წაულა
წაულა, ევროპული წაულა (ლათ. Mustela lutreola) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა.
წაულა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Mustela lutreola | |||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Critically Endangered : 14018 | |||||||||||||
|
გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ კავკასიაში, ურალის ქედის აღმოსავლეთ კალთებზე, აღწევს მდ. ირტიშამდე. საქართველოში მცირე რაოდენობით (ქვესახეობა კავკასიური წაულა) გვხვდება აფხაზეთში — ბზიფის ხეობაში, სოფ. ფსხუსთან.
ბინადრობს ტყით, ბუჩქნარით ან მაღალი ბალახით დაფარული მდინარეებისა და დიდი გამდინარე წყალსატევების სანაპიროებზე. ბუნაგს იკეთებს სოროში, რომლის ერთი გასასვლელი დაკავშირებულია წყალთან, მეორე — მიწის ზედაპირთან. სხეული ვიწროა, წაგრძელებული და მოქნილი, სიგრძე 28–43 სმ-მდეა, კუდი — 12– 19 სმ, მასა — 660–900 გ. ყურები მცირე ზომისაა, ფეხები — მოკლე, თითებს შორის გაჭიმულია საცურაო აპკი. ნახევრად წყლის ცხოველია, კარგად ცურავს და ყვინთავს. აქტიურია ღამით და შებინდებისას. სქესობრივად მწიფდება 1 წლის ასაკში, მძუნაობს აპრილ-მაისში, მაკეობს 45 დღე-ღამე, შობს 2–7 უსუსურ ნაშიერს. იკვებება თევზით, თაგვისებრი მღრღნელებით, პატარა ზომის ფრინველებით, ამფიბიებით, მწერებით, მცენარეთა ნაყოფით. აქვს მაღალი, უხეში, თხელი ბეწვი, თივთიკი რბილია, ფაფუკი, ღია წაბლისფერი, მოწითალო ელფერის. ბეწვი ძვირფასი ხარისხისაა. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენუქიძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 561.