ჯუნიჩირო ტანიძაკი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯუნიჩირო ტანიძაკი (იაპონ. 谷崎 潤一郎, Tanizaki Jun'ichirō) 一 მეოცე საუკუნეში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იაპონელი მწერალი, ესეისტი, პუბლიცისტი და დრამატურგი. მისი ლიტერატურული ნამუშევრების თემატიკა მონაცვლეობს სექსუალური და ეროტიკული აკვიატებებიდან დაწყებული, ოჯახური ცხოვრების დინამიკის აღწერით დამთავრებული, რომელიც, ძირითადად, XX საუკუნის იაპონურ საზოგადოებაში განვითარებული სწრაფი სოციალური ცვლილებების ფონზე ვლინდება. ხშირად, მის ნაწარმოებთა დიდი ნაწილი კულტურული იდენტობის ჩარჩოებში აღიქმება, რომელშიც ერთმანეთს ერწყმიან დასავლური და იაპონური ფასეულობები. მრავალი კრიტიკოსი მას, ნაცუმე სოსეკის შემდეგ, მეოცე საუკუნის საუკეთესო იაპონელ ნოველისტად მოიაზრებს.[1]

ჯუნიჩირო ტანიძაკი
谷崎 潤一郎

ტანიძაკი 1951 წელს
დაბადების თარიღი 24 ივლისი, 1886
დაბადების ადგილი ტოკიო
გარდაცვალების თარიღი 30 ივლისი, 1965
გარდაცვალების ადგილი კანაგავის პრეფექტურა
საქმიანობა მწერალი
ენა იაპონური ენა
ეროვნება იაპონელი
მოქალაქეობა იაპონია
 იაპონიის იმპერია
ალმა-მატერი ტოკიოს უნივერსიტეტი
ჟანრი ფიქცია, დრამა, ესეები, მუნჯი ფილმის სცენარები.
Magnum opus ნაზი თოვა
ჯილდოები Mainichi Publication Culture Award, ასაჰის პრემია, კულტურის ორდენი, კულტურის დამსახურებული მოღვაწე და Mainichi art award
მეუღლე Matsuko Tanizaki
შვილ(ებ)ი 2

1964 წელს, მის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, იგი ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, სხვა ექვს მწერალთან ერთად.[2][3]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება
 
სტუდენტი ტანიძაკი (მარცხნივ) და მისი მთავარი ლექტორი, ნიტობე ინაზო, 1908 წელი.

ტანიძაკი ქვეყნიერებას ტოკიოში, ნიჰონბაშიში მოევლინა, შეძლებული ვაჭრის ოჯახში. ბიძამისი განაგებდა სტამბას, რომელიც, იქამდე, ტანიძაკის ბაბუას შეუქმნია. მისი მშობლები იყვნენ კურაგორო და სეკი ტანიძაკები. მისი უფროსი ძმა, კუმაკიჩი, დაბადებიდან სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა, რამაც ჯუნიჩირო ოჯახის მომდევნო უფროსი ვაჟი გახადა. ის სხვა ექვს დედმამიშვილს შორის იზრდებოდა (სამი ძმა და სამი და), საკუთარი ცხოვრების ადრეულ პერიოდზე კი ის დეტალურად თავის დოკუმენტურ ნაწარმოებში - ბავშვობის წლები“ (1956) - ჰყვება. 1894 წელს ტოკიოში მომხდარი მიწისძვრის გამო მისი მშობლიური კერა განადგურდა. მწერალი მოგვიანებით იხსენებდა, რომ სწორედ სიყრმეში მომხდარმა ამ ამბავმა განაპირობა მისი პანიკური შიში მიწისძვრების მიმართ. მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. გაუარესების ეს პროცესი კი მანამ გრძელდებოდა, სანამ ის იძულებული გახდა, ერთ-ერთ ოჯახში აღმზრდელად დაეწყო მუშაობა.

მკვეთრი ფინანსური დესტაბილიზაციის მიუხედავად, მან მაინც შეძლო სწავლისთვის ხელი მოეკიდა. ის ტოკიოს რიგით პირველ საშუალო სკოლაში შევიდა, სადაც ისამუ იოშის, მომავალ დრამატურგსა და პოეტს, გაეცნო. 1908 წლიდან, ტანიძაკი ირიცხება ტოკიოს სიამპერატორო უნივერსიტეტში, თუმცა, უსახსრობის გამო, სამ წელიწადში, 1911 წელს სწავლის მიტოვება მოუწია.

