ჯონ რიჩარდ „ჯეკ“ გრინველი (დ. 2 იანვარი, 1884, ქრუკი, ინგლისი — გ. 20 ნოემბერი, 1942, ბოგოტა, კოლუმბია) — ინგლისელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. საფეხბურთო კარიერა დაიწყო 1901 წელს „ქრუკ თაუნში“, ასევე თამაშობდა „ბარსელონაში“. მწვრთნელის რანგში მოღვაწეობდა შემდეგ გუნდებში: „ბარსელონა“, „ვალენსია“, „ესპანიოლი“, ხიხონის „სპორტინგი“, „მალიორკა“, „კასტელონი“, „უნივერსიტარიო“, „სანტა ფე“ და პერუს ეროვნული ნაკრები.

კარიერის დასაწყისი

რედაქტირება

ჯეკ გრინველი დაიბადა მაღაროელთა ქალაქ ქრუკში 1884 წლის 2 იანვარს. მამამისი, როგორც ქალაქის მამაკაცთა უმრავლესობა, მუშაობდა ქვანახშირის მომპოვებელ მაღაროში. ჯეკი ახალგაზრდულ ასაკში მამასთან ერთად თავადაც იღებდა მონაწილეობას ქვანახშირის მოპოვებაში. პირველი საფეხბურთო კონტრაქტი მან 17 წლის ასაკში გააფორმა ადგილობრივ „ქრუკ თაუნთან“. გრინველმა ამ გუნდში 11 სეზონი დაჰყო. 1909 წელს სერ თომას ლიპტონის სახელობის საერთაშორისო თასზე მისმა გუნდმა წარმატებით იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა. ჯეკ გრინველის კარგი თამაში არ გამოპარვია ჟოან გამპერს, რომელიც კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტი იყო. მან გრინველი საკუთარ გუნდში 1912 წელს მიიწვია.

ბარსელონა

რედაქტირება

ჯეკ გრინველის დებიუტი ესპანურ გუნდში შედგა 1912 წლის 29 სექტემბერს „ესპანიასთან“ მოგებულ შეხვედრაში ანგარიშით 4-2. სადებიუტო გოლი კი დეკემბერში „ისპანია ვალენსიასთან“ გაიტანა(9-0). 1913–1914 წლების სეზონში გრინველმა 31 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მომდევნო სეზონში კი — 17 მატჩი და 3 გოლი. 1915–1916 წლების სეზონში ინგლისელი მოედანზე იშვიათად გადიოდა, რის გამოც მოთამაშის კარიერა დაასრულა და სამწვრთნელო დაიწყო.

მისი პირველი კლუბი სწორედ „ბარსელონა“ იყო, სადაც თანამემამულე ჯონ ბეროუს ნაცვლად დაინიშნა 1917 წელს. მთავარი მწვრთნელის რანგში მისი დებიუტი შედგა 7 ივლისს „ევროპასთან“. მატჩი ჯეკ გრინველის გუნდის გამარჯვებით დასრულდა (3–1). „ბარსელონასთან“ ერთად მან შეძლო 2 სამეფო თასისა და 5 კატალონიის ჩემპიონატის მოგება. მან გუნდი 1923 წელს დატოვა, თუმცა 1931 წელს დაბრუნდა და 2 წელი დაჰყო მთავარი მწვრთნელი პოსტზე.

ბარსელონას შემდეგ

რედაქტირება

„ბარსელონას“ დატოვების შემდეგ მან იმუშავა „ესპანიოლში“, „ვალენსიასა“ და ხიხონის „სპორტინგში“. ჯამში მან 1 სამეფო თასის, 1 კატალონიის ჩემპიონატისა და 1 ვალენსიის ჩემპიონატის მოგება შეძლო.

სამხრეთ ამერიკა

რედაქტირება

1938 წელს ჯეკ გრინველმა გადაწყვიტა ევროპის დატოვება და სამხრეთ ამერიკას მიაშურა, სადაც უნივერსიტარიოსა (1939–1940) და სანტა ფეში (1942) იმუშავა. ასევე წვრთნიდა პერუს ეროვნულ ნაკრებს (1939–1940).

გარდაცვალება

რედაქტირება

1942 წლის 18 ნოემბერს სანტა ფემ დერბიში დეპორტივო 10–3 გაანადგურა. ეს მატჩი ჯეკ გრიველისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. 2 დღეში, დილის სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ ინგლისელი მწვრთნელი 58 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. დაკრძალულია ბოგოტაში, კოლუმბიაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება