იაპონ. ナルト-疾風伝) რომელიც 2017 წლის 23 მარტს დასრულდა 500 სერიით, ჯამში 700-ზე მეტი სერია გამოიცა. ამ სერიების გამოცემის დროს გამოიცა ასევე ნარუტოს თერთმეტი ფილმი და თორმეტი ორიგინალური ვიდეო ანიმაცია (OVAs). ნარუტოს სამყარო მოიცავს ასევე ვიდეო თამაშებსაც სადაც შექმნილია ათზე მეტი თამაშის სერია.

ნარუტო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მანგაა რომელიც მანგის გაყიდვების მხრივ მეოთხე ადგილს იკავებს. მისმა მანგის სერიება 250 მილიონზე მეტი გაყიდვა მოაგროვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.[1]. ნარუტო ასევე მესამე ადგილს იკავებდა საუკეთესო მანგებს შორის Shueisha-ში 2007 წელს, ამ მანგის სერიებს მხოლოდ ასწრებდა One Piece და ნანა. მან 2012 წელს თავისი ტიტული გაიმეორა და ისევ მესამე ადგილი დაიკავა, ამჯერადაც ასწრებდა ისევ One Piece და სპორტული ჟანრის ანიმე კუროკოს კალათბურთი. TV Asahi-ის გამოკითხვით კი ნარუტომ მეჩვიდმეტე ადგილი დაიკავა. ნარუტოს მანგის სერიებმა ამერიკულ გაზეთებში The New York Times-სა და USA Today-შიც დაიკავა ტოპეული როგორც ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მანგა, არა მხოლოდ ერთხელ, არამედ რამდენიმეჯერ.

კონცეფცია

რედაქტირება

მთავარი გმირი, ნარუტო უძუმაკი, მეოთხე ჰოკაგეს — მინატო ნამიკაზეს შვილია. მინატომ ახალშობილი ბავშვის სხეულში ცხრაკუდა მელა დაამწყვდია, რათა მშობლიური სოფელი, კონოჰა გადაერჩინა. იმავე დღეს დაიღუპნენ ნარუტოს მშობლები.

უფროსებს ნარუტო სძულთ, რადგან მასში ხედავენ დემონს, რომელმაც თითქმის გაანადგურა მათი სოფელი. ნარუტოს არც თანატოლებთან აქვს ურთიერთობა, ვინაიდან მათი მშობლები მასში საფრთხეს ხედავენ და შვილებს ნარუტოსთან მიახლოვებას უშლიან. ნარუტო ვერ ხვდება რატომ ეპყრობიან ასე ცუდად, რამეთუ არსებობს დაუწერელი კანონი, რომლის თანახმადაც უმცროს თაობასთან დემონზე საუბარი არ შეიძლება. პირველი ადამიანი, რომელმაც ნარუტო აღიარა და შეიყვარა, იყო მისი მასწავლებელი ირუკა უმინო, შემდეგ კი მისი თანაგუნდელები — საკურა ჰარუნო და სასკე უჩიჰა. დროთა განმავლობაში ადამიანებმა ნამდვილი ნარუტო აღმოაჩინეს და მიიღეს ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.

ნინძების გუნდები ასრულებენ მისიებს ჰოკაგეს დავალებით. ნარუტოს აგრეთვე აქვს ცხრაკუდას ძალა, რომელსაც უწოდებენ ჯინჩურიკის ძალას. ცხრაკუდას ყველა ძლევამოსილად თვლის და ხალხს მისი ეშინია, მაგრამ საბოლოოდ ის მაინც შეიყვარეს.

ანიმეს დასაწყისში, ნარუტოს კლონის შექმნა არ გამოსდის, რის გამოც ვერ იღებს გენინის წოდებას, მაგრამ შემდგომ, აკრძალული გრაგნილის მეშვეობით სწავლობს უამრავი კლონის შექმნას და ამარცხებს მიზუკის. ამის შემდეგ თავდაუზოგავი შრომით იგი იღებს გენინის წოდებას და თანატოლებთან, სასკე უჩიჰასთან და საკურა ჰარუნოსთან ერთად ხვდება გუნდში (გუნდი 7), რომელსაც კაკაში ჰატაკე ხელმძღვანელობს.

