ჯანდიერების კოშკი

ჯანდიერების კოშკი — მდებარეობს კახეთის რეგიონში, ქ. ახმეტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. განეკუთვნება XVIII საუკუნეს. კოშკური ტიპის საცხოვრებელი სახლი მარნით ჯანდიერების საკუთრება ყოფილა. ნაგებია ნატეხი ქვით. 1950 წელს შეაკეთეს. ამჟამად საბრძოლო ბანი გადაკეთებულია სხვენად და გადახურულია კრამიტის ორფერდა სახურავით.

კოშკი (12,5 X 8,5 მ) გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ წაგრძელებული, გარედან კუთხემომრგვალებული სწორკუთხედია. შედგება ერთმანეთისაგან კედლით გამიჯნული, ორი არათანაბარი ნაწილისაგან. ორივე ნაწილი ამჟამად სამსართულიანია, მაგრამ სართულთა დონეები ერთმანეთს არ ემთხვევა. ერთი ნაწილის სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა გამართული (შემორჩენილია კოჭების ბუდეები). ხოლო მეორე ნაწილში კამაროვანი გადახურვებია გამოყენებული და სართულებიც უფრო მაღალია. პირველ სართულზე მარანია. მეორე სართულზე ყრუ კედლით გამიჯნული ორი სათავსია, რომლებიც სხვადასხვა დონეზე მდებარეობის გამო ერთმანეთს კედლის სისქეში არსებული კიბით უკავშირდება. მესამე სართულის დიდი ოთახის აღმოსავლეთ კედელში ორი, ხოლო სამხრეთის და ჩრდილოეთისაში თითო განიერი სარკმელია.

შენობის კოშკურა ნაწილის მესამე სართულ სანახევროდაა შემორჩენილი. სართულის დასავლეთ კედელში სამი, ხოლო სამხრეთ კედელში ერთი დაბალი ნიშია. ყველა ნიშში თითო შეწყვილებულ სათოფურია. ჩრდილოეთ კედლის ღერძზე ნახევარწრიული ბუხარია, რომლის ორივე მხარეს თითო სათოფურია. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში კიბის უჯრედში შესასვლელია, რომელიც მოზრდილი ნაწილის IV სართულზე ადის. შენობის მოზრდილი ნაწილის მეოთხე სართული ყრუკედლებიან ღია ბანს წარმოადგენდა. შემორჩენილია კედლების მცირე ნაწილები. გარედან ორივე ნაწილი ერთ მთლიან აბრისშია მოქცეული. ამ ტიპს სხვა ნაგებობების მსგავსად შენობის ორნაწილედობა გარედან ასახულობაშიც იყო გამოვლენილი და მისი ორსაფეხურიანი სილუეტი ციხე-სიმაგრისათვის დამახასიათებელი ქონგურებით იყო დაგვირგვინებული.

ლიტერატურა

რედაქტირება