ჟოან გამპერი
ჟოან გამპერი (ესპ. Joan Gamper, გერმ. Hans-Max Kamper; დ. 22 ნოემბერი, 1877, ვინტერტური, შვეიცარია — გ. 30 ივლისი, 1930, ბარსელონა, ესპანეთი) — შვეიცარიელი სპორტსმენი, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ დამაარსებელი, მისი ფეხბურთელი და პრეზიდენტი. ასევე მოიაზრება შვეიცარიული „ციურიხისა“ და „ბაზელის“ (რომლის კაპიტანიც თვითონ იყო) შექმნის ერთ-ერთ ინიციატორად.
კლუბში პრეზიდენტობის პერიოდი
რედაქტირება1908 წელს ჟოან გამპერი პირველად გახდა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ პრეზიდენტი, რადგან კლუბი დაშლის პირას იყო. ზოგიერთმა საუკეთესო მოთამაშემ კლუბი დატოვა და მათი შემცვლელის პოვნა იყო საჭირო. მალევე ამან მოედანსა და მის გარეთ კლუბის ქცევაზე მოახდინა გავლენა. კლუბს არაფერი მოუგია 1905 წლის შემდეგ და საბოლოოდ ფინანსური პრობლემები დაატყდა თავს. სწორედ 1905-ში გამპერმა გადაწყვიტა, სიტუაცია საკუთარი კონტროლის ქვეშ მოექცია და საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. სწორედ მაშინ წარმოთქვა მან ის სიტყვები, რომლებიც კლუბის აღზევების სიმბოლო გახდა:
„საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ არ შეიძლება მოკვდეს. და არც მოკვდება. თუ ახლა არავინ მოისურვებს კლუბის საქმეებით დაკავებას, ამას პირადად მე ვიზამ. დარწმუნებული ვარ, რომ მხარს დამიჭერენ ისინი, ვისაც ჩემში ეჭვი არ ეპარებოდა მაშინაც კი, როცა ფეხბურთი საერთოდ არანორმალურ საქმედ ითვლებოდა. დღეიდან მე მინდა დავივიწყო ის უსამართლობა და ტყუილი, რომლებმაც მაიძულა, ჩამოვშორებოდი კლუბის საქმეებს. მე მინდა ვიბრძოლო იმისთვის, რომ ერთხელაც ჩვენ კიდევ ერთხელ ყველანი ერთად დავდგეთ ფეხზე...“ (ამონარიდი ჟოან გამპერის გამოსვლიდან, 1908 წლის 2 დეკემბერს საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ დირექტორთა საბჭოს კრებაზე).
ჟოან გამპერი კლუბის პრეზიდენტი ხუთჯერ გახდა (1908-09, 1910-13, 1917-19, 1921-23 და 1924-25) და საერთო ჯამში „ბარსელონას“ 25 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
მისი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ისაა, რომ იგი „ბარსას“ საკუთარი სტადიონის შეძენაში დაეხმარა. 1909 წლამდე გუნდი სხვადასხვა მოედანზე თამაშობდა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ წარმოადგენდა კლუბის საკუთრებას. გამპერმა ადგილობრივი კომპანიებისგან ფულადი დახმარების მიღებას მიაღწია და 1909 წლის 14 მარტს „ბარსელონა“ გადაბარგდა სტადიონ „კარერა ინდუსტრიაზე“, რომელიც 6000 მაყურებელს იტევდა. გარდა ამისა, მან გააგრძელა კლუბში ახალი წევრების მოწვევის კამპანია და უკვე 1922 წლისთვის კლუბში 10 000-ზე მეტი ადამიანი იყო. ამის წყალობით „ბარსა“ სტადიონ „ლეს კორტსზე“ გადაბარგდა. თავდაპირველად მისი ტევადობა 20 000 ადგილს შეადგენდა, მაგრამ მოგვიანებით ის გააფართოვეს 60 000 ადგილამდე.
გამპერმა კლუბში მოიყვანა ლეგენდარული ფეხბურთელი პაულინო ალკანტარა და გატანილი გოლების რაოდენობით კლუბი მუდამ პირველი იყო, ხოლო 1917 წელს კლუბის მენეჯერი გახდა ჯეკ გრინველი. ამან საგრძნობლად გააუმჯობესა გუნდის თამაში.
გამპერის ეპოქაში „ბარსელონამ“ თერთმეტჯერ მოიგო კატალონიის ჩემპიონატი, აიღო ექვსი ესპანეთის თასი და ოთხი პირენეის თასი. გრინველის ნიჭის წყალობით, ალკანტარას გარდა, იმ გუნდში თავი გამოიჩინეს საგიბარბამ, რიკარდო ზამორამ, ხოსეპ სამიტიერმა, ფელიქს სესუმაგამ და ფრანც პლატკომ.
გამპერის ტიტულები „ბარსელონაში“ თამაშისას
რედაქტირება- 1 მაკაის თასი 1901-1902
- 1 ბარსელონას თასი 1902-1903
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გამპერის პროფილი დაარქივებული 2013-01-02 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- ადამიანი ტიჩინოდან. ჟოან გამპერი. დაარქივებული 2015-04-19 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
რედაქტირება- Rodes i Català, Agustí (2001) (in Catalan). Joan Gamper, una vida entregada al FC Barcelona. Barcelona: Ediciones Joica. pp. 270. ISBN 978-84-931884-5-0.
- Gamper Soriano, Emma (2008) (in Catalan). De Hans Gamper a Joan Gamper: una biografía emocional. Editorial El Clavell. pp. 252. ISBN 978-84-89841-48-2.