რამდენიმე მისიის შემდეგ გუნდი მეშვიდეს მეთაურმა, კაკაში ჰატაკემ მისცა მათ იმის უფლება, რომ მიეღოთ მონაწილეობა ნინძის გამოცდაში, რომელიც ჩუნინების გამოცდის სახელითაა ცნობილი. ეს გამოცდა მათ დაეხმარებოდათ იმაში, რომ მიეღოთ უფრო მაღალი წოდება, რის შემდეგაც მათ ექნებოდათ უფრო რთულ მისიებზე წასვლის უფლება. გამოცდის დროს, ძებნილი დამნაშავე ოროჩიმარუ თავს ესხმის კონოჰას და შურისძიების მიზნით ის კლავს კონოჰას მესამე ჰოკაგეს ჰირუზენ სარუტობის. ჯირაია რომელიც ერთ-ერთი ლეგენდარული სანინი იყო და ამავდროულად ჰირუზენ სარუტობის ყოფილი მოსწავლე, შესთავაზეს ჰოკაგეს ტიტული რომელზედაც მან უარი განაცხადა. რაკიღა ჯირაიამ უარი თქვა ჰოკაგეობაზე, ჰოკაგე ხდება მისი ყოფილი გუნდელი ცუნადე.

ოროჩიმარუს ძებნის პროცესში გაირკვა, რომ მას სურდა სასკეს გადმობირება მისი შესანიშნავი გენეტიკის გამო. სასკეს ჰქონდა შარინგანი, რომელიც მხოლოდ უჩიჰას კლანს აქვს გენეტიკურად. სასკეს მიზანი თავისი უფროსი ძმის, იტაჩი უჩიჰას მოკვლა იყო რომელმაც საკუთარი კლანი ამოხოცა და ცოცხლად მხოლოდ სასკე დატოვა. სასკეს მის მიმართ უსაზღვრო ზიზღი გააჩნდა, მან ბევჯერ სცადა იტაჩის მოკლვა მაგრამ ის საკმარისად ძლიერი არ იყო და სწორედ ამის გამო ის ოროჩიმარუსთან მიდის სავარჯიშოდ. როდესაც ეს ამბავი ცუნადემ გაიგო, მის დასაბრუნებლად ის გზავნის ნინძებისგან დაკომპლექტებულ გუნდს რომლის ერთ-ერთი წევრი არის ნარუტო. საბოლოოდ მათ ის მაინც ვერ შეაჩერეს. მარცხის მიუხედავად ნარუტო ხელს არ იქნევს ყოფილ გუნდელზე და საკურას პირდება, რომ მას აუცილებლად დააბრუნებდა და ამის შემდეგ ის სოფლიდან მიდის ჯირაიასთან სავარჯიშოდ, რათა თავადაც უფრო ძლიერი გახდეს და ჰქონდეს სასკეს დასაბრუნებლად საკმარისი ძალა.