ადრეული ლიტერატურული კარიერა

რედაქტირება
 
ტანიძაკი 1913 წელს, მისი ლიტერატურული დებიუტიდან მალევე.

ტანიძაკიმ თავისი ლიტერატურული კარიერა 1909 წელს დაიწყო. მის პირველ ნამუშევარს ერთმოქმედებიანი სასცენო პიესა წარმოადგენდა, რომელიც ადგილობრივ ლიტერატურულ ჟურნალში დაიბეჭდა. მან სახელი პირველად 1910 წელს გამოქვეყნებული მოთხრობით - „ტატუისტი“ - გაითქვა. მოთხრობის მთავარი გმირი ქალია, რომელსაც ტატუისტი სხეულზე გიგანტურ ობობას დაახატავს. ამის შემდეგ, ქალის სილამაზე იძენს დემონურ, დამაჯერებელ ძალას, რომელშიც ეროტიზმი შეწყმულია სადომაზოხიზმთან. ამ ე.წ. „საბედისწერო ქალის“ თემას ტანიძაკის სხვა არაერთ მოთხრობაში შევხვდებით, მათ შორის კირინი (1910), შონენი ("ბავშვები", 1911), ჰიმიცუ (საიდუმლო, 1911) და აკუმა (ეშმაკი, 1912). ტანიძაკის სხვა ნაწარმოებები, როგორებიცაა შინდო (1916) და ონი ნო მენ (1916), ტაისიოს პერიოდშიც ქვეყნდებოდა.

 
ჯუნიჩირო და აიუკო ტანიძაკები, 1938 წელი.

ტანიძაკიმ პირველად იქორწინა ჩიო იშიკავაზე, რომლისგანაც ერთადერთი შვილი, აიუკო შეეძინა. მიუხედავად ამისა, ქორწინება ბედნიერი არ გამოდგა. ჯუნიჩირო ხელს უწყობდა საკუთარი ქალიშვილისა და მისი კოლეგა პოეტის, ჰარუო სატოს ურთიერთობის გაღრმავებას. ამ პერიოდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა კარგადაა აღწერილი მის რამდენიმე ადრეულ ნაწარმოებშიც, მათ შორის პიესაში - რადგან მე ის მიყვარს (1921) - და ნოველაში - ღმერთებს და ადამიანებს შორის (1924). მიუხედავად იმისა, რომ მისი რამდენიმე ნაწარმოების ინსპირაციას რეალური პიროვნებები და გარემოებები წარმოადგენენ, ის თანამედროვეთა შორის ყველაზე ნაკლებად ავტობიოგრაფიული მწერალი იყო. მოგვიანებით, ტანიძაკიმ აიყვანა ემიკო, მისი მესამე მეუღლის, მაცუკო მორიტას ქალიშვილი.

 
ტანიძაკის მემორიალური დაფა მშობლიურ ქალაქ ტოკიოში.

1918 წელს ტანიძაკი მოგზაურობს ჩოსენში, ჩრდილოეთ ჩინეთსა და მანჯურიაში. მის ადრეულ წლებში, ის შეყვარებული ხდება დასავლეთზე და ყველაფერ თანამედროვეზე. ამავე პერიოდს ემთხვევა მისი 1922 წელს ოდოვარადან იოკოჰამაში ჰგადახვეწა, სადაც ის, ერთგვარად, ბოჰემური სტილის ცხოვრებას ეზიარება. ეს გამოცდილება აისახა კიდეც მის რამდენიმე ადრეულ ნაწარმოებშიც.

ტანიძაკის, ასევე, ჰქონდა ხანმოკლე კარიერა მუნჯ კინოში, კერძოდ, ის მუშაობდა სცენარისტად ტაიკაცუს კინოსტუდიაში. ის იყო ე.წ. „სუფთა კინოს“ მოძრაობის მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იაპონური კინემატოგრაფიის განვითარებაში, მოდერნისტული პასაჟებისა და თემების შემოტანით.[4] მას ეკუთვნის სცენარები ფილმებისთვის სამოყვარულო კუბი (1922) და გველის ლტოლვა (1923) (უედა აკინარის ამავე სახელწოდების მქონე მოთხრობის ეკრანიზაცია, რომელიც, თავის მხრივ, საფუძვლად დაედო კენჯი მიზოგუჩის 1953 წლის ფილმს - ნისლიანი მთვარე წვიმის შემდეგ). ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ტანიძაკის ურთიერთობამ კინოსთან მისი მთლიანი კარიერის გააზრება გახადა შესაძლებელი.[5]

 
ტანიძაკის სახლ-მუზეუმი კობეში.

