ჰანს-გეორგ ფონ ფრიდებურგი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰანს-გეორგ ფონ ფრიდებურგი (გერმ.:Hans-Georg von Friedeburg) (დ. 15 ივნისი 1895, სტრასბურგი — გ. 23 მაისი 1945, ფლენსბურგი) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, კრიგსმარინეს ადმირალი, წყალქვეშა ნავების ფლოტის მთავარსარდალი მეორე მსოფლიო ომის დროს და 1945 წელს ბერლინ-კარლსჰორტში გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციაზე ერთ-ერთი ხელისმომწერი.

ადმირალი ფონ ფრიდებურგი (მარჯვნიდან პირველი)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჰანს-გეორგ ფონ ფრიდებურგი დაიბადა 1895 წლის 15 ივნისს ქ. სტრასბურგში, რომელიც მაშინ გერმანიის იმპერიას ეკუთვნოდა. 1914 წელს იგი კაიზერლიხე მარინეს რიგებში შევიდა. პირველ მსოფლიო ომში გამოჩენილი მამაცობისათვის იგი 1917 წელს ლეიტენანტი გახდა და 1918 წლის ივნისში გადაიყვანეს წყალქვეშა ნავების ფლოტში. ომის დასასრულამდე ფრიდებურგი მსახურობდა წყალქვეშა ნავზე "SM-U 114".

პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იგი რაიხსმარინეს რიგებში დარჩა. 1932 წელს იგი რაიხსკანცლერ კურტ ფონ შლაიხერის რეფერანტი გახდა. 1933 წელს მას „კორვეტენკაპიტნის" ჩინი მიენიჭა და გადაიყვანეს რაიხსვერის სამინისტროში, ხოლო 1934 წელს ვერმახტის უმაღლეს მთავარსადლობაში. 1939 წლის 6 ივნისს ფრიდებურგი დაინიშნა წყალქვეშა ნავის „U 27"-ის მეთაურად, თუმც ამ პოსტზე მას დიდხანს არ უმსახურია და იმავე წლის 9 ივლისს გადაიყვანეს წყალქვეშა ნავების ფლოტის მეთაურ კარლ დენიცთან არსებული საორგანიზაციო განყოფილების შტაბსოფიცრის თანამდებობაზე. 1939 წლის სექტემბერში იგი ამ განყოფილებას ჩაუდგა სათავეში.

2 წლის შემდეგ, 1941 წლის სექტემბერში იგი წყალქვეშა ნავების ფლოტის ვიცე-ადმირალი გახდა. 1943 წლის 1 თებერვალს ფრიდებურგი ფლოტის მეთაურ ადმირალად დაინიშნა. 1945 წლის 1 მაისს ჰიტლერის სიკვდილის შემდეგ დიონიცმა მას გენერალ-ადმირალის წოდება მიანიჭა. იმავე წლის 4 მაისს ტიმელობერგში ბრიტანელების წინაშე მან ხელი მოაწერა ვერმახტს ჩრდილო-დასავლეთ არმიების ნაწილობრივ კაპიტულაციას. 1945 წლის 7 მაისს იგი დელეგაციის წევრი იყო ქ. რეიმსში, როცა გენერალ-პოლკოვნიკმა ალფრედ იოდლმა დასავლელ მოკავშირეების წინაშე გერმანიის ვერმახტის უსიტყვო კაპიტულაცია მოაწერა ხელი. 1945 წლის 8-9 მაისის ღამეს ბერლინ-კარლსჰორტში მან, როგორც კრიგსმარინეს წარმომადგენელმა საბჭოთა მთავრსარდლობის წინაშე რატიფიცირება გაუკეთა კაპიტულაციის ხელშეკრულებას.

მას შემდეგ, რაც ბრიტანელებმა მიურვიკის ზონაში მყოფი დენიცის მთავრობის და ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობის წევრების დაპატიმრებები დაიწყეს, 1945 წლის 23 მაისს ჰანს-გეორგ ფონ ფრიდებურგმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

1945 წლის 17 იანვარს იგი დაჯილდოვდა ორდენით - „სამხედრო დამსახურებისათვის ჯვრის" რაინდის ჯვარი ხმლებით. მისი შვილი ლუდვიგ ფონ ფრიდებურგი ცნობილი გერმანელი სოციოლოგია და 1969-1974 წლებში ჰესენის კულტურის მინისტი იყო.