ორწლინახევარის შემდეგ, ნარუტო ბრუნდება ჯირაიას ვარჯიშიდან. ამ დროს აკაცუკი იწყებს მასიურ სპეც-ოპერაციას რომელიც ითვალისწინებს დატყვევებას ყველა კუდიანის, ანუ ჯინჩურიკების. გუნდი 7 და კონოჰას სხვა ნინძები იბრძვიან მათ წინააღმდეგ, ასევე ეძებენ ყოფილ თანასოფლელს სასკე უჩიჰას რომელმაც ორ წელზე მეტია დატოვა თავისი სოფელი კონოჰა. აკაცუკიმ წარმატებით მოახერხა შვიდი ჯინჩურიკის დატყვევება და მათი სხეულიდან კუდიანის ამობეჭდვა. (როდესაც კუდიანს და ჯინჩურიკს ვაცალკევებთ ერთმანეთისგან, ჯინჩურიკი კვდება) შესაბამისად კუდიანების ამობეჭდვისას მოკვდნენ ჯინჩურიკები გაარას გამოკლებით. გაარა დღეს-დღეობით უკვე კაზეკაგეა, ის ყველაზე ახალგაზრდა მმართველია ვინც კი ყოფილა შინობთა სამყაროში რომელმაც სულ რაღაც 14-15 წლის ასაკში მიიღო კაზეკაგეს ტიტული. ამასობაში სასკე ღალატობს ოროჩიმარუს და ამ ღალატის შემდეგ ის შურისძიების მიზნით იტაჩისთან მიდის პირისპირ საბრძოლველად და მან წარმატებით იძია მასზე შური. მას შემდეგ რაც იტაჩი სასკესთან ბრძოლისას გარდაიცვალა, სასკე აკაცუკის დამფუძნებლისგან, ტობისგან შეიტყობს იტაჩის შესახებ სიმართლეს, რომ იტაჩის თავისით არ მიუღია გადაწყვეტილება კლანის ამოხოცვის შესახებ, მან ეს ბრძანება მიიღო კონოჰას უხუცესებისგან, რომ გაენადგურებინა თავისი კლანი გადატრიალების თავიდან ასაცილებლად. მან მიიღო იგი იმ პირობით, რომ მას უფლება ექნებოდა ცოცხლად დაეტოვებინა თავისი უმცროსი ძმა სასკე. ამის გაგების შემდეგ სასკე სიძულვილით აღივსო საკუთარი სოფლის მიმართ და უერთდება აკაცუკის, რის შემდეგაც ქმნის საკუთარ გუნდს, რომ შურისძიების მიზნით გაანადგუროს კონოჰა. როდესაც კონოჰას ნინძები აკაცუკის რამდენიმე წევრს ამარცხებენ, აკაცუკის ლიდერი ნაგატო კლავს ჯირაიას და ანადგურებს კონოჰას, მაგრამ ის საბოლოოდ ნარუტომ შეაჩერა. ნარუტომ ამ ბრძოლით პირველი ნაბიჯი გადადგა ჰოკაგეობისაკენ, რადგან ხალხმა ამ ბრძოლის შემდეგ ის აღიარა და შეიყვარა, მას ამ ბრძოლის გამო სოფელში გმირადაც მოიხსენიებდნენ.

ნაგატოს სიკვდილის შემდეგ, ტობი ეცნობა ხალხს როგორც მადარა უჩიჰა (კონოჰას ერთ-ერთ დამფუძნებელი), მისი მიზანი ისევ ის იყო რაც აკაცუკის სურდა, ჩაებეჭდა ყველა კუდიანი, რათა შეესრულებინა ილუზია რომელიც საკმარისად ძლიერი იქნებოდა სამყაროს ილუზიაში მოქცევისთვის. ის თვლიდა, რომ მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ამ გზით იქნებოდა შესაძლებელი. ამის შემდეგ შინობთა ხუთივე სოფელი ერთიანდება და ყალიბდება როგორც საერთო ალიანსად, რის შემდეგაც იწყება შინობთა მეოთხე მსოფლიო ომი ამ გეგმის წინააღმდეგ. ხუთი კაგე ცდილობს ნარუტოს დაცვას რომელსაც სიმართლეს არ ეუბნებიან რადგან ის ერთ-ერთი ჯინჩურიკი იყო და ისინი მას გზავნიან დაცულ უკაცრიელ კუნძულზე დამალული ღრუბლის სოფლის მახლობლად, მაგრამ ნარუტომ საბოლოოდ სიმართლე შეიტყო და უკან დაბრუნდა რვა კუდას ჯინჩურიკთან, კილერ ბისთან ერთად. უკან დაბრუნებისას კი ნარუტომ მისი დახმარებით შეძლო და ისწავლა თავისი დემონის, ცხრა კუდას ჩაკრის გაკონტროლება, რის შემდეგაც ისინი ბრძოლის ველზე მიდიან.

