ნისლიანი მთვარე წვიმის შემდეგ

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნისლიანი მთვარე წვიმის შემდეგ, ასევე ცნობილია, როგორც ნისლიანი მთვარე (იაპონ. 雨月物語) — 1953 წლის იაპონური ფენტეზის ჟანრის რომანტიკული დრამა, რომელიც უედა აკინარის 1776 წლის ამავე სახელწოდების ზღაპრების კრებულს ეფუძნება. ფილმის რეჟისორია კენძი მიძოგუტი. მთავარ როლებს მასაიუკი მორი და მაჩიკო კიო ასრულებენ.

„ნისლიანი მთვარე წვიმის შემდეგ
雨月物語“

თეატრალური პოსტერი
რეჟისორი კენძი მიძოგუტი
ეფუძნება „ნისლიანი მთვარე წვიმის შემდეგ“ — უედა აკინარი
როლებში მასაიუკი მორი
მაჩიკო კიო
კინუიო ტანაკა
დისტრიბუტორი Daiei Film
გამოსვლის თარიღი 26 მარტი, 1953 (1953-03-26) (იაპონია)
ხანგრძლივობა 94 წუთი
ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
ენა იაპონური

ფილმი უედას შემდეგი მოთხრობების სიუჟეტს იმეორებს: „სახლი ტევრში“ და „თეთრი ასპიტის ვნება“. მოქმედება აძუტი-მომოიამას პერიოდის იაპონიაში ხდება. ფილმი ფერმერი და მეთუნე გლეხის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც სამოქალაქო ომის პერიოდში ცოლსა და მცირეწლოვან ვაჟს ტოვებს, რათა ქალაქში თავისი ნაწარმი გაყიდოს. მას თან ახლავს მეგობარი, რომელიც ოცნებობს, რომ დიდებული სამურაი გახდეს.

ფილმის მთავარი თემებია ომის ეთიკა, გაწყვეტილი ურთიერთობები სულიერ სამყაროსთან და ოჯახური ვალდებულებების უარყოფა. ვენეციის 1953 წლის კინოფესტივალზე ფილმმა ვერცხლის ლომი მიიღო. „ნისლიანი მთვარე“ კრიტიკოსების მიერ იაპონური კინოს შედევრადაა აღიარებული. ფილმმა ხელი შეუწყო იაპონური კინოს დასავლურ სამყაროში პოპულარიზაციას[1] და გავლენა მოახდინა მომდევნო პერიოდის იაპონურ კინოზე.

სამსახიობო შემადგენლობა

რედაქტირება
 
მასაიუკი მორი, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს
  • მაჩიკო კიო — ქალბატონი ვაკასა
  • მიცუკო მიტო — ოჰამა
  • კინუიო ტანაკა — მიაგი
  • მასაიუკი მორი — გენძურო
  • ეიტარო ოზავა — ტობეი

პროფესორი მარტა ნოჩიმსონის მიხედვით, ფილმის ყველაზე გავრცელებული ინტერპრეტაციით, მიძოგუტის მიზანს წარმოადგენდა გამოეხატა სინანული საომარი ექსტრემიზმის მხარდაჭერისთვის მის 1941 წლის პროპაგანდისტულ ფილმში „47 რონინი“.[2]

ბრიტანელი კინოკრიტიკოსის, ტონი რეინსის მიხედვით, ფილმში ამბიციური კაცის მიერ ოჯახის უარყოფის წარმოჩენა ფეოდალურ იაპონურ კულტურაში ისტორიული კაცის ფიგურის კრიტიკას ემსახურება.[3] გენძურო ვერ აფასებს თავის ცხოვრებისეულ მდგომარეობას, რომელსაც ოჯახის მიტოვებით კარგავს.[4]

ინგლისელი კინოკრიტიკოსი რობინ ვუდი მიიჩნევს, რომ გენძუროს სამეთუნეო საქმიანობა სამ ეტაპად ვითარდება, რაც კინემატოგრაფიის მიმართ რეჟისორის დამოკიდებულებას ასახავს. თავდაპირველად გენძურო თიხის ჭურჭლის კეთებას კომერციული მიზნებით იწყებს, ქალბატონ ვაკასასთან ყოფნის პერიოდში მისთვის მთავარი ესთეტიკა ხდება, ხოლო დასასრულს მისი მიზანი შემოქმედების საშუალებით ცხოვრების ასახვაა.[5]

კრიტიკული გამოხმაურება

რედაქტირება
 
კომპოზიტორი ფუმიო ჰაიასაკა, რომელმაც ფილმის მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა

„ნისლიანი მთვარე“ იაპონური კინოს შედევრად[6] და მისი ოქროს ხანის უკანასკნელ ნიმუშად მიიჩნევა.[1] „ნისლიანი მთვარე“ ერთ-ერთი ისეთი ფილმია, რომლებიც დასავლურ სამყაროში უფრო პოპულარულია, ვიდრე იაპონიაში. ამის შესახებ იაპონელი კინოისტორიკოსი ტადაო სატო აღნიშნავს, რომ თავიდანვე განსაზღვრული იყო, ფილმს საერთაშორისო კინოფესტივალებზე წარმატებისთვის მიეღწია და დასავლელი მაყურებლისთვის მისი, როგორც „ეგზოტიკური“ პროდუქტის მიწოდება არ იგეგმებოდა.[7]

დასავლურ სამყაროში ფილმს დადებითად შეხვდნენ. კინოკრიტიკოსმა დონალდ რიჩმა მას „იაპონური კინოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი“ უწოდა. აგრეთვე მან ფილმის გამხსნელი და ბოლო კადრების სილამაზესა და მორალური ქვეტექსტის შესახებ გაამახვილა ყურადღება.[8] ჟურნალ Variety-ის გუნდმა ფილმის ვიზუალური მხარე, კოსტიუმების და გადასაღები მოედნის დიზაინი და მსახიობთა შესრულების დონე შეაქო.[9]

„ნისლიანი მთვარე“ ჟურნალ Sight & Sound-ის ყველა დროის საუკეთესო ფილმების გამოკითხვაში 1962 წელს მეხუთე,[10] ხოლო 1972 წელს მეათზე ადგილზე მოხვდა.[11] საიტზე Rotten Tomatoes ფილმს 100%-იანი რეიტინგი აქვს.[12] რეჟისორმა მარტინ სკორსეზემ „ნისლიანი მთვარე“ თავის საყვარელ ფილმებს შორის დაასახელა.[13] კინოკრიტიკოსმა პოლინ კეილმა ფილმს „დახვეწილი, ძალადობრივი და ჯადოსნური“ უწოდა.[14] 2000 წელს „ნისლიანი მთვარე“ ჟურნალ The Village Voice-ის XX საუკუნის 100 საუკეთესო ფილმის სიაში 29-ე ადგილზე მოხვდა.[15]

ჯილდოები

რედაქტირება

1953 წლის ვენეციის კინოფესტივალზე ფილმმა ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისორისთვის მიიღო.[16] ამავე წელს ჟურნალ Kinema Junpo-ს ათი საუკეთესო იაპონური ფილმის სიაში „ნისლიანი მთვარე“ მესამე ადგილზე დასახელდა.[17] ფილმმა მაინიტის მე-8 კინოფესტივალზე ორ ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება.[18] ოსკარის 28-ე დაჯილდოებაზე „ნისლიანი მთვარე“ საუკეთესო კოსტიუმების დიზაინის ნომინაციაში იყო წარდგენილი.[19]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 McDonald, Keiko. Ugetsu. The Criterion Collection. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 October 2012. ციტირების თარიღი: 31 December 2012.
  2. Nochimson 2011, p. 213
  3. Nochimson 2011, p. 214
  4. Stone 2009, p. 173
  5. Wood 2006, p. 288
  6. Lopate, Phillip. Ugetsu: From the Other Shore. The Criterion Collection. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 October 2012. ციტირების თარიღი: 31 December 2012.
  7. Satō 2006, p. 236
  8. Wakeman 1987, p. 799
  9. Staff. (31 December 1952) Review: 'Ugetsu Monogatari'. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 December 2016. ციტირების თარიღი: 12 December 2016.
  10. Sight and Sound Poll 1962: Critics. California Institute of Technology. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 February 2012. ციტირების თარიღი: 29 May 2009.
  11. BFI/SIGHT & SOUND: CRITICS' TOP TEN POLL 1972.
  12. Ugetsu monogatari (1953). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 January 2017. ციტირების თარიღი: 30 June 2019.
  13. Scorsese's 12 favorite films. Miramax. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 December 2013. ციტირების თარიღი: 25 December 2013.
  14. Kael 1991, p. 802
  15. 100 Best Films of the 20th Century Village Voice Critics' Poll. filmsite.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 June 2016. ციტირების თარიღი: 20 January 2013.
  16. McDonald 1984, p. 104
  17. Watanabe Shihai-jin no oshaberi shinema: "Mizoguchi Kenji: Ugetsu Monogatari". NHK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 October 2011. ციტირების თარიღი: 14 January 2013.
  18. Ugetsu Monogatari. Motion Picture Producers Association of Japan website. Motion Picture Producers Association of Japan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 July 2015. ციტირების თარიღი: 19 January 2013.
  19. THE 28TH ACADEMY AWARDS 1956. Academy of Motion Picture Arts and Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 July 2011. ციტირების თარიღი: 13 December 2016.