ბოლოქაცვიასებრნი

(გადამისამართდა გვერდიდან Dasyatidae)

ბოლოქაცვიასებრნი[1] (ლათ. Dasyatidae) — თევზების ოჯახი ზღვის არწივისნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძე (კუდის ჩათვლით) 60–400 სმ-ია, სიგანე 2,5 მეტრამდე. თავი, ტანი და მკერდის ფარფლები წარმოქმნიან სკაროსებისათვის დამახასიათებელ ბრტყელ დისკს. სალაყუჩე ხვრელები სხეულის ქვედა მხარეზეა. ზურგის ფარფლები არ აქვთ ან (იშვიათად) ერთია და ჩანასახოვანი. კუდის განყოფილება წაგრძელებულია შოლტის მსგავსად, მასზე ერთი ან რამდენიმე დაკბილული ღარიანი ეკალია (ღარში განლაგებული უჯრედები გამოყოფენ შხამიან სეკრეტს). კანი ჩვეულებრივ შიშველია, იშვიათად ეკლიანი.[2] ცნობილია 20-მდე გვარი.[3] გავრცელებული არიან ტროპიკულ და სუბტროპიკულ, იშვიათად ზომიერ თბილ ზღვებში. ფსკერის თევზებია, ბინადრობენ შელფსა და თავთხელ წყლებში. Dasyatis-ის, Himantura-ისა და Pastinachus-ის გვარების რიგი სახეობები გვხვდება მდინარეებსა და ტბებში. კვერცხცოცხლადმშობი ორგანიზმებია. იკვებებიან მრავალჯაგრიანი ჭიებით, კიბოსნაირებით, თევზით.[2] საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებთან ყველგან გვხვდება ზღვის კატა.[4] ბოლოქაცვიების ნაჩხვლეტი ადამიანისათვის საშიშია. რიგ სახეობებს სარეწაო მნიშვნელობა აქვს.[2]

ბოლოქაცვიასებრნი

Dasyatis americana
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ხრტილიანი თევზები
ზერიგი: სკაროსები
რიგი:  ზღვის არწივისნაირნი
ოჯახი:  ბოლოქაცვიასებრნი
ლათინური სახელი
Dasyatidae (Jordan & Gilbert, 1879)
  1. Dasyatidae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. 2.0 2.1 2.2 Котляр А. Н. Хвостоколовые // Большая российская энциклопедия. т. 34. — М., 2017. — стр. 10.
  3. Last, P.R.; Naylor, G.J. & Manjaji-Matsumoto, B.M. (2016). „A revised classification of the family Dasyatidae (Chondrichthyes: Myliobatiformes) based on new morphological and molecular insights“. Zootaxa. 4139 (3): 345–368. doi:10.11646/zootaxa.4139.3.2. PMID 27470808.
  4. ზღვის კატა // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 549.