ომის დროს გაირკვა, რომ ტობი სინამდვილეში არა მადარა უჩიჰა, არამედ კაკაშის ყოფილი გუნდელი, ობიტო უჩიჰა იყო რომელიც ყველას მკვდარი ეგონა. აღმოჩნდა, რომ ის მადარამ გადაარჩინა და ამის შემდეგ ერთად მოქმედებდნენ. მას შემდეგ რაც სასკე შეიტყობს კონოჰას ისტორიას, მათ შორის იმ გარემოებებსაც, რამაც გამოიწვია მისი კლანის დაცემა, იგი გადაწყვეტს დაიცვას სოფელი და კვლავ შეუერთდეს ნარუტოს და საკურას მადარასა და ობიტოს შეჩერებაში. მადარას სხეულს კაგუია ოცუცუკი იმორჩილებს. უძველესი პრინცესა, რომელსაც ჩაკრის შემქმნელადაც მოიხსნენიებენ, ის მთელი კაცობრიობის დამორჩილებას აპირებს. რეფორმირებული ობიტო მსხვერპლს სწირავს გუნდ 7-ს, მის შეჩერებაში. კაგუიას დაბეჭდვის შემდეგ მადარაც კვდება. სასკე იყენებს სიტუაციას და ყველა კუდიან მხეცზე იღებს კონტროლს, ის ამჟღავნებს თავის ახალ მიზანს, რომ გახდება ჰოკაგე და შეცვლის სოფელში არსებულ სისტემას. ნარუტო ამის გამო უპირისპირდება სასკეს და მათ შორის გაიმართა საბოლოო ბრძოლა. მას შემდეგ, რაც ისინი თითქმის კლავენ ერთმანეთს საბოლოო ბრძოლაში, სასკე დამარცხებას და ცოდვებს აღიარებს, მათ ამ ბრძოლისას ცალი ხელი დაკარგეს. ამ ყველაფრის შემდეგ, კაკაში ხდება მეექვსე ჰოკაგე და შეიწყალებს სასკეს დანაშაულებისათვის. რამდენიმე წელში კი კაკაში გადადგა ჰოკაგეობიდან, ხოლო ნარუტოს ცოლად მოჰყავს ჰინატა ჰიუგა და კაკაშის გადადგომის შემდეგ ის ხდება მეშვიდე ჰოკაგე, რომელიც ზრდის შემდეგ თაობას.

წარმოება

რედაქტირება

შექმნის ისტორია

რედაქტირება

1995 წელს, Shueisha-მ გამოსცა მოკლე მანგა სახელად კარაკური, რომლის ავტორიცაა მასაში კიშიმოტო. ამ მანგის გამოცემამ კიშიმოტოს წარმატება მოუტანა და მან 1996 წელს მიიღო ,,Hop Step Award" (იაპონ. ホップ☆ステップ賞) რომელიც არის ჟურნალ Shonen Jump-ის პრემია, ახალგაზრდა ავტორის ჯილდო, მაგრამ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მისი რედაქციები უარყო ჟურნალის გამომცემლობამ.[2] ბოლოს მან გადაწყვიტა დაეხატა ისტორია მის საყვარელ კერძზე — რამენზე. მანგას ორიგინალი ვერსია მთლიანად ეძღვნებოდა ლაფშების საიდუმლო ინგრედიენტებს, მაგრამ ,,მცირე” გამოცემის შემდეგ იგი გადაიქცა როგორც ,,ნარუტო'' — თქვა კიშიმოტომ.[2]

კიშიმოტოს თავდაპირველად სურდა, ნარუტო გამხდარიყო ბავშვი, რომელსაც შეეძლო მელად გადაქცევა, ამიტომ მან შექმნა ნარუტოს პატარა მანგა, რომელიც 1997 წლის ზაფხულს გამოსცა გამომცემლობა Akamaru Jump-ის იდეის საფუძველზე.[3][4] მიუხედავად დადებითი გამოხმაურებისა, რომელიც მან მკითხველების გამოკითხვის შედეგად მიიღო, კიშიმოტო უკმაყოფილო იყო ხელოვნებით და სიუჟეტით, ამიტომ მან იგი გადაწერა, როგორც ნინძების ამბავი.[5]

ნარუტოს პირველი რვა თავი კარგად იყო დაგეგმილი მანამ სანამ ის გამოიცემოდა Weekly Shōnen Jump-ში, თავდაპირველად ამ თავებში ყველაზე დიდი დრო დაეთმო სოფელ კონოჰას ილუსტრაციას, კიშიმოტოს თქმით, გარემო "ნარუტოს" სამყაროში სპონტანურადაა შექმნილი. კონოჰას ლანდშაფტი მან თავისი მშობლიური ქალაქის ოკაიამა პრეფექტურის ინსპირაციით დახატა.[5] მან ასევე გამოიყენა ჩინური ზოდიაქოს ტრადიცია, რომელსაც დიდი ხნის ისტორია აქვს იაპონიაში; ზოდიაქოს ხელის ნიშნები სწორედ აქედან მოდის. კიშიმოტო ნარუტოს მანგაში შეშფოთებული იყო იმის გამო, რომ ჩაკრა (ენერგიის წყარო, რომელსაც ნინძები იყენებენ ნარუტოში) სერიალს ძალიან იაპონურად აქცევდა, მაგრამ მას მაინც სჯეროდა, რომ ეს მაინც სასიამოვნოს გახდიდა მის წაკითხვას.[6] კიშიმოტო გოძილას თაყვანისმცემელია, სწორედ ეს იყო მისი ინსპირაცია, რომ შეექმნა კუდიანი მხეცები.[7] მან ასევე თქვა, რომ ნარუტოს I ნაწილში მთავარი თემაა ის, თუ როგორ მიიღებენ ადამიანები ერთმანეთს, რომელსაც ნათლად ვხედავთ ნარუტოს პერსონაჟის განვითარების მაგალითზე.[8]

მანგის II ნაწილისთვის კიშიმოტომ სცადა სიუჟეტი ადვილად შეენარჩუნებინა მკითხველისთვის და თავიდან აეცილებინა ტიპური მანგის სტილის გადაჭარბება.[9] იგი მიიჩნევს, რომ მისი ხატვის სტილი შეიცვალა "კლასიკური მანგას სახედან რაღაც უფრო რეალისტურიდან".[9]კიშიმოტოს სურდა, რომ დასრულებულიყო არკა, სადაც მონაწილეობდა სასკე უჩიჰა და მას სურდა თავისი ძმის მოძებნა. ეს შემდეგი ტომისთვის იყო გათვალისწინებული მაგრამ კიშიმოტომ ეს ყველაფერი ერთ ტომში მოაქცია და გადაწყვიტა, რომ ორმოცდამესამე ტომს უფრო მეტი თავი უნდა ჰქონოდა ვიდრე წინა სხვა ტომებს. ამის გამო, კიშიმოტომ ბოდიში მოუხადა მკითხველს, რადგან ორმოცდამესამე ტომი უფრო ძვირი იყო სხვა წინა ტომებთან შედარებით.[10]

პერსონაჟები

რედაქტირება

როდესაც მანგა ნარუტო მასაში კიშიმოტოს საუკეთესო ნამუშევარი გახდა, ინტერვიუში მან ისაუბრა პერსონაჟების შექმნის პროცესზე. ნარუტოს პერსონაჟები კიშიმოტომ სხვა შონენ მანგების ინსპირაციით შექმნა, მაგრამ ის შეეცადა, რომ მისი პერსონაჟები რაც შეიძლება განსხვავებული ყოფილიყო სხვებისგან.[11] პერსონაჟების გუნდებში დაყოფა მოხდა ისე, რომ თითოეულ გუნდს უნიკალური თვისებები ჰქონოდა. კიშიმოტომ ასევე სცადა, რომ გუნდის თითოეულ წევრს, გამოეჩინა საკუთარი უნიკალური ნიჭი და დაუცველობა.[12] რაც შეეხება მანგის დასასრულს, კიშიმოტომ ჯერ კიდევ 2006 წელს თქვა, რომ იგი ბევრს ფიქრობდა ბოლო თავის, ისტორიასა და ტექსტზე. ამასთან, ავტორმა აღნიშნა, რომ მის დასრულებას დიდი დრო დასჭირდებოდა, ვინაიდან კიდევ ბევრი პრობლემა არსებობდა, რომელთა მოგვარებაც აუცილებელი იყო თხრობის პროცესში.[13].