ტანიძაკის ლიტერატურულმა რეპუტაციამ აღმავლობა 1923 წელს დაიწყო, როცა ის დიდი კანტოს მიწისძვრის შემდეგ ქალაქ კიოტოში გადავიდა. სტიქიურმა შემთხვევამ მისი სახლი დააზიანა, თავად ავტორი ამ დროს ქალაქგარეთ იმყოფებოდა და დაზიანებას გადაურჩა. მიწისძვრამ უამრავი გამორჩეული შენობა დააზიანა ტოკიოში, რამაც გამოიწვია მისი იაპონური ინფრასტრუქტურის მიმართ ენთუსიაზმით განწყობა, კერძოდ კი კანსაის რეგიონით დაინტერესდა. სტიქიის შემდეგ მანდ განაახლა თავისი ლიტერატურული მოღვაწეობა და დაიწყო თავის პირველ ფართომასშტაბიან რომანზე - ნაომი (1924) - მუშაობა, რომელიც წარმოადგენს იაპონური სოციალური კლასების ერთგვარ ტრაგიკომედიურ აღწერას, გასხივოსნებული მრავალი სექსუალური და კულტური თემის შერწყმით. ტანიძაკიმ კიდევ ერთხელ იმოგზაურა ჩინეთში, სადაც გაიცნო გუო მორუო, მისი თანამედროვე ჩინელი პოეტი და დრამატურგი, რომელთან ერთადაც ის ხშირად აწარმოებდა მიმოწერას. 1943 წელს ტანიძაკი კიოტოდან კობეში გადავიდა.

კანსაის დიალექტით შთაგონებულმა ტანიძაკიმ დაწერა ნაწარმოები სწრაფი ქვიშა (1928-1929), რომელშიც სხვა თემებთან ერთად იკვლევდა ლესბოსელობას. ამას მოჰყვა შემდგომი ნაწარმოების - ზოგიერთს ჭინჭრები ურჩევნია (1928-1929) - გამოცემა, რომელიც ასახავს ოსაკას მახლობლად მცხოვრები ტოკიოელი კაცის თვითგამორკვევას დასავლური გავლენით მოდერნიზაციასა და იაპონურ ტრადიციებთან მიმართებაში. მისი მომდევნო არაერთი ნაწარმოები აერთიანებს ტრადიციულ იაპონურ ერთეტიკას ტანიძაკისთვის დამახასიათებელ, არაერთ რამდენადმე ტაბუდადებულ თემატიკასთან.

მისი განახლებული ინტერესი კლასიკური იაპონური ლიტერატურის მიმართ კულმინაციას აღწევს მას შემდეგ, რაც ის მეთერთემტე საუკუნეში დაწერილ, მურასაკი შიკიბუს მაგნუმ ოპუსს - ამბავი უფლისწული გენჯისა - თანამედროვე იაპონურ ენაზე თარგმნის. მალევე, ის იწყებს თავის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებზე - ნაზი თოვა - მუშაობას (ინგლისურ თარგმანში "დები მაკიოკები"), რომელიც ასახავს მეორე მსოფლიო ომის ფონზე არსებულ მდიდარი ოსაკელი ვაჭრის ქალიშვილთა ისტორიას. ისინი საკმაოდ კოსმოპოლიტურ ცხოვრებას ეწევიან, რაც, განსაკუთრებით, ევროპელი მეზობლების მიმართ დამოკიდებულებაში ვლინდება, არ განიცდიან არავითარ კულტურულ-იდენტური სახის კრიზისს, რომელიც, იქამდე, ჩვეული იყო ტანიძაკის შემოქმედებაში არსებული გმირებისთვის. როდესაც მან რომანის სერიულად გამოქვეყნება დაიწყო, ლიტერატურული ჟურნალის რედაქტორები გააფრთხილეს, რომ ეს დიდად სრულებით არ წაადგებოდა საომარ სულისკვეთებას და, ქაღალდის მარაგის დაკარგვის შიშით, სერიებად ბეჭდვა შეწყდა.[6]

1942 წელს ტანიძაკი საცხოვრებლად საკურორტო ქალაქ ატამიში გადადის, თუმცა 1946 კიოტოში ბრუნდება.

