6 000 გარეჯელი მოწამე
6 000 გარეჯელი მოწამე — წმიდანი ექვსი ათასნი მოწამენი, დავით გარეჯის უდაბნოში მოწყვეტილნი (გ. 1616). საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანნი. ხსენების დღე ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.
6 000 გარეჯელი მოწამე | |
---|---|
დავით გარეჯის ლავრა დასაბამს VI საუკუნიდან იღებს და იმთავითვე ხდება საქართველოს სულიერებისა და კულტურის ერთ-ერთი ბრწყინვალე კერა. დავით გარეჯის ლავრას იქ მოღვაწე ბერ-მონაზონთა სიმრავლის გამო ბერთა ქალაქს უწოდებდნენ. ლავრა მრავალგზის დარბეულა მტერთა მიერ, მრავალი გარეჯელი მამა აღსრულებულა მოწამეობრივად, მაგრამ განსაკუთრებულია 1616 წლის აღდგომა ღამეს „სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვა“.
1615 წელს სპარსეთის შაჰ-აბასი დიდძალი ლაშქრით თავს დაესხა საქართველოს, ქვეყნის დაპყრობისა და აოხრების შემდეგ, იგი სანადიროდ გაემართა გარეკახეთის ველებში. გარეჯის სერის მთებში მას შემოაღამდა და იქვე დაბანაკდა მხლებლებთან ერთად. შუაღამისას შაჰის ყურადღება მიიპყრო შორს, მთაზე მოძრავმა ცეცხლოვანმა მწკრივმა. უსჯულოს თავიდან მოჩვენება ეგონა, მაგრამ შემდეგ აუხსნეს: ამ ადგილებში ბერები ცხოვრობენ, რომლებიც ახლა ქრისტეს აღდგომას აღნიშნავენ და ანთებული სანთლებით გარს უვლიან ეკლესიასო. შაჰმა ბრძანა, მონასტერში მეომრები გაეგზავნათ და ამოეხოცათ ბერები.
ამავე ღამეს ღვთის ანგელოზი გამოეცხადა დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარს არსენს და აუწყა: „უფალი ჩვენი იესო ქრისტე დღეს თავის ზეციურ სავანეში მოგიწოდებთ ყველას. ამ ღამით თქვენ დიდი გამოცდა გელით - მახვილით მოისრებით. ვისაც სურს, დაზოგოს თავისი დროებითი სიცოცხლე, დაე, გაიქცეს ან დაიმალოს, ხოლო ვისაც სწყურია იხსნას სული თვისი მარადისობისათვის, მახვილით მოწყდება და უფლის მიერ უხრწნელი გვირგვინით შეიმკობა. გამოუცხადე ღმრთის ეს მოწოდება სავანეში შეკრებილ ყველა ბერს“.
წინამძღვარმა ყველას აუწყა ჩვენების შესახებ და მამებმაც იწყეს მოწამეობრივი ღვაწლისთვის მზადება. მხოლოდ ორ მორჩილს შეეშინდა სიკვდილის და მონასტრის მოშორებით ერთ-ერთ მთაზე დაიმალა.
წირვის ბოლოს „მამაო ჩვენოს“ გალობისას სპარსი მეომრები გარს შემოერტყნენ სავანეს. მონასტრის წინამძღვარი მაშინვე გავიდა რაზმის მეთაურთან და თხოვა წირვის დასრულებისა და ზიარების ნება დაერთოთ საძმოსთვის.
სპარსელებმა მოითათბირეს და გადაწყვიტეს, მცირე დროის შემდეგ აღესრულებინათ შაჰის ბრძანება. მამებმა მიიღეს წმინდა ზიარება, ერთმანეთი გაამხნევეს და საზეიმოდ შემოსილები წარდგნენ უსჯულოთა წინაშე.
სპარსელებმა პირველად წინამღძვარს მოჰკვეთეს თავი, შემდეგ კი მხეცებივით დაერივნენ მამებს და უწყალოდ აჩეხეს ყველანი. ამ დროს სიკვდილის შიშით მონასტრიდან წასულმა ორმა მორჩილმა იხილა ზეციდან გარდამოსული ბრწყინვალე გვირგვინები, რომელთაგან ორი საწყალობლად ტივტივებდა ჰაერში. მორჩილები სასწრაფოდ დაბრუნდნენ უკან. სპარსელებმა ისინიც ნაკუწებად აჩეხეს და მიწაზე მიმოფანტეს ფრინველებისა და გარეული მხეცების შესაჭმელად. შემდგომ ამ ადგილას ამოვიდა ვარდის ბუჩქი, რომელიც XIX საუკუნეშიც ხარობდა, უწყლო, მშრალ და ქვიან ნიადაგზე.
მოგვიანებით ქართველთა მეფემ არჩილმა დიდი გულმოდგინებით შეაგროვა მოწამეთა ძვლები და ქვის დიდ საწნახელში მოათავსა ტრაპეზის მარცხენა მხარეს. წმიდა ძვლებიდან კეთილსურნელოვანმა მირონმა იწყო დენა.
წმიდა დავითისა და წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერთა ძმობამ თხოვნით მიმართა კათოლიკოს ანტონ I, შეედგინა მათთვის ღვთისმსახურება და მათ პატივსაცემად დაედგინა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- დეკანოზი ზაქარია (მაჩიტაძე), მანანა ბუკია, მაკა ბულია, „ქართველ წმიდანთა ცხოვრება“, თბილისი, 2004 წ.