დასასრული

რედაქტირება

როდესაც სერიალიზაცია დაიწყო, კიშიმოტომ გადაწყვიტა, რომ ანიმე ნარუტოს და სასკეს ბრძოლით დასრულდებოდა. ამასთან, მისი აზრით, ეს ორი პერსონაჟი არ იყო ტოლი, რადგან პირველი (ნარუტო) არ იყო ომის მსხვერპლი, როგორც მეორე (სასკე), რომლის ოჯახი მოკლეს შესაძლო სამოქალაქო ომის შესაჩერებლად. ნაგატოს არკამ გზა გაუხსნა ნარუტოს დასრულებისკენ. ნაგატო როგორც, ბოროტმოქმედი გამოირჩეოდა ომის დაწყების და ნარუტოს მენტორის, ჯირაიას მკვლელობის გამო. ომის შიშის გამო, ნარუტოს ხასიათი და გამძლეობა უფრო გაძლიერდა მას მერე რაც ნაგატოს შეხვდა, თითქოს ის არ იქნებოდა ისეთი ძლიერი ომში, რომ არა ნაგატო. ეს მოვლენები იმით მთავრდება, რომ ნარუტო საბოლოოდ პატიობს სასკეს, როგორც მან აპატია ნაგატოს თავისი ცოდვები საბოლოო ბრძოლაში.

კიშიმოტომ მანგის ადრეული ეტაპიდან ნარუტოს ცხოვრების თანამგზავრად აირჩია ჰინატა ჰიუგა, ვინაიდან ჰინატა ნარუტოს ყოველთვის პატივს სცემდა და აღფრთოვანებული იყო სერიის დაწყებამდეც და სწორედ ამის გამო თვლიდა კიშიმოტო, რომ ეს ორი ურთიერთობის დამყარებას შეძლებდა. როდესაც ჰინატა პირველად გამოჩნდა, კიშიმოტო ფიქრობდა რომანტიკული გეგმების გაფართოებაზე სერიალში. მაგრამ გადაწყვიტა გადაეტანა ნარუტოს რომანტიკა ფილმში, სახელწოდებით - (2014) უკანასკნელი: ნარუტო, სადაც იგი მუშაობდა რომანტიკის თემაში გამოცდილ სცენარისტთან, მარუო კიოზუკასთან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ნარუტო არის მე-5 Shueisha-ს მანგა რომელსაც აქვს 100 მილიონი+ გაყიდვა. Anime News Network (2010-04-26). ციტირების თარიღი: 2010-06-14.
  2. 2.0 2.1 ნარუტოს მეათე წლისთავი!. მასაში კიშიმოტოს ფაილები. Viz Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-21. ციტირების თარიღი: 2010-06-16.
  3. კიშიმოტო, მასაში (2013). ნარუტო-ナルト-名言集 絆-კიზუნა- 天ノ巻 (იაპონური). Shueisha, გვ. 188–195. ISBN 978-4-08-720681-4. 
  4. „„SJ აწარმოებს Yu-Gi-Oh's End-ს, Slam Dunk-ის დებიუტს, ნარუტოს წარმოშობა““. Anime News Network. მაისი 11, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 25, 2016.
  5. 5.0 5.1 Gan, Sheuo Hui (2013). „ავტორი და ანიმე, როგორც ნარუტოს სერიალში ჩანს“, მანგას კულტურული გზაჯვარედინი. ჰობოკენი: ტეილორი და ფრენსისი. ჰობოკენი: ტეილორი და ფრენცისი, გვ. 226. ISBN 978-1-134-10283-9. 
  6. „ნარუტო: გვ. 68“. Shonen Jump-ის სპეციალური კოლექციონერის გამოცემა (უფასო კოლექტორული გამოცემა). Viz Media: 68. 2005. ISSN 1545-7818.
  7. გამოსამშვიდობებელი, ნარუტო: ფარდა ეფარება მსოფლიოს ყველაზე საყვარელ ნინძას. ნიპონის კომუნიკაციის ფონდი (დეკემბერი 26, 2014).
  8. კიშიმოტო, მასაში (2005). ნარუტო―ナルト―[秘伝・闘の書] (იაპონური). Shueisha, გვ. 310–311. ISBN 978-4-08-873734-8. 
  9. 9.0 9.1 „ნარუტო: ტომი 7“. Shonen Jump. Viz Media. 7 (11 #83): 16–17. ნოემბერი 2009. ISSN 1545-7818.
  10. კიშიმოტო, მასაში (2008). ნარუტო, ტომი 43. Viz Media, გვ. 1. ISBN 978-1-4215-2929-5. 
  11. უძუმაკი: ნარუტოს ხელოვნება. - ს. 138.
  12. უძუმაკი: ნარუტოს ხელოვნება. - ს. 141.
  13. ჰოკაგე საუბრობს // Shonen Jump, ივნისი 2006, № 42, ISSN 1545-7818.