ჰალაფის კულტურა
ჰალაფის კულტურა — ძვ. წ. VI ათასწლეულის დასასრულსა და V ათასწლეულის ადრესამიწათმოქმედო კულტურა ჩრდილოეთ მესოპოტამიაში (ერაყი, სირიის ჩრდილოეთის რაიონები, თურქეთი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი). დასავლეთით მისი გავრცელების საზღვრებია მდინარე ევფრატის მარჯვენა სანაპირო, გავლენა კი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს აღწევს. აღმოსავლეთით ვრცელდება დიდი ზაბის აუზამდე, სამხრეთით — მოსულის რაიონამდე, ჩრდილოეთით — ვანის ტბის მიდამოებამდე და დიარბაქირამდე. ერთეულების სახით ჰალაფის კულტურის ჭურჭელი ამიერკავკასიაშიც გვხვდება (ქიულთეფე I).
ეპონიმური ძეგლი თელ-ჰალიფი (Tel-Halaf) მდებარეობს მდინარე ხაბურის ნაპირას, სირიისა და თურქეთის საზღვარზე. 1911 — 1914 გათხარა მაქს ოპენჰაიმმა. ქვედა ფენაში (4 მ სიმძლავრის) გამოვლინდა მანამდე უცნობი სტილის მოხატული კერამიკა. შედარებით მცირე ზომის ნამოსახლარები მდებარეობს მდინარის პირას ან მის მახლობლად. დამახასიათებელია წრიული, ზოგჯერ ოთხკუთხა კორიდორისებრმინაშენიანი სახლები. თიხატკეპნითა და ალიზით ნაგები შენობები ზოგჯერ ქვის საძირკველზე დგას. გათხრილია აგრეთვე ქურები და ღუმელები, სამეურნეო სათავსები. განირჩევა კულტურის 2 ვარიანტი: აღმოსავლეთის (არპაჩია, თეფე-ღავრის ქვედა ფენები და სხვა) და დასავლეთისა (თელ-ჰალაფი, ჩაგარ-ბაზარი, ტურლუ და სხვა). ამ ორი ზონის შუა ნაწილამდე, სინჯარის ველზე, არის ნამოსახლარი იარიმ-თეფე II, რომელიც ორივე ვარიანტის ელემენტებს მოიცავს (გათხარიეს 1969—1976, სსრკ ექსპედიცია, რ. მუნჩაევი, ნ. მერპერტი).
ჰალაფის კულტურის მეურნეობა დაფუძნებული იყო მიწათმოქმედებასა (სპელტა, ორმაცვალა და რბილი ხორბალი, კილიანი, უკილო და ბოთლისებური ქერი) და მესაქონლეობაზე (შინაური მსხვილფეხა რქის საქონელი, თხა, ცხვარი, ღორი, ძაღლი და ვირი). ჰალაფის კულტურის ყველაზე დამახასიათებელი ელემენტია ბრწყინვალედ მოხატული კერამიკა. განვითარების ადრინდელ საფეხურზე გვხვდება შედარებით ნატურალისტური მცენარეული და ცხოველური სახეები. ხშირია აგრეთვე გეომეტრიული მოტივები, შესრულებული შავი ან წითელი საღებავით ღია ვარდისფერ ფონზე. განვითარების შუა საფეხურზე ფართოდ გავრცელდა „ორმაგი ცულისა“ და მალტური ჯვრის გამოსახულებანი.
გვიანდელ საფეხურზე აღმოსავლეთი ვარიანტის ძეგლებზე გავრცელებული იყო პოლიქრომულად მოხატული, ცენტრში როზეტიანი თეფშები. აღმოჩენილია აგრეთვე მოხატული ანთროპომორფული და ზოომორფული ჭურჭელი. გავრცელებულია ქალის სქემატური ქანდაკებები, რომლებიც ზოგჯერ ზოლებითა და ჯვრებითაა მოხატული. დამახასიათებელია სხვადასხვა ფორმის („ორმაგი ცული“, ფალოსი, ფრინველი) საკიდები, სახლების მოდელები, საბეჭდავები, კაჟის, ობსიდიანისა და ძვლის შრომის იარაღი, ლითონის ნაწარმი იშვიათია. ვანის ტბიდან შეტანილი ობსიდიანი და ინდოეთის ოკეანის ნიჟარები ფართო სავაჭრო ურთიერთობაზე მიუთითებს.
ჰალაფის კულტურისა და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის, კერძოდ ქვემო ქართლის, ადრინდელი სამიწათმოქმედო ძეგლებს შორის გარკვეული მსგავსება შეინიშნება როგორც წრიულ არქიტექტურაში, ისე ანთროპომორფულ ქანდაკებებსა და კერამიკულ ფორმებში. წარმომავლობის თვალსაზრისით ამ მსგავსებათა ახსნა ჯერჯერობით დაუდგენელია.
ჰალაფის კულტურა შეცვალა ობეიდის კულტურამ.
ლიტერატურა
რედაქტირება- კიღურაძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 594.
- Мунчаев Р. М., Мерперт Н. Я., Раннеземледельческие поселения Северной Месопотамии, М., 1981;
- Oppenheim M. F. Tell Halaf, Bd 1-4, В., 1943-62