ომის შემდგომი პერიოდი

რედაქტირება
 
ტანიძაკი 1948 წელს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტანიძაკი კვლავ გამოჩნდა ლიტერატურულ დიასპორაში, მოიგო რა მრავალი ლიტერატურული ჯილდო და გააგრძელა სამწერლობო მოღვაწეობა. გარდაცვალებამდე იგი ფართოდ განიხილებოდა, როგორც თანამედროვეობის უდიდესი იაპონელი მწერალი. 1948 წელს მან მოიგო პრესტიჟული ასაჰის ჯილდო, დაჯილდოვდა კულტურის ორდენით იაპონიის მთავრობის მიერ 1949 წელს, ხოლო 1964 წელს აირჩიეს ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის საპატიო წევრად, რითაც გახდა პირველი იაპონელი მწერალი, რომელმაც მსგავსი ტიტული მოირგო.

მისი პირველი მთავარი ომისშემდგომი ნამუშევარი იყო კაპიტან შიგემოტოს დედა (1949–1950), რომელიც იმეორებს ტანიძაკისთვის ჩვეულ თემას - ვაჟის დედისადმი ლტოლვას - და მის ხელახალ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. რომანს, ასევე, შემოაქვს თემა სექსუალობით აღსავსე სიბერის შესახებ, რომელმაც კვლავ გაიდგა ფესვი ავტორის მომდევნო სხვა ნაწარმოებებში, როგორიცაა გასაღები (1956). ეს უკანასკნელი არის ფსიქოლოგიური რომანი, რომელშიც მოხუცი პროფესორი აიძულებს საკუთარ მეუღლეს მრუშობას, რათა საკუთარი სექსუალური სურვილები გააძლიეროს.

1950 წელს ტანიძაკი ბრუნდება ატამში და იაპონიის მთავრობის მიერ კულტურული მნიშვნელობის პიროვნებად სახელდება. 1958 წლიდან მას მარჯვენა ხელის დამბლა განუვითარდა და 1960 წელს, სტენოკარდიის გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტანიძაკის გმირებს ხშირად ახასიათებთ აკვიატებული ეროტიკა და სურვილები. მის ერთ-ერთ ბოლო ნაწარმოებში - შეშლილი მოხუცის დღიური (1961–1962) - მთავარ გმირს სექსუალური აღგზნებისგან მიღებული გადაჭარბებული გრძნობისგან განვითარებული ინსულტი აწუხებს. ის აღწერს როგორც საკუთარ წარსულ გამოცდილებებს, ისე მის ამჟამინდელ მცდელობას, მოისყიდოს საკუთარი რძალი, რათა დაიკმაყოფილოს საკუთარი სექსუალური სურვილები. 1964 წელს ტანიძაკი საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ იუგავარაში, ტოკიოს სამხრეთ-დასავლეთით, სადაც გარდაიცვალა გულის შეტევით იმავე წლის 30 ივლისს, 79 წლის ასაკში. განსვენებულია კიოტოში, ჰონენ-ინის ტაძარში.

მემკვიდრეობა

რედაქტირება

ტანიზაკის პრემია იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოა. დაარსდა 1965 წელს გამომცემლობის კომპანია Chūō Kōronsha-ს მიერ. პრემიით ყოველწლიურად ჯილდოვდებიან მხატვრული თუ დრამატურგიული ნაწარმოების შექმნისთვის.

ჯუნიჩირო ტანიძაკი ომისშემდგომი პერიოდის „დიდი იაპონური სამეულის’’ წევრობას იასუნარი კავაბატასთან და იუკიო მიშიმასთან ერთად ინაწილებდა.[7]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  1. https://www.goodreads.com/author/show/6263.Jun_ichir_Tanizaki
  2. Nomination Database
  3. Four Japanese were nominees for ’64 Nobel literature prize: documents - Japan Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-28. ციტირების თარიღი: 2023-11-24.
  4. See Bernardi.
  5. See Lamarre.
  6. Jansen, Marius B. (2000). The Making of Modern Japan, p. 643.
  7. Karashima, David (2020-09-23). „When Murakami Came to the States“. The Paris Review (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2021-09-02.